რატომ არ უნდა განვასხვავოთ თანამშრომლები ერთმანეთისგან?


როგორც იცით, ჩემს ბევრ სტატიაში არის საუბარი თანამშრომელთა მოტივაციაზე, თუ რამდენად დიდი გავლენის მოხდენა შეუძლიათ მათ კომპანიის მიერ დადებულ შედეგებზე.

დღესაც მსურს, ერთ-ერთ საინტერესო თემაზე ვისაუბრო ამ მხრივ, რადგან რეალურად, თანამშრომლების მოტივაციის ზრდას პირდაპირ შეუძლია, გაზარდოს კომპანიის მოგება. თანამშრომლები, რომლებსაც უხარიათ კომპანიაში მისვლა, აკეთებენ უფრო მეტ საქმეს, მუშაობენ უკეთ და გაცილებით პროდუქტიულად.

არსებობს კომპანიები, როგორც ქართული ასევე უცხოური, რომლებიც თანამშრომელთა მოტივაციის დროს უშვებენ ერთი და იგივე შეცდომას. ისინი ერთი დონის თანამშრომლებს ერთმანეთისგან განასხვავებენ და ზოგიერთისთვის ატარებენ მასტიმულირებელ ღონისძიებებს, ზოგიერთისთვის კი არა.

წარმოიდგინეთ, რომ ერთი დონის თანამშრომლები, იქნებიან ეს დაბალი, საშუალო თუ ზედა რგოლის მენეჯერები, არიან თქვენი შვილები. დიახ, როგორც შვილებს შორის არ უნდა გააკეთოთ განსხვავება, რადგან ეს ძალიან მტკივნეულია განზე დატოვებული მხარისთვის, ასევეა თანამშრომლებისთვის.  ასევე, თუ თანამშრომელს, რომელმაც ვერ დადო ერთი თვეში გარკვეული შედეგები ამის გამო ჩაგრავთ და თვლით, რომ სხვებთან შედარებით რაღაცას არ იმსახურებს, ეს ძალიან არასწორი მიდგომაა.

სამწუხაროა, რომ ქართულ კომპანიებში ხელმძღვანელები ძირითადად  ასე იქცევიან, შედეგად კი თანამშრომლები არიან დემოტივირებულები, გულნატკენები და კომპანიიდან წასვლასაც კი ცდილობენ.

რეალურად, გუნდის წევრებს უნდა დაუდგეთ გვერდში, გაზარდოთ და დაამოტივიროთ ისინი, რომ ერთად აკეთოთ ძალიან მაგარი საქმეები. ნებისმიერ შემთხვევაში, მათ უნდა მიუდგეთ თანაბრად, ხოლო მამოტივირებელი თემების განხილვისას ძალიან ფაქიზად უნდა იყოს განხილული, ვინ გამოეთიშება მათ და ვინ არა. ზოგადად, სამოტივაციო შეკრებები ან ნებისმიერი მსგავსი ტიპის ღონისძიება იმართება იმისათვის, რომ ყველა თანამშრომელი იყოს ბედნიერი  და არა ისე, როგორც ძირითადად ხდება ხოლმე, როცა თანამშრომელთა ნაწილი უბედურია ამა თუ იმ ღონისძიებაზე ვერ მოხვედრის გამო.

იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სახის ღონისძიების შედეგებზე მიბმა გსურთ, ეს სხვაგვარად უნდა იყოს თავიდანვე შეფუთული, ხოლო თუ საქმე ეხება სხვადასხვა პოზიციის თანამშრომლებს, მაშინ ძალიან რთულია ამის ორგანიზება. მთავარია, გახსოვდეთ, კომპანია არის გუნდი, ხოლო როცა ირღვევა გუნდურობა, იწყება სერიოზული პრობლემები.

თუ გაითვალისწინებთ მოცემულ რჩევას, გეყოლებათ ერთ მუშტად შეკრული გუნდი, რომელიც იქნება უფრო მაღალი შედეგების დადებაზე ორიენტირებული, რადგან სტრესულ გარემოში კომპანიის მართვა ძალიან არაეფექტური საშუალებაა, რომელსაც შედეგები როგორც წესი, არ მოაქვს ხოლმე.

| გააზიარე
მოგწონთ?