კლიენტთა მომსახურების პროფესიონალი


ჩემი პროფესიიდან გამომდინარე პერიოდულად ვაკვირდები ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა ინდუსტრიაში და მიმართულებებში, განსაკუთრებით კი გაყიდვებში. დღეს მინდა მოგიყვეთ ერთ პროფესიონალზე, რომელიც მაღალ დონეზე იყენებს გაყიდვების მიდგომებს. ეს არის ტოიოტა ცენტრი-თეგეტას სერვისის ხელმძღვანელი - ირაკლი დვალი. მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება მის შესახებ.

პერიოდულად, როცა მაქვს შეხება ირაკლისთან ვაკვირდები მის ქმედებას,  ჩემთან ურთიერთობის დროს ის იყენებს რამოდენიმე ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს: ის უმეგობრდება კლიენტებს. ეს არის წესი N1, რომელიც უნდა გამოიყენოთ გაყიდვებში და კლიენტებთან მომსახურებისას. აუცილებელია ისე მოექცეთ ყველა კლიენტს, როგორც თქვენს მეგობრებს. როდესაც ადამიანი შემოდის ოფისში, ფილიალში, შოურუმში, აუცილებელია მას შეხედოთ, როგორც პოტენციურ კლიენტს და მოეპყრათ შესაბამისად.

ირაკლი სხვადასხვა სერვისის შეთავაზებისას იმდენად მაღალ დონეზე აკეთებს ამ ყველაფერს, რომ გამიჩდა სურვილი - მეც გავუკეთო მას რაიმე. ეს არის მისი მხრიდან ჩატარებული ერთგვარი გაყიდვების მასტერკლასი, რომელიც მე პირადად სხვაგან არ მინახავს. მართალია ჩემს რჩევებში ყოველთვის ვითვალისწინებ ამ ფაქტორებს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ირაკლი ჩემი მსმენელი არ ყოფილა, ამას ჩემს დამსახურებად ნამდვილად ვერ ჩავთვლით, ასეთი დონის პროფესიონალიზმი კი პრაქტიკაში ძალიან იშვიათია.

ის ისე ემსახურება კლიენტებს და აკეთებს მათზე „გადაყოლას“, რომ როდესაც მასთან მიდიხართ გარკვეული მოლოდინით, ეს მოლოდინი ორმაგდება შეხვედრის შემდეგ. ის აჭარბებს ყოველთვის იმ მოლოდინებს, რომლებიც კლიენტებს აქვთ.

ირაკლი არასდროს ივიწყებს მოკითხვას, რაც ძალიან მნიშნელოვანია კლიენტებთან ურთიერთობის დროს. ყოველთვის, როგორი დაკავებულიც არ უნდა იყოს, გამონახავს დროს, რომ დაგელაპარაკოთ. მას ახსოვს თქვენი პირადი საკითხები და ინფორმაცია, რაც ძალიან დასაფასებელია.

ჩემთვის გასაოცარი იყო ის ფაქტიც, რომ ქართველი უფროსებისგან განსხვავებით, დროის უმეტეს ნაწილს არ ატარებს კაბინეტში, ან ადგილზე, სადაც ხდება მანქანების მომსახურება. ის ყველაზე დიდ დროს კლიენტებთან ატარებს, რაც მისი თანამდებობის შესაბამისად ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა.

სხვა სერვისის და გაყიდვების ჯგუფის უფროსებს მივცემდი მნიშვნელოვან რჩევას, მიბაძეთ ირაკლის, დიდი დრო გაატარეთ თქვენს კლიენტებთან, დაუმეგობრდით მათ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია და აუცილებლად აისახება როგორც თქვენ, ასევე კომპანიის შედეგებზე.

ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ასევე გაოცებას იწვევს ჩემში ირაკლისთან ურთიერთობისას არის მისი სურვილი და მზადყოფნა - დაგეხმაროთ ნებისმიერ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა ეს საქმე ეხება მას თუ არა. პირადად მე მქონდა მსგავსი შემთხვევა და მან გააკეთა იმაზე მეტი, ვიდრე მე წარმომედგინა ან ველოდი მისგან.

საბოლოო ჯამში შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი დაკვირვების საფუძველზე ირაკლი არის  ერთ-ერთი საუკეთესო პროფესიონალი თავის მიმართულებაში. დაფიქრდით, გააანალიზეთ მისი გამოცდილება, შეეცადეთ ამ ყველაფერში დაინახოთ კარგი, რომელსაც მომავალში დანერგავთ თქვენს კომპანიაში. პროფესიონალებისგან შემდგარი გაყიდვების გუნდი სწორედ, რომ მაღალი შედეგების მიღების და გარდაუვალი წარმატებისთვისაა „განწირული“.

| გააზიარე
მოგწონთ?