ხარისხი – კომპანიის წარმატების საწინდარი


დამეთანხმებით, რომ არავის არ უნდა უხარისხო პროდუქტის ყიდვა. არ უნდა, რომ უხარისხოდ მოემსახურონ.

მომხმარებლების უმეტესობა ყველაზე ხშირად ამ საკითხს უთმობს უდიდეს ყურადღებას.

იშვიათობაა კომპანიამ მიაღწიოს წარმატებას უხარისხო პროდუქციის გამოშვებით. ამ დროს მიღებული შედეგი შეიძლება მაქსიმუმ ხანმოკლე გამარჯვება იყოს. აქვე მინდა კარგად განვმარტო, რომ ხარისხიანი პროდუქტი არ ნიშნავს ყოველთვის ძვირიანს. სხვადასხვა ადამიანი პროდუქციის ხარისხს სხვადასხვანაირად აღიქვამს, თუმცა ყველაზე ხშირად ხარისხის განმსაზღვრელი პროდუქტის მოხმარების ხანგრძლივობაა. ძალიან ბევრი ადამიანის გონებაში ფასი და ხარისხი პირდაპირ პროპორციულად აღიქმება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ იაფასიანი ყოველთვის არ ნიშნავს უხარისხოს, მას შეიძლება უბრალოდ სხვა პროდუქტთან შედარებით ნაკლები დამატებითი თვისებები ჰქონდეს.

იმისათვის, რომ მივაღწიოთ წარმატებას და ეს ყველაფერი იყოს გრძელვადიანი საჭიროა, რომ კომპანიის საბოლოო პროდუქტი იყოს ხარისხიანი და მომხმარებელს წინასწარი დანაპირები შეუსრულოს.

სამწუხაროდ, ბევრ კომპანიას აქვს კარგი პროდუქტი, თუმცა მისი შექმნის პროცესი არ არის ეფექტური, არ არის ხარისხიანი შიდა პროცესები, არ არის წინასწარ კარგად გააზრებული და დალაგებული პროდუქტის შექმნის და მომსახურეობის პროცესები. სწორედ აქ არის მთავარი განსხვავება წარმატებულ და წარუმატებელ ორგანიზაციებს შორის. იმ შემთხვევაში თუ თქვენ გინდათ, რომ თქვენი კომპანია იყოს გრძელვადიან პერიოდში წარმატებული და თქვენი პროდუქტი უფრო მეტად წარმატებული, ხოლო მისი შექმნის ხარჯები შემცირდეს მინიმუმამდე, მნიშვნელოვანია, რომ როგორც თქვენი საბოლოო პროდუქტი ისე კომპანიაში მიმდინარე ყველა პროცესი იყოს უმაღლესი ხარისხის.

შიდა პროცესები, რა თქმა უნდა, განსხვავებულია სხვადასხვა ბიზნეს ინდუსტრიაში. მაგალითად ეს შეიძლება იყოს:
 

  • პროდუქციის საწარმოო ციკლი;
  • საქონლის შეკვეთა და ჩამოტანა;
  • კლიენტების მომსახურეოების დონე;
  • პროდუქტის გაყიდვის შემდგომი მომსახურეობა;
  • შიდა ადმინისტრაციული და ლოჯისტიკური პროცესები;
  • და სხვა მრავალი.


გახადეთ თქვენი კომპანია ხარისხზე ორიენტირებული. ხარისხი  უნდა იყოს თქვენი კომპანიის კულტურა და ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი და ამავდროულად ყველაზე რთული იქნება ამის დატანა თითოეულ თანამშრომლამდე. იმისათვის, რომ კომპანია მთლიანად გახდეს ორიენტირებული ხარისხზე მნიშვნელოვანია, რომ  თითოეულ თანამშრომელს სჯეროდეს ამის და ყოველდღიურ საქმიანობაში იყოს ხარისხზე ორიენტირებული. თუ თქვენ მოახერხებთ და თქვენს კომპანიას ასეთს გახდით, თქვენი ბიზნესი უდიდეს წარმატებას მიაღწევს.


 

| გააზიარე
მოგწონთ?