ნინო მაღრაძე

1.რა  არის თქვენთვის მოტივაცია?

ჩემი მოტივაციაა ვაკეთი საქმე, რომელიც მხოლოდ ჩემთვის არ იქნება ღირებული და სარგებელს მოუტანს სხვებსაც. ჩემი მამოძრავებელი ყოველთვის გლობალური იდეები იყო. როცა ვიცი, რამდენ ადამიანს გავუადვილებ და გავუუმჯობესებ ცხოვრებას, პასუხისმგებლობა და საქმის ბოლომდე მიყვანის სურვილი უფრო მემატება.

 

2.რატომ  გადაწყვიტეთ გამხდარიყავით David Kenchadze Consulting Group-ის  გუნდის წევრი?

ეს არ არის მხოლოდ საკონსულტაციო ჯგუფი. ეს არის სივრცე, სავსე შესაძლებლობებით, გამოწვევებით, გუნდურობით და ერთმანეთისთვის გვერდში დგომით. მეტი მიზეზი არც დამჭირვებია, რომ ამ გუნდის წევრობა გადამეწყვიტა.

 

3.როგორი განცდაა, როდესაც მომხარებელი იღებს იმაზე კარგ შედეგებს, ვიდრე ელოდა?

ძალიან მაგარი გრძნობაა, როდესაც ჯერ გენდობიან, საქმეს განდობენ  და შემდეგ შენს შედეგებს აფასებენ და აღიარებენ. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი მაკვირვებს. ყოველთვის ვიცი, რომ იმაზე მაგარ შედეგს დავდებთ, ვიდრე ვთანხმდებით. როცა ამხელა გამოცდილების მქონე გუნდი მყავს გვერდით, ნაკლების მოლოდინი არც მაქვს.

 

4.მართალია, რომ თითოეულ კლიენტს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ გექნებათ თქვენი მეთოდი, რომელიც ხშირად ამართლებს

დიახ, ყველას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. თუმცა ცოტა მეუცხოება, როცა მათ კლიენტებს უწოდებენ. მე კომპანიებთან ვმეგობრობ. და ეს მეგობრობა პირველივე შეხვედრიდან იწყება. ხშირად ვუზიარებთ ხოლმე გამოცდილებას, შეხედულებებს, ვსაუბრობთ სხვადასხვა გამოწვევაზე და მისი გადაჭრის გზებზე. ამ მეთოდს მე უფრო ადამიანურ ურთიერთობებს დავარქმევდი. მიყვარს შეხვედრები, საუბარი იმ ადამიანებთან, ვინც გადაწყვიტა თავისი იდეა რეალობად ექცია და უამრავი წინააღმდეგობის მიუხედავად ააშენა კომპანია, რომელსაც დიდი შესაძლებლობები აქვს. გაზრდის შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს და ძალიან მიხარია, რომ ჩვენ საკმაოდ დიდი წვლილი შეგვაქვს საერთო მიზნების მიღწევაში და ძალიან მაგარ საქმეში.

 

5.მოგვიყევით ცოტა რამ თქვენი გამოცდილების შესახებ

ჩემი გამოცდილება ISIE “აიესაით” (ინტელექტისა და განათლების საერთაშორისო სკოლა) დაიწყო. ვიყავი წევრი და შემდგომ ამ კომპანიის პრეზიდენტი. ჩემი წვლილი შემქონდა ახალგაზრდების განვითარებაში არაფორმალური განათლების კუთხით. მათზე ზრუნვა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდანაც გავაგრძელე, სადაც აქტიურად ვიყავი საორგანიზაციო საქმეებში ჩართული. რამდენიმე თვე ვიყავი კორპორატიული მენეჯერი. შემდეგ კი მოვედი აქ, სადაც ყოველი დღე გამოცდილებაა. სხვათა შორის, მთელი გუნდი ყოველ საღამოს  ერთმანეთს ვუზიარებთ “რა ვისწავლეთ დღეს”. თქვენ წარმოიდგინეთ ყოველი დღე განსხვავებულია და ყოველთვის არის სიახლეების მომტანი. ყოველ დღე ვსწავლობთ და ვიზრდებით.