ლიდერობა ქართულად - რეალობა და მისი გამოსწორების გზები


დღევანდელ სტატიაში მინდა გესაუბროთ ერთი საინტერესო მიდგომის შესახებ და მსურს გავაანალიზო, თუ რას ეძახიან ქართული კომპანიების მენეჯერები ლიდერობას. მათი მიდგომის მიხედვით, ადამიანი უნდა ეთაყვანებოდეს ხელმძღვანელს და უსიტყვოდ ასრულებდეს მის ბრძანებებს. ქართველ მენეჯერებს უყვართ, რომ თანამშრომლები ბოლომდე მიჰყვებიან მათ, უდგანან გვერდში და ყველაფერში ეთანხმებიან.

ამავდროულად, საბოლოო ჯამში ყველაფერი საპირისპიროდ ხდება და ხშირ შემთხვევაში ასეთი მენეჯერები საკუთარ თავს ეკითხებიან, ამ ყველაფერის მიუხედავად, რატომ ვერ დებენ მოცემული თანამშრომლები მაღალ შედეგებს. იხსენებენ ყველა ფაქტორს, ფაქტია, რომ მათ აქვთ მაღალი ანაზღაურება, კომპანიაში შექმნილია მოტივაციის სისტემა, თუმცა მაინც არ გამოდის ისე, როგორც ხელმძღვანელებს სურთ.

როდესაც ამ ყველაფერს კარგად აანალიზებ ხვდები, რომ საქმე უშუალოდ ამ ადამიანების ხელმძღვანელობის სტილშია და მათ კომპლექსური პრობლემები აქვთ. ისინი არ იყენებენ არც ქოუჩინგს, არც თანამშრომლების განვითარებაზე ზრუნავენ და მხოლოდ იმიტომ, რომ კარგი ანაზღაურება აქვთ და წარმატებული ბიზნესი შექმნეს, ჰგონიათ მაღალი დონის ლიდერები არიან. ასევე არიან ხელმძღვანელებიც, რომლებიც კარგად ფლობენ გაყიდვების უნარებს და თავი მაღალი კლასის ბიზნესმენებად მოაქვთ.

საქართველოში არსებობს კიდევ ერთი საინტერესო მიდგომა ლიდერობასთან დაკავშირებით. ხშირად ქართველი ბიზნესმენები, რომლებმაც 90-იან წლებში დაიწყეს ბიზნესი, დარწმუნებულები არიან, რომ წარმატებულ ლიდერებად ითვლებიან, თუმცა ეს ასე არ არის და მათ უბრალოდ საკმაოდ ხელსაყრელ დროს დაიწყეს ბიზნესი, როდესაც ყველა ბაზარი იყო თავისუფალი

 

რას ნიშნავს თანამედროვე ბიზნესში ლიდერობა?

დღეს მხოლოდ მაშინ ხარ ნამდვილი ლიდერი, როდესაც საშუალო დონის ადამიანს შეგიძლია დაადებინო ექსტრაორდინალური, იმაზე მეტი შედეგები, ვიდრე თავიდან ელოდებოდი. კარგი ლიდერი არ ფასდება მხოლოდ საკუთარი შედეგებით, მისი პროფესიონალიზმი დამოკიდებულია თავისი გუნდის მიღწევებზე. შესაბამისად მათ, ვისაც სურთ, რომ წარმატებული ლიდერების რიცხვში ჩაეწერონ, პირველ რიგში საკუთარი გუნდის გაძლიერებასა და განვითარებაზე უნდა იზრუნონ.

თანამედროვე ბიზნესში ლიდერობა ცალკე აღებული აღარ არსებობს. ის დაკავშირებულია ქოუჩინგთან, გუნდის წევრების ზრდაზე ორიენტირებასთან, რაც თანამშრომლებს საშუალებას აძლევს ნებისმიერი საქმე უფრო ეფექტიანად აკეთონ.

შესაბამისად, იმისათვის რომ საქართველოშიც შეიცვალოს ლიდერობისადმი მიდგომა და უფრო მეტმა ხელმძღვანელმა მიაღწიოს სასურველ შედეგებს. აუცილებელია, მენეჯერებმა კარგად გაიაზრონ ამ ცნების თანამედროვე გაგება და თავიანთი საქმიანობა მიმართონ ისე, რომ შექმნან გუნდი, რომელიც დადებს ისეთ შედეგებს, რომ მათი ლიდერული უნარ-ჩვევები საბოლოო ჯამში, კომპანიის წარმატების უმნიშვნელოვანესი კომპონენტი გახდეს.

| გააზიარე
მოგწონთ?