გაყიდვების კონსულტანტი ზარაში


მაღაზიების უმეტესობის სერვისით, სადაც პირადად მიწევს ხოლმე სიარული, ხშირ შემთხვევაში ძალიან უკმაყოფილო ვრჩები, რადგან მაღაზიაში შესვლისას არ გაქცევენ სათანადო ყურადღებას, ან პირიქით, კონსულტანტი ზედმეტად  დაგყვება ყველგან და ეს ძალიან გამაღიზიანებელია კლიენტებისთვის. ჩვენს ქვეყანაში არსებული ცუდი სერვისი რეალურად განპირობებულია ძალიან ბევრი ფაქტორით: კომპანიის იმიჯით, მენეჯმენტით, გაყიდვებში მომუშავე ადამიანების  ცოდნით, გამოცდილებით და სხვადასხვა ხედვით.

მაგრამ, ამ თვალსაზრისით, მე მინდა,  გამოვყო ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად გამორჩეულია სხვებისგან. ეს არის ხათუნა გელაშვილი, რომელიც გახსნის პირველივე დღიდან მუშაობს ზარაში. ის თავდაპირველად გაყიდვების კონსულტანტი იყო, ხოლო შემდეგ მისი მონდომებისა და პროფესიონალიზმის  წყალობით დააწინაურეს. მე  მინდა ყურადღება გავამახვილო მის მუშაობის სტილზე გაყიდვების განხორციელების თვალსაზრისით, რაც განასხვავებს მას კოლეგებისგან. ხათუნა ყოველთვის ცდილობს შექმნას მუდმივი კლიენტები, მისი მიზანი არათუ მხოლოდ ერთჯერადი გაყიდვაა, არამედ ყიდის ისე, რომ მისი კლიენტი იყოს კმაყოფილი და მომავალში ისევ მასთან დაბრუნდეს. პირადად მე, როდესაც მიწევს ამ მაღაზიაში მისვლა ყოველთვის ვკითხულობ ხათუნას. საინტერესო ფაქტია ის, რომ ეს მხოლოდ ჩემი სუბიექტური შეხედულება არ არის და შევსწრებივარ კიდეც,  როცა ბევრი, მათ შორის ცნობილი სახე, სწორედ მას კითხულობს, ეს კი განპირობებულია ხათუნას ძალიან სერიოზული მიდგომით გაყიდვების მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანი, ჩვენს პირველ შეხვედრაზე, ძალიან მარტივად შემოვიდა ურთიერთობაში,  სწრაფად დამიმეგობრდა და მოიპოვა ჩემი ნდობა. ამასთან აღსანიშნავია, რომ მან გაარკვია  ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილი,  რაც ყველაზე მეტად მოქმედებს ჩემს გადაწყვეტილებაზე და  შესაბამისად, გაყიდვების პროცესსაც ამის მიხედვით მართავს.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მას არასდროს არ ეზარება დახმარება და არ მანიპულებს ჩემზე, ის ყოველთვის ცდილობს ვიყო კმაყოფილი ჩემი არჩევანით და თუ სტანდარტულ შემთხვევაში ადამიანები ყოველი ყიდვის ოპერაციის შემდეგ, აანალიზებენ მიიღეს თუ  არა მათ  სწორი გადაწყვეტილება და შემთხვევით ზედმეტი ფული ხომ არ დახარჯეს, ხათუნას მიერ ჩატარებული გაყიდვის პროცესის შემდეგ, პირადად მე,  მაქვს აბსოლუტურად სხვა განცდა, მე მივდივარ ძალიან კმაყოფილი ამ მაღაზიიდან, რადგან ვთვლი, რომ  მართლაც ძალიან კარგი შენაძენი გავაკეთე.

ეს ყველაფერი არის ამ ადამიანის დამსახურება, რომელიც მე დარწმუნებული ვარ არამხოლოდ მისი პიროვნული თვისებების, არამედ ძალიან დიდი შრომის და საკუთარ თავზე  მუშაობის შედეგია. ასე, რომ კონსულტანტებს, რომელებიც მუშაობენ გაყიდვებში, ვურჩევ, მიბაძონ ხათუნას და დარწმუნებული, ვარ ძალიან ბევრ საინტერესო რამეს ისწავლიან მისი გაყიდვის  ტექნიკიდან  გამომდინარე.
 

| გააზიარე
მოგწონთ?