ვიზრუნოთ მომავალ თაობაზე


მოგესალმებით მეგობრებო, გიბრუნდებით ახალი თემით, რომელთანაც დიდი ხანია შეხება მაქვს და ვაკვირდები პროცესებს.


დარწმუნებული ვარ თქვენი შვილების მომავალზე ყველას გიფიქრიათ და სურვილიც გექნებოდათ, რომ ეცხოვრათ კარგ და წარმატებულ ქვეყანაში. მინდა შევეხო ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს. ყველა სტუდენტს არ აქვს იმის შესაძლებლობა ისწავლოს მსოფლიო დონის ევროპულ ან ამერიკულ უნივერსიტეტში. მაგრამ განა ჩვენ ქართველებს არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ გავზარდოთ მომავალი თაობები? ძალიან ბევრ ქართველ ახალგაზრდას უბრალოდ არ ჰყავს პიროვნება, რომელიც პიროვნულ ზრდაში დაეხმარება ან უბრალოდ ცხოვრებისეულ და კარიერულ სწორ მიმართულებას მისცემს.

სტუდენტები საკმაოდ საინტერესო საზოგადოებაა გახსნილი გონებით. შეიძლება დავარქვა გამოუწრთობი ფოლადი, რომელიც კარგი დამუშავების შედეგად შესანიშნავი პროდუქტს მოგვცემს. მოგეხსენებათ, ხშირი შეხება მაქვს სტუდენტებთან ტრენინგების კუთხითაც და ამავდროულად მასტერ კლასების ჩატარების მხრივაც. ეს არის მოტივირებული ახალგაზრდების ერთი დიდი ჯგუფი, რომელსაც სჭირდება კარგი განათლება და ერთი პატარა ბიძგი. ჩნდება შეკითხვა ვინ უნდა გააკეთოს ეს? ვინ უნდა მისცეს მათ განათლება თუ უნივერსიტეტებში ვერ იღებენ შესაბამის ცოდნას, უფრო სწორედ ისეთ განათლებას, რომლის საშუალებითაც სამსახურის დაწყება არ გაუჭირდებათ. თითქმის ყოველდღიური შეხება მაქვს მათთან. საკმაოდ მოტივირებული არიან, მაგრამ არ იციან რაში დახარჯონ ენერგია და იდეები. რა თქმა უნდა, არსებობენ სტუდენტები, რომელთაც არ აინტერესებთ ამ ეტაპზე არანაირი კარიერა, მაგრამ დამიჯერეთ დღევანდელ ცხოვრებაში მონდომებული ახალგაზრდებიც საკმაოდ ბევრია. მათ სურთ მწვერვალების დაპყრობა, უბრალოდ ვერ ხვდებიან ეს როგორ გააკეთონ. დამერწმუნებით ჩვენი კარიერის საწყის ეტაპებზე არც ჩვენ ვიყავით ძალიან გამოცდილები, მაგრამ ყოველთვის იყო ადამიანი ვისაც რჩევას ვკითხავდით. ამ საზოგადოებასაც სწორედ ასეთი ადამიანები სჭირდება. დიდი გამოცდილების მქონე ადამიანები, კარგი მენეჯერები, წარმატებული ლიდერები, რომელთაც არ დაეზარებათ მომავალი თაობების გვერდით დგომა.

მინდა გამოვიდე ესეთი ინიციატივით - ყველა კომპანიამ აიყვანოს სტაჟირებაზე 3-4 სტუდენტი. რას მოგიტანთ ეს ყველაფერი? თქვენ გეყოლებათ მოტივირებული ახალგაზრდები, რომლებიც მუდმივად შეეცდებიან თავი გამოიჩინონ და გააკეთონ საქმე იმაზე კარგად ვიდრე თქვენ სთხოვთ ამას. ისინი დაგეხმარებიან თქვენ დამატებითი საქმის გაკეთებაში და ამ პერიოდის განმავლობაში არ მოგთხოვენ გასამრჯელოს. ამავდროულად 6 თვეში თქვენ მიიღეთ გამოზრდილ თანამშრომელს, რომელსაც ზუსტად ისეთი უნარები ექნება, როგორიც თქვენ გჭირდებათ. მემგონი დამეთანხმებით, რომ ეს ყველაფერი ძალიან კარგია კომპანიისთვის, ხომ ასეა? წარმოიდგინეთ რა მოხდება თუ ყველა კომპანია ამას გააკეთებს? მაშინ 5-6 წელიწადში ქვეყნას ეყოლება იმაზე მეტი მაღალი დონის პროფესიონალი, ვიდრე ოდესმე ჰყოლია, რაც ბუნებრივად ძალიან დაეხმარება ქვეყანას ეკონომიკის განვითარებაში. რამდენიც არ უნდა ვაანალიზოთ მგონია, რომ საქართველოს ეკონომიკური პრობლემის მთავარი მიზეზი საბოლოოო ჯამში პროფესიონალების ნაკლებობაა.

მოდით დღესვე დავიწყოთ ამ პრობლემის მოგვარება, საკუთარ ბიზნესში აღმოჩენილი პრობლემის მოგვარებას ხომ მაშინვე ვიწყებთ? მაშინ რატომ არ უნდა დავიწყოთ ისეთი პრობლემების მოგვარება, რომელიც მთელ ქვეყანას ეხება?

პ.ს ძალიან ბედნიერი ვიქნები თუ ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ 1 ახალი კომპანია მაინც მიიღებს გადაწყვეტილებას და დაიწყებს სტაჟირების პროგრამას სტუდენტებისთის.

| გააზიარე
მოგწონთ?