არასდროს მიუდგეთ კრიტიკულად სწავლის პროცესს


გამოცდილებაზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მოტივირებულნი არიან მიიღონ მეტი ცოდნა, ნებისმიერ ახალ ინფორმაციას უდგებიან ყურადღებით და პოზიტიურად, იქნება ეს ლექციები თუ სემინარები და ზრუნავენ თვითგანვითარებაზე, თუმცა ამავდროულად არიან ისეთებიც, რომლებიც მათთვის პროდუქტიულ დროს ფუჭად კარგავენ.


სამწუხარო რეალობაა, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები, რომლებიც კითხულობენ ბესტსელერებს საკუთარი თავის მართვაზე, დასკვნის სახით ამბობენ, რომ ეს წიგნები ამერიკელებისთვის ან ევროპელებისათვისაა განკუთვნილი, საქართველოში კი ამ რჩევებს ვერ გამოიყენებენ, რადგან ვერ მიიღებენ დაპირებულ შედეგს, ისინი უბრალოდ ვერ გაამართლებს და ა.შ. ასევე არიან ადამიანები, რომლებიც ტრენინგებზე გამოთქმულ ახალ მოსაზრებებს ამტყუნებენ და კონტრარგუმენტები მოყავთ იმისათვის, რომ დაამტკიცონ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება. საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად მოყავთ მაგალითებიც, მაგრამ თუ დაუსვამთ მათ კითხვას - რამდენად ხშირია ასეთი შემთხვევები? გამოარკვევთ, რომ ასეთი შემთხვევები ათასიდან ერთხელ ხდება. მაგრამ ასეთ ადამიანებს ურჩევნიათ ისაუბრონ გამონაკლისებზე ნაცვლად იმისა, რომ იფიქრონ, ისწავლონ და გააანალიზონ ის სიტუაციები, რომლებიც გაცილებით უფრო ხშირად ხდება.

რა თქმა უნდა, თქვენც აღმოჩნდებით თქვენი კარიერის განვითარების მანძილზე მსგავს სიტუაციაში, მაგრამ არასდროს შეხედოთ საკითხებს კრიტიკულად. შეეცადეთ მიიღოთ მის შესახებ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია წიგნებისა და სპიკერებისაგან, რომლებიც აზიარებენ საკუთარ ცოდნას, იმ შემთხვევაშიც კი, როცა რამეს არ დაეთანხმებით და იფიქრებთ, რომ საქართველოში ეს არ იმუშავებს ჩაინიშნეთ, გატესტეთ და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიტანეთ დასკვნები.

პირადი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, რომ კარიერის საწყის ეტაპზე მეც აღმოვჩნდი ანალოგიურ სიტუაციაში: არ მჯეროდა, რომ ეს საინტერესო რჩევები, რომელსაც წიგნებში ვკითხულობდი და წარმატებული პროფესიონალებისაგან ვისმენდი საქართველოშიც გამოდგებოდა, რისი მიზეზიც იმ დროისათვის შესაბამისი გამოცდილების არქონა იყო. მაგრამ მას შემდეგ, რაც უბრალოდ გავითვალისწინე ეს რჩევები მივხვდი, რომ ვცდებოდი. მიღებული გამოცდილების შემდეგ ვცდილობ ყველანაირი ახალი ინფორმაციის მიღებისას პირველ რიგში მასში დავინახო პოზიტიური და საინტერესო სიახლე, გამოვიყენო ეს რეალობაში და მხოლოდ მას შემდეგ გავაკრიტიკო ის, როცა პრაქტიკაში განხორციელების შედეგად დავინახავ მის რეალურ უკუკავშირს.

თუ თქვენ რეალურად გსურთ საკუთარი თავისა და კარიერის განვითარება, ნუ გააკრიტიკებთ სიახლეებს, გამოცადეთ ისინი რეალობაში, მიიღეთ პრაქტიკაზე დაფუძნებული გამოცდილება და გაიზიარეთ რჩევები. ნუ შეუშინდებით ახალ იდეებს, ისინი თქვენ დაგეხმარებიან გახდეთ წარმატებული პროფესიონალი თქვენს სფეროში.

| გააზიარე
მოგწონთ?