კომპანიის მოგების ზრდა რეპორტინგის სისტემის დანერგვის საფუძველზე


კომპანიაში მოგების გაზრდა ყოველთვის არის შესაძლებელი. დღეს მსურს ვისაუბრო ერთ საინტერესო საკითხზე, რომელიც ეხმარება კომპანიის მენეჯერებს სწორი და დროული გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც საბოლოო ჯამში, კომპანიის მოგების ზრდას განაპირობებს.

საუბარი მაქვს რეპორტინგის სისტემაზე. როდესაც გაქვს გამართული რეპორტინგის სისტემა ეს ნიშნავს, რომ შენ ფლობ შესაბამის ინფორმაციას და შეგიძლია, დროულად მიიღო სწორი გადაწყვეტილებები.

სამწუხაროდ, ქართული კომპანიების უმრავლესობაში რეპორტინგის სისტემას ძალიან ზედაპირულად უყურებენ. კომპანიებში არ არიან პასუხისმგებელი პირები, რომლებიც რეპორტინგს აწარმოებენ, მაშინ, როცა რეპორტინგის სისტემაში გროვდება ინფორმაცია, რომლის ანალიზის მეშვეობით გარკვეული დასკვნების გაკეთება შეგიძლიათ.

რეპორტინგს ქართულ კომპანიებში ზეპირი ფორმა აქვს, რომელიც ერთგვარ ,,გაფუჭებულ ტელეფონს“ ემსგავსება და საბოლოო ჯამში, არასისტემურ ხასიათს იღებს, არ არის გარკვეული მონაცემები დაჯამებული და რთულია ყველაფრის ტრენდში დანახვა.

იმისათვის, რომ რეპორტინგის სისტემა გამოიყენო არსებული სიტუაციის აღსაქმელად და სამომამვლო გადაწყვეტილებების მიღებისთვის, საჭიროა ის იყოს დროში გაშლილი და მოიცავდეს გასული პერიოდის მონაცემებს, რომლებსაც ერთმანეთს შეადარებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, როდესაც მხოლოდ ერთი კონკრეტული მაჩვენებელი გაქვს, რთულია დაინახო რაიმე სახის ცვლილება და გააკეთო დასკვნები.

როგორ ავაწყოთ რეპორტინგის სისტემა? ამისათვის არსებობს ორი ვარიანტი. პირველ შემთხვევაში შეიძლება პასუხისმგებლობა გადაანაწილოთ შესაბამის მენეჯერებზე, რომლებმაც უნდა აწარმოონ სხვადასხვა სახის რეპორტინგი სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფორმით, რომელიც კომპანიის მენეჯმენტთან იქნება შეთანხმებული. რაც შეეხება მეორე ვარიანტს, აქ პასუხისმგებელი იქნება ერთი  ადამიანი და ის იქნება ჩართული შესაბამის რეპორტების მომზადებაზე და მენეჯმენტისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე, რის შემდეგაც უკვე მიიღებენ სწორ, დროულ და ეფექტურ გადაწყვეტილებებს.

კარგად დააკვირდით თქვენს კომპანიაში არსებულ ვითარებას, რამდენად განვითარებულია რეპორტინგის სისტემა? ვინ არის პასუხისმგებელი გარკვეული მონაცემების დაკვირვებაზე? დაფიქრდით, რამდენად კარგი შედეგების მიღება შეგიძლით, თუ ზუსტად გეცოდინებათ როგორ გამოიყურება თქვენი კომპანია ციფრებში და რაც მთავარია, ამას პერიოდული ხასიათი ექნება.

რეპორტინგის სისტემა ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია, რადგან ამ სისტემის დანერგვის შემდეგ თქვენ გექნებათ სრულყოფილი ინფორმაცია თქვენს კომპანიაში არსებული მდგომარეობის შესახებ, გააანალიზებთ მოცემულ ვითარებას, ცვლილებებს, შესაძლებლობებს და ყველაფერზე დაყრდნობით მიიღებთ სწორ გადაწყვეტილებებს, რაც საბოლოო ჯამში, თქვენი კომპანიის მოგების ზრდაზე აისახება.

| გააზიარე
მოგწონთ?