როგორ შევიცვალოთ უკეთესობისკენ?


ძალიან მიყვარს საუბარი პიროვნული თვისებების განვითარებასთან დაკავშირებით და მიყვარს ხაზგასმა იმაზე, რომ ძალიან ბევრი რაღაც ჩვენს თავზე და ძალისხმევაზეა დამოკიდებული. ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამ შევცვალოთ ჩვენს ცხოვრებაში და დღეს მსურს ერთ რაღაცას გავუსვა ხაზი: რამდენად სწორად ვაკეთებთ ჩვენი თავის ანალიზს?

წარმოიდგინეთ მიდიხართ ექიმთან, რომელმაც დაგისვათ არასწორი დიაგნოზი, დაიწყეთ არასწორი მკურნალობა და მიიღეთ არასწორი შედეგი. რა ხდება ასეთ დროს? ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ცუდ შედეგებთან მიგიყვანთ და სწორედ იმავე პრინციპია საკუთარ თავთან მიმართებაში.

ნებისმიერი ანალიზის დროს მნიშვნელოვანია სწორი დიაგნოზის დასმა. ჩნდება კითხვა, როგორ დავსვათ საკუთარი თავის დიაგნოზი? ეს რთული საკითხია იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი ადამიანი არ აღიარებს საკუთარ მინუსებს, თუმცა დღეს მე მსურს მოგცეთ რჩევა, რომელსაც შეუძლია რადიკალურად შეცვალოს თქვენი ასეთი მიდგომები.

 

როგორ გავაკეთოთ საკუთარი თავის ანალიზი?

გამოყავით ერთი საათი, აიღეთ კალამი და ფურცელი, დაიწყეთ ფიქრი იმაზე, რა გიშლით ხელს ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად. რა არის ის ფაქტორები, რომლებიც გაბრკოლებთ, რომ გააკეთოთ უფრო მეტი. გაყავით ფურცელი ორად. ერთ მხარეს ჩამოწერეთ დადებითი თვისებები, რომლებიც თქვენ გაქვთ, მეორეგან ჩამოწერეთ უარყოფითი თვისებები. ფოკუსირების კანონის თანახმად შეარჩიეთ ის ერთი ცუდი თვისება, რომელიც ყველაზე მეტად გიშლით ხელს წარმატების მიღწევასა და ფულის შოვნაში. როდესაც კარგად დაინახავთ ამ ცუდ თვისებას, ეცადეთ დაიწყოთ მის აღმოფხვრაზე ზრუნვა.

მას შემდეგ, რაც აღმოფხვრით თვისებას, რომელიც ყველაზე მეტად გიშლით ხელს, გადადით მოქმედებაზე და ეცადეთ, ის რაიმე კარგი თვისებით ჩაანაცვლოთ, რომლის დახვეწაზეც დროთა განმავლობაში იმუშავებთ.

პირადად მე რომ გითხრათ ჩემს მაგალითზე, საკუთარი თავის ტრანსფორმაცია თვისებებიდან და უნარებიდან გამომდინარე გამიკეთებია საკმაოდ ბევრჯერ. ეს ძალიან კარგია იქიდან გამომდინარე, რომ ყოველ ჯერზე აკვირდები შენს თავს და მზად ხარ აღმოფხვრა ყველაფერი ისეთი, რაც არასწორია. ხოლო როდესაც ეს ყველაფერი გრძელდება პერიოდულად, გრძელვადიან პერსპექტივაში ხვდები, რომ შეიცვალე უკეთესობისკენ.

შესაბამისად, თქვენც გირჩევთ დღესვე გააანალიზოთ ეს ყველაფერი, დაფიქრდით რისი შეცვლა გსურთ საკუთარ თავში და იზუნეთ რომ გახდეთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში დაგეხმარებათ, რომ მიაღწიოთ სასურველ მიზნებს, რადგან პიროვნული თვისებებია ის, რაც ყველაზე ხშირად გვეხმარება გვქონდეს საუკეთესოდ როგორც პირადი, ასევე კარიერული ცხოვრება.

 


დავით კენჭაძე

| გააზიარე
მოგწონთ?