ყველაზე აქტუალური საკითხი - როგორ ვმართოთ სიბრაზე?


ყოველთვიურად ჩვენი ვებ-გვერდის მკითხველებისგან და რადიო მსმენელებისგან მომდის 1000-მდე შეკითხვა, რომლებიც ეხება მათ ინტერესებს, საჭიროებებს და სურთ სხვადასხვა ინფორმაციის მიღება. ამ შეკითხვებიდან გამომდინარე, გამოიკვეთა ერთი თემა, რომელიც კითხვების ყველაზე ხშირი ობიექტია და შესაბამისად, დღეს მასზე გავამახვილებ ყურადღებას.

საკითხი ეხება სიბრაზის მართვას.

ჩემთვის სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ეს პრობლემა აწუხებს, რა თქმა უნდა, სხვა მნიშვნელოვან საკითხთან ერთად, რომლებზეც გვქონდა და ასევე გვექნება საუბარი მომავალში, თუმცა ახლა მნიშვნელოვანია, თუ როგორ მოვაგვაროთ ეს კონკრეტული პრობლემა.

ხშირად ადამიანები, როდესაც არასასურველ ინფორმაციას იღებენ, ბრაზდებიან, ვერ აკონტროლებენ საკუთარ ემოციებს, აქვთ კონფლიქტები, ეშლებათ ნერვები, იხარჯებიან ემოციურად და ეცემა მათი პროდუქტიულობა. შედეგად იღებენ იმას, რომ მათი ცხოვრების გარკვეული ნაწილი ძალიან არასასიამოვნო ამბებში იხარჯება.

როდესაც მივიღე შეკითხვები ამ თემასთან დაკავშირებით, დავფიქრდი, თუ როგორ შეიძლება ამ პრობლემის გადაწყვეტა და დღეს მსურს, მოგცეთ რჩევა, რომელსაც შეუძლია ამ ყველაფრის რადიკალურად შეცვლა.

როგორ შეგვიძლია ვმართოთ სიბრაზე? ამისთვის არსებობს მარტივი მეთოდი - უნდა მოვემზადოთ მისთვის.

რა თქმა უნდა, ბევრს შეიძლება გაუჩნდეს შეკითხვა, რომ ყველაფრისთვის როგორ შეიძლება მოემზადო, თუმცა საქმე ეხება კონკრეტულ სიტუაციებს. მაგალითად, კოლეგებთან დაკავშირებული სიბრაზე, როდესაც არის შემთხვევა, რომ ვიცით რა შეიძლება გვითხრან მათ და წინასწარ ვემზადებით ამისთვის. როცა წინასწარ ხარ მომზადებული მსგავსი შემთხვევებისთვის, მარტივად შეგიძლია მოძებნო გამოსავალი და აღარ მოყვეს ამ ყველაფერს სიტუაციის უფრო დაძაბვა და ურთიერთობების გართულება.

ეს გამოსავალი ეხება არა მხოლოდ საქმიანობას, არამედ პირად ცხოვრებას, ოჯახთან და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობებს. მაგალითად, თუ იცი, რომ მეუღლე დაგისვამს რაიმე არასასიამოვნო შეკითხვას, წინასწარ მოამზადე პასუხი და როდესაც ეს მოხდება, აღარ გაბრაზდები, რადგან შენ გექნება ძალიან კარგი პასუხი, რომლის მეშვეობითაც შეგეძლება საბოლოოდ დახურო ეს საკითხი.

მსგავსი მიდგომა შეგვიძლია გამოვიყენოთ, როდესაც ადამიანები გვაძლებენ შენიშვნას. შენიშვნები ყველასთვის არასასიამოვნოა და ბრაზს იწვევს, ხოლო თუ გვინდა, ემოციები გავაკონტროლოთ, წინაწარ უნდა მოვიფიქროთ, რა შეიძლება მოვიმოქმედოთ ამ შემთხვევაში და მზად ვიყოთ მისთვის.

მაშ ასე, თუ წინასწარ გააანალიზებთ იმ საკითხებს, რაც თქვენში სიბრაზეს იწვევს და ყველაფერს წინასწარ დაგეგმავთ, თქვენ გაცილებით უფრო მარტივად შეძლებთ საკუთარი ემოციების მართვასა და სიბრაზის კონტროლს.

| გააზიარე
მოგწონთ?