არ არსებობს გარანტიები - ანუ როგორ ვისწავლოთ ცხოვრება რისკებით?


ბიზნესშიც და ყოველდღიურობაშიც ვხვდები ერთ დამღუპველ პრობლებას, რომელზეც დღეს მსურს ვისაუბრო. ჩვენ გვაქვს ურთიერთობა სხვადასხვა ადამიანებთან, რომლებიც არიან როგორც ფიზიკური პირები, ასევე სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები, მენეჯერები, დირექტორები და ა.შ. ამ დროს იკვეთება ერთი საკითხი, რომელიც ქართველებს გვახასიათებს და ეს არის ის, რომ ყოველთვის გვსურს გარანტიები და ვითხოვთ მათ სხვადასხვა ადამიანებისგან.

რატომ ხდება ისე, რომ ადამიანები ყოველთვის ცდილობენ, რაღაც ჰქონდეთ გარანტირებული?

საქმე იმაშია, რომ ჩვენ გვეშინია რისკის აღების და გვინდა გარანტიები იმისა, რომ როცა ჩავაბარებთ უნივერსიტეტში, სწორედ იმ პროფესიით დავიწყებთ მუშაობას. გვინდა იმის გარანტია, რომ სამსახურში გვექნება ფიქსირებული ანაზღაურება, ვიდრე შედეგზე მიბმული ხელფასი. გვსურს გვქონდეს მიღებულ სერვისზე 100%-იანი გარანტია, რომ სარგებელი იქნება მაქსიმალური, თუმცა მთავარი გვავიწყდება. ცხოვრებაში არ არსებობს იმის გარანტიები, რომ ყველაფერი ისე მოხდება, როგორც გვქონდა ჩაფიქრებული.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბიზნეს მოლაპარაკებების დროს ხშირად კომპანიები ითხოვენ კონტრაქტებში გარკვეული გარანტიების ჩადებას, რაც ძალიან მარტივია. თუმცა რეალობაა ის, რომ ამით არაფერი იცვლება. ჩვენ ვიღებთ არარეალურ გარანტიებს და საკუთარ თავს ვატყუებთ იმის გათვალისწინებით, რომ ეს მხოლოდ ფორმალობაა და პრაქტიკაში შეიძლება ყველაფერი სხვაგვარად მოხდეს.

ფაქტია ის, ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე და წინასწარ ვერაფერს განსაზღვრავ ბოლომდე. არაფერია გარანტირებული როგორც ცხოვრებაში, ასევე ბიზნესში და მხოლოდ იმის გამო, რომ არარეალური გარანტიები მოვითხოვეთ და იმედი გაგვიცრუვდა, ვადანაშაულებთ ადამიანებს ან ქვეყანას, სადაც ვცხოვრობთ.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პირველი ამოცანა არის ის, რომ ჩავიხედოთ საკუთარ თავში, დავფიქრდეთ და გავაანალიზოთ, რომ გარანტიები არსად არსებობს, დაწყებული პირადი ცხოვრებით, დამთავრებული ბიზნესით და მთავარია, რომ ვეძებოთ ალტერნატიული გზები მიზნების მისაღწევად.

გარანტიების ძიების ნაცვლად, უმჯობესია ვიყოთ რეალისტები. უნდა გავაანალიზოთ, რომ რისკების გარეშე ვერაფერს გავხდებით და მოგვწონს თუ არა ეს ფაქტი, აუცილებლად მოგვიწევს გარკვეული რისკების საკუთარ თავზე აღება.

შესაბამისად, ნუ შეგეშინდებათ შეხედოთ რეალობას ისეთს, როგორიც ის არის და გაუსწოროთ იმ ფაქტს თვალი, რომ ყველაფერი გარანტირებული ვერ გექნებათ. შეწყვიტეთ სხვებისგან გარანტიების მოთხოვნა, მეტი პასუხისმგებლობა და რისკები აიღეთ საკუთარ თავზე, არ მოიტყუოთ საკუთარი თავი და კარგად დაფიქრდით, რადგან ამ პრინციპით ცხოვრება გაცილებით უკეთეს შედეგებს მოგიტანთ მომავალში.

| გააზიარე
მოგწონთ?