ოპერაციების მენეჯმენტში დაშვებული შეცდომები (ნაწილი 2)


ვაგრძელებთ წინა სტატიას ოპერაციების მენეჯმენტში დაშვებული ყველაზე ხშირი შეცდომების შესახებ: 
 

  • ჭარბი მარაგები – ოპერაციების მენეჯერმა უნდა აკონტროლოს პროცესი იმისათვის, რომ საწყობებში არ აღმოჩნდეს ზედმეტი მარაგები. ასეთ შემთხვევაში მარაგების სახით გაჩერებულია ფულადი რესურსები, რომლის გამოყენება შესაძლებელია შემოსავლიანი ოპერაციებისათვის. რა თქმა უნდა, მარაგების ნაკლებობაც არ არის კარგი ბიზნესისათვის, ასეთ შემთხვევაში კომპანია კარგავს გაყიდვებს. თქვენი, როგორც წარმატებული ოპერაციების მენეჯერის, მიზანი უნდა გახდეს საწყობში ოპტიმალური რაოდენობის მარაგების შექმნა. ბუნებრივია ამის მიღწევა 100%-ით შეუძლებელია, თუმცა თქვენ მუდმივად უნდა ცდილობდეთ მიაღწიოთ იდეალურ სიტუაციას.

 

  • წარმოების კიდევ ერთი შეცდომა – პროდუქციის ზედმეტი გადამუშავება, ანუ მწარმოებლები პროდუქციის შექმნისას აკეთებენ იმაზე მეტს, ვიდრე ეს კლიენტებს ესაჭიროებათ. ოპერაციების მენეჯმენტის პრაქტიკაში საკმაოდ ბევრია ასეთი ფაქტები, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ოპერაციების და მარკეტინგის მენეჯერები ერთმანეთთან სათანადოდ ვერ მუშაობენ. ასეთ დროს წარმოება აკეთებს იმაზე კარგ პროდუქტებს, ვიდრე ეს კლიენტებს ესაჭიროებათ. საბოლოო ჯამში პროდუქცია გამოდის უფრო ძვირი და ნაკლებად მოთხოვნადი.

 

  • პაუზები წარმოების დროს - ესეც წარმოებაში ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული პრობლემაა, წარმოების (მათ შორის მომსახურეობის პროცესის დროსაც) სხვადასხვა ეტაპებს შორის მასალები (პროცესები) არ უნდა ჩერდებოდეს. ოპერაციები არის მდინარესავით, რომელიც არ ჩერდება, არ აქვს ხელისშემშლელი ფაქტორები და მიედინება თანმიმდევრულად. იდეალურად აწყობილი ოპერაციების დროს პროცესი ისე უნდა იყოს შექმნილი, რომ  მოდიოდეს ზუსტად იმდენი ნაწილი, რამდენიც არის საჭირო, ზუსტად იმ დროს, როცა ეს არის საჭირო.


ოპერაციების მენეჯმენტის განვითარებისას დიდი წვლილი მიუძღვის ავტომობილების მწარმოებელ კომპანია ტოიოტას. მისმა სპეციალისტებმა დანერგეს წარმოების პროცესი JIT (Just in time). ეს სისტემა აწყობილია PULL სქემაზე. ტოიოტას ამ აღმოჩენამდე  მსოფლიოში გავრცელებული იყო სისტემა PUSH, რომლის დროსაც წარმოების ყოველი წინა უბანი ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი ეწარმოებინა და მიეწოდებინა წარმოების შემდეგი უბნისთვის. მე-20 საუკუნის 20-იან წლებში მსოფლიო ეკონომიკაში იყო გავრცელებული მიდგომა, რომლის მიხედვით უნდა ეწარმოებინათ, რაც შეიძლება მეტი პროდუქცია და ეს უნდა გამხდარიყო კომპანიის შემოსავლების ზრდის გარანტი, თუმცა ყველასთვის ცნობილია თუ როგორ დასრულდა ეს ყველაფერი. 20-იანი წლების ბოლოს მსოფლიო მოიცვა კრიზისმა, რომელიც გამოწვეული იყო ჭარბი წარმოებით. მწარმოებლები ბევრ მზა პროდუქციას მხოლოდ იმისათვის ანადგურებდნენ, რომ მათ პროდუქციაზე ფასები შეენარჩუნებინათ და მარაგების მართვის ხარჯები შეემცირებინათ.

ტოიოტას  წარმოების პრინციპი ამის საპირისპიროა. ყოველი მომდევნო უბანი ითხოვს წინა უბნისგან შესაბამისად მომზადებული ნაწილის მოწოდებას. თუ ზემოთ განხილული სქემის დროს პროცესი იყო აწყობილი დასაწყისიდან ბოლოსკენ, ტოიოტას შემთხვევაში მთელი პროცესი არის აწყობილი „ბოლოდან“. ყველაფერი იგეგმება გაყიდვებიდან, ანუ როდის, რამდენი და როგორი ავტომობილია საჭირო. ამის საფუძველზე არის აწყობილი უკვე ტოიოტას მთლიანი საწარმოო პროცესი. ეს მიდგომა ტოიოტამ რამდენიმე ათეული წლის წინა დანერგა და სწორედ ეს გახდა მისი წარმატების საფუძველი. ამჟამად იაპონური ტოიოტა და ამერიკული GMC იყოფენ პირველ-მეორე ადგილებს ავტომობილების წარმოების ინდუსტრიაში.

| გააზიარე
მოგწონთ?