3 სიტყვა, რომელიც ხელს გვიშლის გაყიდვებში


გაყიდვების წარმატებით განხორციელებისთვის თითოეულ დეტალს დიდი მნიშვნელობა აქვს. გაყიდვების პროცესში მონაწილე ადამიანები ხშირად არ აკვირდებიან, რომ მოლაპარაკებების დროს შეიძლება თითოეული სიტყვა გადამწყვეტი აღმოჩნდეს. სეილსმენების უმეტესობამ არც კი იცის ამ ყველაფრის  შესახებ, რადგან არ კითხულობენ წიგნებს, არ ითვალისწინებენ სხვა წარმატებული ადამიანების გამოცდილებას და უბრალოდ სათანადო ყურადღებას არ აქცევენ სიტყვებს. ისინი რეალურად არ ააანალიზებენ თითოეული შეხვედრის შედეგს, ამა თუ იმ ტერმინის მნიშვნელობას და მის ეფექტურობას კლიენტებთან ურთიერთობისას.

წარმოიდგინეთ, რამდენად კარგია, როდესაც დეტალურად იცით ის კონკრეტული ქმედებები, ნაბიჯები ან სიტყვები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეგიშალოთ კლიენტის დარწმუნებაში. სწორედ ამიტომ, უნდა გააანალიზოთ თითოეული შეხვედრა და დაიმახსოვროთ დეტალები მომავალში შეცდომების თავიდან არიდების მიზნით. 

ამ სტატიაში სწორედ იმ 3 სიტყვაზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რომელიც ხელს გვიშლის კლიენტებთან წარმატებული მოლაპარაკებების განხორციელებაში.

პირველი სიტყვა არის „არა“, რომელიც ძალიან ცუდად მოქმედებს პოტენციურ კლიენტზე, რადგან ადამიანებს არ უყვართ, როცა მათ არ ეთანხმებიან. რა თქმა უნდა, არსებობს ისეთი სიტუაციები, როდესაც საჭიროა კლიენტს უარი ვუთხრათ, თუმცა ამას თავისებური მიდგომა სჭირდება. ეფექტური უარის სათქმელად აუცილებელია თავიდან დათანხმება და მხოლოდ ამის შემდეგ უარყოფა. ასე, რომ შეეცადეთ,არასდროს გამოიყენოთ სიტყვა „არა“ კლიენტებთან ურთიერთობისას.

შემდეგი სიტყვა არის „შეთავაზება“ და რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ხშირად სწორედ ეს სიტყვაა წარმატებული გაყიდვის პროცესის შემაფერხებელი ფაქტორი. წარმატებული სეილსმენები არასდროს არავის არაფერს არ სთავაზობენ, რადგან ისინი აკვირდებიან კლიენტის საჭიროებას და ამის მიხედვით აკეთებენ პრეზენტაციას, თუ როგორ შეიძლება კლიენტის სურვილების დაკმაყოფილება. ამასთანავე,  სიტყვა შეთავაზება სუსტ გაყიდვების მეთოდებთან ასოცირდება, რომელსაც სეილსმენების ძირითადი ნაწილი იყენებს. ისინი უბრალოდ მიდიან კლიენტთან და პირდაპირ შეთავაზებაზე გადადიან, რის გამოც კლიენტები უკმაყოფილონი რჩებიან. გაყიდვების პროცესი ისე უნდა იყოს აწყობილი, რომ კლიენტთან საუბრის დროს ის თვითონ გთხოვდეს გარკვეული პროდუქტის მიყიდვას. ეს გაყიდვების უმნიშვნელოვანესი წესია, ხოლო როდესაც სიტყვა „შეთავაზებას“ იყენებთ, ავტომატურად  ხელს უშლით ამ პროცესის წარმატებით დასრულებას.

მესამე ხელის შემშლელი სიტყვაა „გნებავთ?“, „იყიდით?“, რომელიც გაყიდვების დახურვის ერთ-ერთი ყველაზე არაეფექტური გზაა. გაყიდვის პროცესის დროს კლიენტი ფიქრობს ყველა იმ საკითხზე, რაზეც თქვენ საუბრობთ, აანალიზებს რა შედეგებს მიიღებს. ამ დროს ის თქვენი ზეგავლენის ქვეშაა, ეს სიტყვებით კი ფაქტობრივად ცივ წყალს ასხამთ, რის შემდეგაც კლიენტი გამოფხიზლებას იწყებს. სწორედ ამიტომ, საჭიროა დაივიწოთ ეს სიტყვები და მიმართოთ გაყიდვების დახურვის სხვადასხვა ეფექტურ ტექნოლოგიას, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია ყოველდღიურ პრაქტიკაში.

თქვენ უკვე იცით სამი სიტყვა, რომელსაც მხოლოდ უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია კლიენტზე. სწორედ ამიტომ, დაივიწყეთ ისინი, რის შემდეგაც აუცილებლად მიიღებთ უკეთეს შედეგებს და  თქვენი წინსვლაც არ დააყოვნებს გაყიდვებში  წარმატებული კარიერის შექმნაში.

| გააზიარე
მოგწონთ?