გინდა? ისწავლე


ადამიანებს ხშირად აქვთ ერთი და იგივე პრობლემა - მათ მხოლოდ და მხოლოდ აქვთ სურვილები და არ იციან, როგორ მივიდნენ მიზნამდე.

ყოველდღიურად ძალიან ბევრ შეტყობინებას ვიღებ ამ საკითხზე, ხოლო როდესაც ჩავეკითხები ხოლმე წერილის ავტორებს ძირითადად ერთ მნიშვნელოვან პრობლემამდე მივდივარ: ადამიანების უმრავლესობამ საერთოდ არ იცის, თუ რა სურს. როდესაც დაკონკრეტებას ვთხოვ, თუ რას შეცვლიდნენ ან გააუმჯობესებდნენ, იწყებენ ფიქრს და საბოლოოდ მიდიან იმ ფაქტამდე, რომ არ იციან როგორ მიაღწიონ სასურველ შედეგს.

ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემა, რაც დღეს ჩვენ საქართველოში გვხვდება ცოდნის არქონაა. ეს იმდენად გლობალური პრობლემაა, რომ ყველანაირად ხელს გვიშლის წარმატების მიღწევაში როგორც ბიზნესში, ასევე სახელმწიფო დონეზე.

ხშირად სხვადასხვა შეხვედრების დროს ვსვამ კითხვას - რამდენი პროფესიული წიგნი აქვთ წაკითხული იქნება ეს მარკეტინგის, ფინანსების, გაყიდვების თუ სხვა სპეციალობის შესახებ. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მაგალითად გაყიდვების სფეროში ამ მხრივ ძალიან ცოტა ადამიანს თუ აქვს რამდენიმე მათგანი მაინც წაკითხული. რაც შეეხება ფინანსებს და მარკეტინგს, აქ უკეთესი მდგომარეობაა, თუმცა ეს ცოდნა ძირითადად საუნივერსიტეტო მასალებს მოიცავს. საბოლოო ჯამში კი სურათი ასეთია - ადამიანები არ სწავლობენ, არ ვითარდებიან და ეს ძალიან დიდი პრობლემის წინაშე აყენებთ მათ.

სინამდვილეში კი ყველაფერი მარტივია და ასე გამოიყურება: როდესაც გსურთ რაიმეს მიღწევა, ამისათვის უნდა დაიწყოთ სწავლა. თუმცა ამის შემდეგ უჩნდებათ შეკითხვა: რა წიგნებია ქართულად? არა, არ არის ქართულად მსგავსი პროფესიული წიგნები და დიახ, კიდევ დიდი ხნის განმავლობაში არ იქნება. შესაბამისად, თქვენ უნდა მიიღოთ მარტივი გადაწყვეტილება, ისწავლოთ უცხო ენები, რუსული ან ინგლისური, რადგან ამ ენებზე საკმაოდ ბევრი ლიტერატურა მოიპოვება და შემდეგ დაიწყოთ აქტიურად კითხვა. ამასთანავე არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ტექნოლოგიების ეპოქაში ვცხოვრობთ,სადაც ინტერნეტის საშუალებით უამრავი ინფორმაციის მოძიება შეგვიძლია.

მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, თუ რა დროშია შესაძლებელი უცხო ენების სწავლა. რეალურად, თუ მოინდომებთ, ამის გაკეთება 3-4 თვეში შეგიძლიათ. თუ დღეში ისწავლით 60-70 სიტყვას, სავსებით შესაძლებელია კონკრეტულ ენას რაღაც დონეზე დაეუფლოთ და შეუდგეთ კითხვის პროცესს, რა თქმა უნდა, ლექსიკონთან ერთად. შემდეგ კი თანდათანობით უფრო გაგიადვილდებათ.

საკუთარი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, რომ ინგლისურის დიდი ხნის განმავლობაში სწავლის მიუხედავად, მხოლოდ წიგნების კითხვის დროს მივხვდი, რომ კიდევ ბევრი მქონდა სასწავლი ამ მხრივ. მეც მიწევდა ლექსიკონის გამოყენება და მეტ პრაქტიკასთან ერთად, უფრო და უფრო იშვიათად მჭირდებოდა ის. მხოლოდ ამის შემდეგ მომეცა უამრავი შესაძლებლობა, რომ მიმეღო კარგი ცოდნა ძალიან მოკლე დროში ინტერნეტის, სხვადასხვა წიგნებისა თუ აუდიოების მეშვეობით.

იმავეს გირჩევთ თქვენც. თუ რაიმეს მიღწევა გსურთ ცხოვრებაში, აუცილებლად დაიწყეთ სწავლა, შეხედეთ თითოეულ წიგნს სხვაგვარად, რადგან იქ არის უამრავი შესაძლებლობა, რომ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება. ეს არის ის წესი, რომელიც 100%-ით მუშაობს და არ მეგულება ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს არ აღიარებს. მესმის, რომ შეიძლება გვეზარებოდეს ამდენი შრომა, მაგრამ დამიჯერეთ, ამის გარეშე თქვენს ცხოვრებაში არაფერი შეიცვლება.

| გააზიარე
მოგწონთ?