რა უნდა იცოდნენ დამწყებმა მენეჯერებმა კარიერული წინსვლისთვის?


დღევანდელ სტატიაში მოგცემთ საინტერესო რჩევებს, რომელთა პრაქტიკაში გამოყენების შემთხვევაში შეძლებთ შემოსავლების გაზრდას. დღევანდელი ჩემი რჩევები ეხებათ დამწყებ მენეჯერებს.

საქმე იმაშია, რომ როდესაც დამწყები მენეჯერები დაწინაურდებიან და იღებენ პირველ გამოწვევებს თავის კარიერაში და პირველად ეჭიდებიან საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეებს, როგორც წესი, მათთვის რთულია სწრაფი რეაგირება. მათ არ აქვთ შესაბამისი გამოცდილება, თუმცა აქვთ დიდი მოტივაცია, რის საფუძველზეც ისინი უშვებენ გარკვეულ შეცდომას.

ასეთ დროს ეს ადამიანები ყველაფერში ერევიან, ყველაფრის გაკონტროლებას ცდილობენ და ამით აფერხებენ გუნდის მუშაობას. რეალურად, ასეთი მიდგომა არასწორია თანამშრომლებთან მიმართებაში, რადგან მათ ეკარგებათ მოტივაცია და ეს ყველაფერი აისახება მათ შედეგებზე. ამ შემთხვევაში, სწორი მიდგომაა თანამშრომლებისთვის თავისუფლების მიცემა.

არ აქვს მნიშვნელობა იმას, რომ არ ხარ გამოცდილი მენეჯერი, მნიშვნელოვანია, რომ გესმოდეს თუ რას ნიშნავს გუნდის წევრებთან სწორი მიდგომა. ისინი უნდა დაამოტივირო, შეუქმნა ისეთი გარემო, რომ მიიღონ გამოწვევები და დიდი ენთუზიაზმით მოეკიდონ სამუშაო პროცესს. პრინციპი მარტივია, ასეთმა მენეჯერებმა უნდა აკეთონ თავისი საქმე და სხვასაც არ უნდა შეუშალონ ხელი საქმიანობის განხორციელებაში ზედმეტი ჩარევის გამო.

თუ გსურთ ამ სფეროში მიაღწიოთ წარმატებას, აკეთეთ თქვენი საქმეები და საკუთარი თავი წარმოაჩინეთ როგორც პრობლემების მომგვარებელი. რეალურად, ეს ასეც უნდა იყოს, რადგან თქვენ, როგორც სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, უნდა შეგეძლოთ პრობლემების გადაჭრა.

ხშირად ხდება ისე, რომ პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში მიდის საუბარი მის მოგვარებაზე და გამოუცდელი მენეჯერები სხვის იმედზე არიან, რაც ასევე ძალიან დიდი პრობლემაა. ამის ნაცვლად საჭიროა პრობლემის სწორად აღმოჩენა, მისი ანალიზი და მოგვარებაზე მაშინვე ზრუნვა. რა თქმა უნდა, ყველა პრობლემის მოგვარება არ არის მარტივად შესაძლებელი, თუმცა მათი იდენტიფიცირება და მათ მოგვარებაზე ზრუნვა უნდა დაიწყოს მომენტალურად.

რაც შეეხება გუნდის მართვას, ეს დელეგირებით უნდა გააკეთოთ. შეგიძლიათ მისცეთ თქვენი გუნდის წევრებს შესაბამისი ამოცანები და შემდეგ ამის საფუძველზე მოითხოვოთ შედეგები.

თუ თქვენ გახდებით მენეჯერი, რომელსაც შეუძლია პრობლემების მოგვარება და ამავდროულად, გუნდის წევრების სწორად მართვა, გაცილებით სწრაფ ნაბიჯებს გადადგამთ კარიერული ზრდის თვალსაზრისით და ამავდროულად, გაზრდით თქვენს შემოსავლებს.

გახსოვდეთ, რომ პრობლემები ყოველთვის იყო, არის და იქნება, მთავარია ფლობდეთ მათთან სწორად გამკლავების ხელოვნებას.

 

| გააზიარე
მოგწონთ?