როგორ გავხდეთ კლიენტებზე ორიენტირებულები?


როდესაც ვსაუბრობთ კომპანიის მოგების ზრდაზე, წარმოუდგენელია ამ საკითხს შევეხოთ სერიოზულად ისე, რომ არ ვისაუბროთ ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტზე, რომელიც მის ზრდას უზრუნველყოფს. საუბარი ეხებს კლიენტს.

ყველამ კარგად იცის, რომ კლიენტი ძალიან მნიშვნელოვანია, არსებობს ფრაზაც, რომ „კლიენტი ყოველთვის მართალია“ და ესეც ბევრისთვის არის ცნობილი და აქვე მინდა დავძინო, რომ კლიენტი ყველა წარმატებული კომპანიისთვის არის მეფე. თუმცა პრობლემა არის ის, რომ ძალიან ბევრი ამას აღნიშნავს თათბირების დროს, ფურცლებზე და ეს ყველაფერი არის მხოლოდ ცარიელი სიტყვები.

იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვსურს, რომ კომპანია მართლაც გახდეს ფოკუსირებული კლიენტზე, ჩვენ ეს ყველაფერი უნდა დავნერგოთ ჩვენს მეთოდოლოგიაში, მიდგომებში და ის, რომ კლიენტი ძალიან მნიშვნელოვანია, უნდა იგრძნობოდეს ყველა ჩვენს ქმედებაში.

წარმატებული კომპანიები ყოველთვის ამახვილებენ კლიენტებზე ყურადღებას და ყოველთვის ბევრს აკეთებენ მათი კეთილდღეობისთვის. პასუხისმგებელი მათ კმაყოფილებაზე კი არიან უშუალოდ თანამშრომლები, შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ ყველა თანამშრომელს ჩაუტარდეს მუდმივი ქოუჩინგი ამ საკითხთან დაკავშირებით.

ასევე მინდა აღვნიშნო, სამწუხაროდ ბევრ კომპანიაში არ არის კარგად განსაზღვრული კლიენტთან ურთიერთობის წესები, რა უნდა გააკეთოს მომსახურე პერსონალმა ან თუნდაც ბექ ოფისმა, რომ კლიენტმა თავი იგრძნოს მართლაც მეფედ.

კარგ შემთხვევაში, ზოგიერთ კომპანიაში არის გაწერილი გარკვეული საკითხები, რომლებიც მოიცავს სტანდარტულ ქცევას თანამშრომლების მხრიდან, თუმცა კლიენტს ვერ მივანიჭებთ ბედნიერებას სტანდარტული მომსახურებით. მნიშვნელოვანია, რომ მას მივცეთ მეტი და ნებისმიერ არასტანდარტულ შემთხვევებშიც კი, შეგვეძლოს სიტუაციის სწორად მართვა.

როდესაც მთელი გუნდი ფოკუსირებულია კლიენტის ლოიალურობაზე, ამ შემთხვევაში მათი მოქმედებაც შესაბამისია და კლიენტი ნამდვილად გრძნობს გასაკუთრებულ დამოკიდებულებას. ხოლო როდესაც კლიენტი გრძნობს განსაკუთრებულ მოპყრობას, ის ხდება ძალიან ერთგული და სურს მუდმივად ისარგებლოს თქვენი სერვისით.

რატომ გვჭირდება გვყავდეს კლიენტზე ორიენტირებული თანამშრომლები ეს ყველასთვის გასაგებია, ხოლო თუ რა უნდა გავაკეთოთ ასეთი თანამშრომლების ყოლისათვის პასუხი არის შემდეგი: პირველ რიგში დაუსვით შეკითხვა საკუთარ თავს, რა ამოტივირებს თქვენს კლიენტს, რა მოსწონს, რა აგრძნობინებს მას თავს განსაკუთრებულად, რა შემთხვევაში ურჩევს ის თქვენ თავს საკუთარ მეგობარს და შემდეგ ამ კითხვებზე მიღებული პასუხებიდან გამომდინარე ჩამოაყალიბეთ გარკვეული სამოქმედო გეგმა.

შექმენით კულტურა, რომლის მიხედვითაც თქვენი თანამშრომლები შეძლებენ მაღალი დონის მომსახურებას და მალევე დაინახავთ, როგორ შეიცვლება თქვენი კლიენტების დამოკიდებულება თქვენი კომპანიისადმი უკეთესობისკენ.

| გააზიარე
მოგწონთ?