დასახეთ ცხოვრებისეული მიზნები


სამწუხაროდ, ბევრ ისეთ ადამიანს ვიცნობ, რომლებიც არასდროს ფიქრობენ მომავალზე,  არ აქვთ გამოკვეთილი სურვილები, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია მათი მომავლისთვის. დღევანდელ სტატიაში მინდა მოგცეთ მარტივი რჩევა --- იყავით მაქსიმალურად მოტივირებული, ენთუზიაზმით აღსავსე და ეს  აუცილებლად დაგიფასდებათ. ჩემი პრაქტიკის განმავლობაში უამრავი ადამიანისთვის ჩამიტარებია გასაუბრება და თითქმის ყოველთვის ვინტერესდები გასაუბრებაზე მოსული ადამიანის მიზნებით და ოცნებებით. ყველაზე საინტერესო და ამასთან სამწუხარო კი არის ის ფაქტი, რომ ადამიანების უმეტესობას, მხოლოდ მომავალი რამდენიმე თვე, მაქსიმუმ ერთი წელი აქვს წარმოდგენილი და დაგეგმილი.


ჩემს ბევრ სტატიაში პარალელს ვავლებ საშუალო და წარმატებულ მენეჯერებს შორის. აქაც იგივე მიდგომას გამოვიყენებ,  შეუძლებელია  მიაღწიოთ წარმატებას, თუ არ იცით  რა შეიძლება ჩაითვალოს თქვენთვის წარმატებად  და როდის გინდათ გახდეთ წარმატებული. მოდით გავავლოთ პარალელი და წარმოვიდგინოთ ადამიანი, რომელსაც არ აქვს კონკრეტული მიზანი, მიმართულება. იგი გამოდის ქუჩაში, სპონტანურად ირჩევს მიმართულებას და უკეთეს შემთხვევაში უბრუნდება იმ ადგილს, საიდანაც მისი „მოგზაურობა“ დაიწყო. ხოლო როდესაც ადამიანმა იცის სად წავიდეს, მაშინ ის ირჩევს კონკრეტულ მიმართულებას და დანიშნულების ადგილზე მისვლის საშუალებას. იგივე შეიძლება ითქვას ადამიანის მიზნებზეც ცხოვრებაში, თუ არ იცი რა გინდა, თუ არ იცი შენი მიზნები და გეგმები, მაშინ მათი მიღწევა შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, ჩემი თხოვნა იქნება კარგად დაგეგმეთ თქვენი მიზნები, მიიღეთ გადაწყვეტილება თუ რა გინდათ, დასახეთ თქვენი მიზნების მიღწევის გეგმები და  არ დაივიწყოთ ამ გეგმების დროში ისე გაშლა, რომ  ყოველდღე მოგიხდეთ რაღაც ისეთის კეთება, რაც მიგაახლოვებთ დასახულ მიზანს. გახსოვდეთ, რაც უფრო მეტად მოინდომებთ, მით უფრო მალე მიაღწევთ დასახულს, ამასთან ხშირად უმეორეთ საკუთარ თავს,  რომ თუ ვინმეს შეუძლია რაიმეს გაკეთება, ესეიგი ამის გაკეთება შეგიძლიათ თქვენც.

რა თქმა უნდა, გასაუბრებაზე შევხვედრილვარ ისეთ ადამიანებსაც, რომლებმაც იციან რა უნდათ, მაგრამ არ იციან რა უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ მიაღწიონ მიზანს, ამ შემთხვევაში სახეზეა მეორე უკიდურესობა. აუცილებელია არასდროს დაივიწყოთ თქვენი მიზანი.

და ბოლოს, კარგად გააცნობიერეთ, რომ დრო, ეს ყველაზე ღირებული რესურსი, ყველას ძალიან ცოტა გვაქვს და თუ ყოველი დღე, ყოველი საათი მაქსიმალურად არ გამოვიყენეთ, მაშინ დასახული მიზნების მიღწევა ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება. ამიტომ ჩემი რჩევაა, თქვენი ოცნებებისკენ მიმავალ გზაზე ყოველდღიურად, ნებისმიერ ფასად გადადგათ ნაბიჯი წინ.  ამით გამოიმუშავებთ ბიზნეს დისციპლინას, რომელიც შემდგომ გადაიზრდება ჩვევაში, შედეგად კი შეძლებთ  უფრო მეტი, უფრო რთული ამოცანების გადაჭრას და მიზნების განხორციელებას.

| გააზიარე
მოგწონთ?