ერთი სადაზღვევო აგენტის შესახებ


დღეს მე მინდა მოგიყვეთ ისტორია ერთი სადაზღვევო აგენტის შესახებ.

ჩემი პრაქტიკული გამოცდილებიდან, რადგან შეხება მაქვს ძალიან ბევრ სადაზღვევო კომპანიასთან და აგენტთან, შემიძლია გითხრათ, რომ მათ ერთი და იგივე პრობლემები აქვთ. საქმე იმაშია, რომ ისინი სულ გირეკავენ, გაწუხებენ და არ განებებენ თავს, ხოლო როცა რაიმეს მოგყიდიან და მიზანს მიაღწევენ, აღარ გაქცევენ ყურადღებას და არ ამყარებენ შემდგომ არანაირ კომუნიკაციას.

როგორც წესი, სადაზღვევო კონტრაქტებს წელიწადში ერთხელ გასდის ვადა და მათ მხოლოდ ამ პერიოდის დროს ახსენდებათ, რომ საჭიროა ხელახლა შეეხმიანონ კლიენტებს. ეს საკმაოდ არასწორი მიდგომაა კლიენტებთან ურთიერთობების და ზოგადად, მენეჯმენტის თვალსაზრისით. მსგავსი  დამოკიდებულებით კლიენტები გრძნობენ, რომ სადაზღვევო კომპანიები უბრალოდ ცდილობენ მათი საშუალებით ფულის გაკეთებას და რეალურად, არ აღელვებთ მათი დახმარება. ეს ძალიან არასასიამოვნოა და სამწუხაროდ, გაყიდვების აგენტების უმრავლესობა, ამ შეცდომას უშვებს.

მე დღეს მინდა მოგიყვეთ ჩემი სადაზღვევო აგენტის, მეგი ჩინჩალაჩის შესახებ,  რომელიც მუშაობს იმედი L-ში. თქვენც იცით, რომ მე პერიოდულად ვწერ სტატიებს იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც განსაკუთრებული დამოკიდებულებით გამოირჩევიან თავიანთი კლიენტების მიმართ და მეგიც მათ შორისაა.

მეგის აქვს ერთი ძალიან საინტერესო მიდგომა, რომელიც სხვა სადაზღვევო აგენტებისგან გამოარჩევს. ჩვენი მოლაპარაკება მათთთან კონტრაქტის გაფორმების თაობაზე მიმდინარეობდა 6-8 თვის განმავლობაში და ეს არ იყო არც მივიწყებული და არც მოსაბეზრებელი მოლაპარაკების პროცესი. ის გარკვეული პერიოდულობით მეხმიანებოდა და ვსაუბრობდით შესაძლო თანამშრომლობაზე. რაც ყველაზე მთავარია, მეგი არ ცდილობდა პროდუქტების აგრესიულ შეთავაზებას, არ იგრძნობოდა, რომ მხოლოდ ფულის გაკეთების და გეგმის შესრულების ობიექტი ვიყავი, რაც ძალიან სასიამოვნო იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ასევე, მინდა აღვნიშნო ის მნიშვნელოვანი ფაქტორიც, რომ სადაზღვევო კონტრაქტის ტექსტში არსებული სხვადასხვა ქვეპირობებს, რომლებიც თითქმის ბევრისთვის გაურკვეველია, მეგი აანალიზებს კონკრეტულ კლიენტთან მიმართებაში და აკეთებს ზუსტად იმ შეთავაზებას, რაც  მოცემული საჭიროების შემთხვევაშია მიზანშეწონილი. ამ დროს გრძნობ, რომ გვერდით გყავს ის სადაზღვევო აგენტი, რომელიც არა არის სეილსმენი, არამედ არის კარგი მრჩეველი. იმაზე საუბარი, რომ მეგი მომსახურების პროცესშიც განსაკუთრებული ოპერატიულობით გამოირჩევა და ყოველთვის მეხმარება გავარკვიო ესა თუ ის საკითხი მათ შორის ისეთიც, რომელიც პირადად მას არ ეხება, განსაკუთრებით დასაფასებელია.

ძალიან დიდი მადლობა მეგის მსგავსი დამოკიდებულებისთვის, ხოლო მის მაგალითზე მე მივცემ რჩევას სხვა სადაზღვევო აგენტებსაც, რომ მიბაძონ მეგის და გამოიყენონს მისი ძალიან კარგი მიდგომები თავიანთ პრაქტიკაში.

| გააზიარე
მოგწონთ?