როგორ ვაქციოთ ჰობი/მცირე ბიზნესი შემოსავლიან საქმიანობად


წლების განმავლობაში მიღებული პრაქტიკიდან მივედი საინტერესო დასკვნამდე, რომელიც მინდა გაგიზიაროთ დღევანდელ სტატიაში. ვხვდები ბევრ ადამიანს, რომელთაც აქვთ კარგი პროდუქტი და საინტერესოდ შეუძლიათ ამა თუ იმ ნაწარმის დამზადება. თითოეული მათგანი დარწმუნებულია, რომ შეუძლია საკუთარი ბიზნესის უკეთ განვითარება, მაგრამ პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ რეალურად შეუძლებელია საქართველოს ბაზარზე წარმატებული ბიზნესის ჩამოყალიბება იმ ვიწრო მიმართულებით, რომელშიც ისინი არიან. რატომ ხდება ასე?

პასუხი მარტივია - საქართველოს ადგილობრივი ბაზარი და მათ შორის ის ტურისტები, რომლებიც შემოდიან ქვეყანაში არ არის საკმარისი იმისათვის, რომ გაზარდოთ გაყიდვები იმ რაოდენობამდე, რომ ბიზნესი მომგებიანი გახდეს. თუმცა მხოლოდ ჩვენ ხომ არ ვართ ამ მდგომარეობაში? არის ძალიან ბევრი ქვეყანა და ბევრი ნიჭიერი ადამიანი, რომელთაც შეუძლიათ საინტერესო პროდუქტის წარმოება, მაგრამ უჭირთ მთავარი ამოცანის გადაჭრა -  გაყიდვები. მათ შეუძლიათ გააკეთონ კარგი პროდუქტი, თუმცა არ იციან როგორ გაყიდონ ის. ჩემი რჩევა მდგომარეობს შემდეგში - თუ აწარმოებთ რაიმე პროდუქტს, ისწავლეთ როგორ უნდა გაყიდოთ ეს პროდუქტი. შემდეგ ეტაპზე კი ეს ყველაფერი პრაქტიკაში განახორციელეთ.

ამისათვის მარტივ რჩევას მოგცემთ - დღეისათვის, როდესაც გლობალიზაცია დიდ შესაძლებლობებს გვაძლევს, აქტიურად უნდა გამოიყენოთ ინტერნეტ სივრცე. თუნდაც ebay, Amazon, საკუთარი ბლოგი ან საიტი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ამა თუ იმ პროდუქტის გაყიდვა. თანამედროვე გზავნილების სისტემა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ განვახორციელოთ ნებისმიერი ტვირთის გაგზავნა საქართველოდან სხვა ქვეყანაში. ბუნებრივია ეს ხარჯებთანაა დაკავშირებული, თუმცა ეს ხარჯი ყოველთვის არის გათვალისწინებული ფასში, რომელსაც კლიენტი იხდის.

მეორე მნიშნელოვანი გამოწვევა, რომელიც შესაძლოა დღევანდელი გლობალიზაციის პირობებში გამოიყენოთ არის პირდაპირი გაყიდვა. ამ შემთხვევაში საჭიროა მოიძიოთ კომპანია, რომლისთვისაც საინტერესო იქნება თქვენი პროდუქტი უცხოეთში. უნდა დაუკავშირდეთ, გაუგზავნოთ საცდელი ნიმუშები და დაიწყოთ თანამშრომლობა. მესმის, რომ ეს ძალიან მარტივად ჟღერს, მაგრამ რეალობაშიც საკმაოდ მარტივია. თუ დავაკვირდებით როგორ ხდება ამა თუ იმ პროდუქტის შემოტანა საქართველოში ნახავთ, რომ ეს ზუსტად იგივე პრინციპით ხდება სხვა ქვეყნებშიც. მაგალითად, გერმანულ კომპანიაშიც არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, როგორ გაიტანონ საკუთარი პროდუქტი ექსპორტზე, ისინი ელოდებიან, როდის დაუკავშირდებიან კომპანიები სხვა ქვეყნებიდან და სთხოვენ თანამშრომლობას. უბრალოდ, გერმანული ბრენდები გაცილებით პოპულარული და ცნობადია. შესაბამისად თვითონ ელოდებიან დაკავშირებას კლიენტების მხრიდან, თუმცა ამის მიუხედავად თავადაც ცდილებენ პარტნიორობის გაბმას სხვა კომპანიებთან.

ამ შემთხვევაში შეგიძლიათ გააკეთოთ იგივე თქვენც. დაიწყოთ მოლაპარაკებები, გააგზავნოთ საცდელი ნიმუშები, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი ააწყოთ სადისტრიბუციო მიმართულება სხვადახსვა ქვეყნებში. გახსოვდეთ, იმისათვის რომ გააფორმოთ 1 კონტრაქტი, მოლაპარაკებები უნდა დაიწყოთ მინიმუმ 10 პოტენციურ პარტნიორთან სხვადასხვა ქვეყანაში.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ხართ ის ადამიანი, ვინც კარგ პროდუქტს აწარმოებს და თუ ბოლომდე დაიხარჯებით დასახული მიზნის მისაღწევად ამას აუცილებლად შეძლებთ, რადგან თუ სხვას შეუძლია განავითაროს საკუთარი ბიზნესი ასე, ესე იგი თქვენც შეგიძლიათ ამის გაკეთება.

 

| გააზიარე
მოგწონთ?