ისტორია ერთი გოგოს შესახებ, რომელსაც სურდა HR მენეჯერად მუშაობა


დღეს მსურს მოგიყვეთ ერთი ადამიანის შესახებ ისტორია, რომელიც დარწმუნებული ვარ, ბევრს მისცემს მოტივაციას და იქნება სამაგალითო.

ისტორია ეხება ჩემს სტუდენტს, თამარ ნადარეიშვილს, რომელიც გავიცანი გარკვეული პროექტის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ის ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ წავიდა სასწავლებლად საზღვარგარეთ, შემდეგ კი დაბრუნებისას აქ დაიწყო მუშაობა და გაუჩნდა ერთი ოცნება: მას სურდა  HR მენეჯერობა და უნდოდა ამ კუთხით განვითარებულიყო. იმის მიუხედავად, რომ მას ჰქონდა არაერთი მცდელობა ამ პოზიციაზე მოსახვედრად, მას სთხოვდნენ გარკვეულ გამოცდილებას და ვაკანსიების სიმცირიდან გამომდინარე, გაუჭირდა შესაფერისი ვაკანსიის მოძიება.

ამ ყველაფრის შემდეგ მან მომმართა მე და მკითხა თუ რა უნდა გაეკეთებინა თავისი მიზნის მისაღწევად მაშინ, როდესაც პირველ ნაბიჯებსაც ვერ დგამდა ამ მიმართულებით.

ზოგადად, ასეთი მოტივირებული ადამიანები არ არიან ბევრი და ჩემთვის ეს იყო საკმაოდ საინტერესო შემთხვევა და ავიღე პასუხისმგებლობა მას დავხმარებოდი.

რა გააკეთა ამ ადამიანმა საბოლოო ჯამში?

მე ვურჩიე მას, რომ არ დალოდებოდა ვაკანსიებს და სხვადასხვა მოთხოვნას კონკრეტულ პოზიციაზე, არამედ თვითონ გამოეჩინა მეტი ინიციატივა. ის ასეც მოიქცა, დაიწყო სხვადასხვა HR-ების გაცნობა, მიდიოდა კომპანიაში, შესაბამის დეპარტამენტში და სთხოვდა მათ გაცნობას და რჩევების მიცემას. ეს მიდგომა საკმაოდ ამართლებდა, რადგან  ადამიანები როგორც წესი არ ამბობენ ხოლმე უარს რჩევების მიცემაზე დამწყები ადამიანებისთვის. მან იარა ბევრ კომპანიაში, დადიოდა HR კონფერენციებზე, გაიცნო შესაბამისი დონის პროფესიონალები და დაამყარა კონტაქტები.

აღსანიშნავია ის, რომ ამ პერიოდში არაფერი არ შეცვლილა და გრძელდებოდა იმედგაცრუებები სამსახურის დაწყების კუთხით, რის შემდეგაც კიდევ მომმართა მე იმ აზრით, რომ აპირებდა დანებებას. ჩემი დამოკიდებულება კი ისევ იგივე იყო და ვურჩევდი, რომ არ დაეხია უკან, გაეგრძელებინა თავისი ოცნებისთვის ბრძოლა და აუცილებლად მიაღწევდა დასახულ მიზანს.

და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიხარულოა, მან შეძლო ეს ყველაფერი. დაახლოებით ერთი კვირის წინ მივიღე მისგან ინფორმაცია, რომ ის აიყვანეს  HR მენეჯერად ერთ-ერთ კომპანიაში.

ამ ადამიანის წვალება და 1 წლიანი ბრძოლა არის შესანიშნავი მაგალითი, რომ არ უნდა დანებდე და მიაღწევ სასურველ მიზანს.

თქვენც გაქვთ ოცნება, რომელიც არც ისე მარტივად მისაღწევი ჩანს? მიჰყევით თამარ ნადარეიშვილის მაგალითს და მე მჯერა, რომ თქვენც აუცილებლად გამოგივათ.

 

| გააზიარე
მოგწონთ?