შეცდომა, რომელსაც სხვა ადამიანებთან მიმართებაში ვუშვებთ


დღეს მსურს შევეხო ერთ ძალიან საინტერესო და, ამავდროულად, მტკივნეულ საკითხს. ადამიანები, მათ შორის მეც, ძალიან ხშირად ვუშვებთ ერთ შეცდომას. თუმცა ვცდილობ, ეს ვაღიარო, დავფიქრდე ამ ყველაფერზე და მივიღო შესაბამისი გამოცდილება. საუბარი მაქვს ადამიანების არასწორ შეფასებაზე.

 

ნუ შეაფასებთ უშუალოდ ადამიანებს, შეაფასეთ მათი მოქმედებები. სამწუხაროდ ხშირად, ერთი ადამიანი მეორეზე გარკვეულ დასკვნებს სიტუაციიდან გამომდინარე აკეთებს. თუმცა, თუ კარგად შევხედავთ ამ საკითხს ეს არასწორი მიდგომაა. თუ ადამიანმა კონკრეტულ სიტუაციაში გამოხატა სისუსტე, არ უნდა ვიმსჯელოთ მასზე მხოლოდ ამ კონკრეტული სიტუაციით და არ უნდა ვთქვათ, რომ ეს ადამიანი არის სუსტი. ან თუ ის უხეში იყო კონკრეტულ ვითარებაში, არ ნიშნავს, რომ ზოგადად უხეში პიროვნებაა.

 

ამ ყველაფრით იმის თქმა მსურს, რომ კონკრეტული ქცევით არ შეიძლება, ჩამოყალიბებული აზრი შეგვექმნას პიროვნებაზე, მით უმეტეს, დაუშვებელია, განვსაჯოთ ისინი.

 

მიიღეთ ადამიანები ისეთები, როგორებიც არიან. ზოგადად, ცნობილია, რომ ადამიანებს ვერ შევცვლით, თუმცა შესაძლებელია, რომ შევუქმნათ მათ მოტივაცია თავად დაიწყონ ცვლილებები. სწორედ ასეთია ჩვენი გუნდის მიდგომა, ჩვენ არ ვცდილობთ სხვების შეცვლას, ჩვენ ვუქმნით მათ ისეთ გარემოს და ვაძლევთ ისეთ მოტივაციას, რომ თავად უჩნდებათ სურვილი, დაიწყონ ცვლილებები და გახდენენ ბევრად უკეთესები.

 

მეც ვყოფილვარ ანალოგიურ სიტუაციაში და სწორედ დღეს მოვუხადე ბოდიში ჩემს თანამშრომელს, რომელთან მიმართებაშიც მსგავსი შეცდომა დავუშვი, თუმცა ეს იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი თუ როგორ უნდა შევაფასო ხოლმე ადამიანები.

 

მთავარი არ არის შეცდომის დაშვება, მთავარია ამ შეცდომის დანახვა, აღიარება, ბოდიშის მოხდა და გამოსწორებაზე ზრუნვა. თუ ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება, ჩვენ სწორედ ის ადამიანები ვართ, ვინც ბევრ კარგ რამეს გააკეთებს მომავალში. თუ ჩვენ შეგვიძლია ასე ცხოვრება, აუცილებლად ვიქნებით სამართლიანი და კარგი ლიდერები.


დავით კენჭაძე

| გააზიარე
მოგწონთ?