მოგების ზრდა კომპანიის პრობლემების აღიარების საფუძველზე


დღეს მინდა გესაუბროთ ერთ ძალიან სერიოზულ პრობლემაზე, რომელიც სამწუხაროდ ბევრ ქართულ კომპანიაშია და ეს პირდაპირ არის დაკავშირებული მათ განვითარებასთან, რადგან ამის გამო ისინი საბოლოო ჯამში ვერ იღებენ იმ მოგებას, რომლის მიღებაც თავისი პოტენციალიდან გამომდინარე შეუძლიათ. ეს ის შეცდომაა, რომელსაც კომპანიის მენეჯმენტი ხშირად უშვებს. ამ დროს მთავარია, ვეცადოთ არ გამოგვრჩეს მსგავსი შეცდომა, ვისწავლოთ მასზე და გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ არ გავიმეოროთ იგივე შეცდომა მეორედ. საქმე ეხება იმ პრობლემებს, რომლებსაც კომპანიის მენეჯმენტი არ აღიარებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი რეალურია და არსებობს ორგანიზაციაში.

პირადი გამოცდილებიდან და იმის გათვალისწინებით, რომ მე და ჩემს გუნდს ხშირი შეხება გვაქვს ქართულ კომპანიებთან, შემიძლია ვთქვა, ხშირად კომპანიაში არსებული პრობლემების შესახებ ყველამ იცის, თითოეული თანამშრომელი ხედავს მათ, თუმცა მენეჯმენტი მაინც არ აღიარებს მათ არსებობას. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს არა შეგნებულად გაკეთებული, არამედ დაუკვირვებლობით გამოწვეული შეცდომაა, რადგან მენეჯმენტი არ იყურება იქ, სადაც შეუძლია მათი დანახვა.

პრობლემები ნებისმიერ ორგანიზაციას აქვს და იმაზე ფიქრი, რომ შენს კომპანიაში ყველაფერი კარგად არის და არაფერს სჭირდება გამოსწორება, დამღუპველია. ამასთანავე, ეს არის ის პრობლემები, რომლებიც მოგვარებადია და საშუალო და გრძელვადიან პერიოდში გადაიქცევა შესაძლებლობებად. ეს გარკვეული გამოწვევებია, რომელიც უნდა მიიღოს კომპანიამ და არა პირიქით, დამალოს მათი არსებობა.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ კომპანიას მართავთ, კარგად გააანალიზეთ და ჩამოწერეთ ყველა პრობლემა, რომელიც თქვენი აზრით, არსებობს ორგანიზაციაში. შეეცადეთ არ უგულებელყოთ არც ერთი მათგანი, რადგან ერთი არასწორი ქმედებაც კი ამ დროს, უარყოფითად იმოქმედებს თქვენი კომპანიის მოგებაზე გრძელვადიან პერიოდში. კომპანიის სიდიდიდან გამომდინარე კი ეს შეიძლება, საკმაოდ დიდი თანხაც იყოს.

ყველაზე კარგი საშუალება იმისათვის, რომ გაიგოთ რეალურად რა პრობლემებია ორგანიზაციაში არის თანამშრომლებთან და კლიენტებთან საუბარი ამ საკითხის შესახებ. დაუსვით მათ კითხვები და მოუსმინეთ ამ ორ მხარეს, რადგან მათ ყველაზე კარგად იციან ეს. ხოლო როდესაც გაიგებთ კონკრეტული პრობლემის შესახებ, არ გადახვიდეთ თავდაცვაზე, არამედ მოუსმინეთ, გაარკვიეთ მიზეზები თუ რატომ ჰგონიათ ასე. დაუსვით დამატებითი შეკითხვები იმისათვის, რომ კარგად გაიგოთ იმ მიზეზების შესახებ, რომლებიც გაფერხებთ დამატებითი მოგების მიღებისგან და დაიწყეთ მათ მოგვარებაზე ზრუნვა.

| გააზიარე
მოგწონთ?