გასაუბრებაზე წარმატების მიღწევის მთავარი წესი


პირადი ურთიერთობისას საკმაოდ ბევრი ადამიანისთვის მიმიცია რჩევა თუ როგორ უნდა მოიქცეს გასაუბრებაზე, ვფიქრობთ ეს თქვენთვისაც იქნება საინტერესო.

ჩამიტარებია გასაუბრება უამრავი ადამიანისთვის, ამათგან უმრავლესობამ არ იცოდა რა უნდოდათ, რატომ მოდიოდნენ გასაუბრებაზე ან რატომ უნდოდათ ამ კომპანიაში  მუშაობის დაწყება. არ ჰქონდათ მიზნები, იყვნენ საერთოდ მოუმზადებელნი და ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც გასაუბრებისათვის წინასწარი მომზადება და სწორი დაგეგმვა წარმატების საწინდარია.
 

გასაუბრებაზე გასვლამდე დიდი დრო უნდა დაუთმოთ წინასწარ მომზადებას, ამისათვის კი კარგი საშუალებაა წარმოიდგინოთ თქვენი თავი კომპანიის ე.წ. ინტერვიუერის ადგილას. დაუსვით თქვენს თავს შემდეგი სახის შეკითხვა: მე რომ ვიყო დამქირავებელი როგორი იქნებოდა იდეალური კანდიდატის სახე, რომელსაც მე უსიტყვოდ ავიყვანდი? ჩამოწერეთ ეს პიროვნული თუ პროფესიული თვისებები. თუ ზუსტად არ იცით შეეკითხეთ მეგობრებს, ნათესავებს ახლობლებს და ა.შ. საშინაო დავალების მეორე ნაწილში უნდა ჩამოწეროთ პოტენციური შეკითხვები, რომლებსაც თქვენ დასვამდით კომპანიის წარმომადგენლის ადგილას რომ იყოთ, მოამზადეთ წინასწარ პასუხები ამ კითხვებზე. ამასთან არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენი პასუხები ისე უნდა იყოს მომზადებული, რომ ხაზი გაუსვას თქვენ მიერ შექმნილ იდეალური კანდიდატის თვისებებს.

ზოგად იდეალურ მდგომარეობასთან/ადამიანთან შედარება ძალიან კარგი ხერხია წარმატების მისაღწევად. კანდიდატის იდეალური თვისებების ჩამოწერა არ არის ერთჯერადი ამოცანა, მთავარი მიზანი უნდა იყოს გარკვეულ პერიოდში გახდეთ ასეთი ადამიანი. მთავარია გასაუბრებაზე არ გადაამეტოთ საკუთარ თვისებებზე საუბრის დროს. რა თქმა უნდა, შეიძლება გასაუბრების დროს ინტერვიუერზე დატოვოთ იდეალური შთაბეჭდილება, თუმცა ცოტა ხანში დამსაქმებლები მიხვდებიან, რომ გასაუბრებაზე თქვენ გაიმარჯვეთ მხოლოდ კარგი მსახიობური თვისებების საფუძველზე. იმ შემთხვევაში თუ თქვენ არ გაქვთ ის თვისებები, რომლებიც მნიშვნელოვანია დამსაქმებლისათვის თქვით, რომ აპირებთ ამ მიმართულებით მუშაობას ან ამისათვის უკვე დაწყებული გაქვთ შესაბამისი ამოცანების გადაჭრა და გარკვეულ პერიოდში თქვენ მიაღწევთ კარგ შედეგებს. (ოღონდ, მთავარია მოგვიანებით აუცილებლად მიაღწიოთ მათ)

წინასწარი მომზადებისას აგრეთვე მნიშვნელოვანია მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის შესახებ. იმ შემთხვევაში თუ იცით კონკრეტულად ვის ხვდებით მოიძიეთ ინფორმაცია ამ პიროვნების შესახებ. წინასწარ კარგად გაერკვიეთ ვაკანტური თანამდებობის ფუნქციებშიც. აუცილებლად დაათვალიერეთ კომპანიის ვებ გვერდი, შეადრეთ კომპანიის მინიმუმ 1 ფილიალში ან  მაღაზიაში.

გასაუბრების დროს შესაძლებელია გქონდეთ შეხვედრა გამოუცდელ ინტერვიუერთან, შესაბამისად ის სავარაუდოდ არ დაგისვამთ იმ კითხვებს, რომლებზეც თქვენ გამზადებული პასუხები გაქვთ. სწორედ ამიტომ უმნიშვნელოვანესია წინასწარ მოამზადოთ სცენარი, რომელიც მოგცემთ საშუალებას ისაუბროთ თქვენი თვისებების შესახებ.

რაც მთავარია არ ინერვიულოთ, იყავით კონცენტრირებული და აუცილებლად კომუნიკაბელური. წინასწარ მომზადების წესი მუშაობს ძალიან ეფექტურად. გარწმუნებთ თუ ამ წესის მიხედვით იმუშავეთ ძალიან მალე კარგ სამსახურში დაიწყებთ მუშაობას.

| გააზიარე
მოგწონთ?