ახალი თანამშრომლების აყვანა


დღევანდელი სტატია შეეხება ყველა მენეჯერის ერთ-ერთ უმთავრეს თავის ტკივილს - ახალი თანამშრომლების სამსახურში აყვანას.  ეს წესი განსხვავდება კომპანიის ზომის შესაბამისად, რაც უფრო დიდია კომპანია, მით უფრო მეტად ბიუროკრატიულია  შერჩევის პროცესი. დღევანდელ სტატიაში მინდა  ყურადღება გავამახვილოთ არა იმდენად სრულ პროცესზე, რამდენადაც უშუალოდ გასაუბრებაზე.

სამწუხაროდ, ქართველი მენეჯერების უმეტესობამ არ იცის თუ როგორ უნდა წარმართოს გასაუბრების პროცესი, ეს კი პირდაპირ კავშირშია პოტენციურად ნიჭიერი და კომპანიისათვის სარგებლის მომტანი თანამშრომლის დაკარგვის მაღალ რისკთან. ჩემი კარიერის განმავლობაში უამრავი გასაუბრება ჩამიტარებია და ასევე პირადადაც ვყოფილვარ გასაუბრებებზე. ჩემი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ დღევანდელი მენეჯერების უმეტესობა ძირითადად პრაქტიკულ ცოდნაზე დაყრდნობით იღებს გადაწყვეტილებას და არ იცნობს, ან უგულებელყოფს ძლიერი მენეჯერისათვის დამახასიათებელ ბევრ მნიშვნელოვან ნიუანსს:

1. გასაუბრებამდე აუცილებელია კარგად მომზადება.
პირველ რიგში, ინტერვიუერმა უნდა დახატოს მისთვის იდეალური თანამშრომლის პორტრეტი. ანუ კარგად უნდა იყოს განსაზღვრული თუ როგორი ადამიანის აყვანაა საჭირო წინასწარ განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად. ეს ყველაფერი წინასწარ, წერილობით უნდა იყოს მომზადებული.

2. თანამშრომლის აყვანის პროცესი არის იგივე, რაც გაყიდვების პროცესი.
დამსაქმებელი ყიდულობს თანამშრომლის შრომას, შესაბამისად  შეთანხმების შედეგად ორივე მხარე უნდა იყოს მოგებული. ამიტომ მნიშვნელოვანია დამსაქმებელმა შეარჩიოს ისეთი ადამიანი, როგორიც მას სჭირდება,  მეორეს მხრივ კი დასაქმებულ ადამიანს უნდა მოსწონდეს ის, რისი კეთებაც მოუწევს.

3. შეკითხვების დასმა.
კანდიდატში სასურველი თვისებების დასანახად საჭიროა გამსაუბრებლის მხრიდან წინასწარ მომზადებული და სწორი შეკითხვების დასმა.

4. კანდიდატის პერპექტივის განსაზღვრა.
ინტერვიუერმა უნდა გაითვალისწინოს, რომ კანდიდატის აყვანისას მნიშვნელოვანია მისი მომავალი პერსპექტივის განსაზღვრა. ვაკანსიების უმეტეს შემთხვევაში რეკომენდებულია ისეთი თანამშრომლის აყვანა, რომელსაც აქვს ზრდისა და განვითარების რესურსი.

5. წერილობითი ჩანაწერის გაკეთება.
გასაუბრების ჩატარების დროს ჩაინიშნეთ თუ რა შთაბეჭდილება დაგრჩათ სხვადასხვა კანდიდატზე, სასურველია გარკვეული ქულების მიწერაც. ეს განსაკუთრებით საჭიროა მაშინ, როდესაც ბევრ კანდიდატთან გიწევთ შეხვედრა.

6. გადაწყვეტილების მიღება.
და ბოლოს, როგორ უნდა მიიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება კადრის აყვანის თაობაზე?! თქვენს მიერ მითითებული ყველა პარამეტრიდან განსაზღვრეთ ყველაზე მნიშვნელოვანი და ამის მიხედვით შეაფასეთ საბოლოო კანდიდატები. ასევე გახსოვდეთ, რომ ყველა თანამშრომრლი უნდა იყოს სხარტად მოაზროვნე, შრომისმოყვარე და უბრალოდ კარგი ადამიანი.

თუ ზემოთ აღწერილმა წესებმა არ იმუშავა, მაშინ უბრალოდ მიენდეთ თქვენს ინტუიციას, რაც უფრო გამოცდილი მენეჯერი ხართ, მით უფრო მარტივად შეძლებთ ინტუიციის საფუძველზე სწორი გადაწყვეტილების მიღებას.

| გააზიარე
მოგწონთ?