4motivi.com: წარმატება საქართველოში, ინტერვიუ თიბისი ფეის გენერალურ დირექტორთან


სამოტივაციო, საგანმანათლებო და ანალიტიკური ინტერნეტ–ჟურნალი "4 მოტივი" ახალ რუბრიკას გთავაზობთ, რომელსაც "წარმატება საქართველოში" ეწოდება.

ჩვენ პერიოდულად შემოგთავაზებთ ინტერვიუებს წარმატებულ ქართველ პიროვნებებთან და გაგაცნობთ მათ აზრებსა და რჩევებს წარმატების მიღწევის შესახებ.


დღეს, ჩვენს მიერ შერჩეული კანდიდატი კომპანია TBC PAY-ის გენერალური დირექტორი, ბატონი დავით კენჭაძე გახლავთ, რომელსაც 4motivi.com–ის თანადამფუძნებელი თეიმურაზ ბერიშვილი დაუკავშირდა და კითხვებით მიმართა.


გარდა ზემოთხსენებული თანამდებობისა, დავითი ბიზნეს ტრენერი გახლავთ, ატარებს საინტერესო და პროდუქტიულ ტრეინინგებს და ამავდროულად, გატაცებულია წარმატების, ბიზნესის, მენეჯმენტის, ლიდერობის, საბანკო საქმისა და გაყიდვების შესახებ ლიტერატურის კითხვით. ვფიქრობთ, მისი რჩევების მოსმენა დიდი მოტივაცია იქნება ჩვენი მკითხველისთვის.

როგორც ყველა დანარჩენმა კარიერა თქვენც სტაჟირებით დაიწყეთ თიბისი ბაკში, მუშაობდით თანამდებობის დაბალ საფეხურებზე და დღეს „TBC Pay-ის“ გენერალური დირექტორი ბრძანდებით. თქვენი აზრით რა განგასხვავებთ სხვებისგან, ანუ რამ განაპირობა თქვენი წარმატება კარიერასა და ცხოვრებაში ?

ზოგადად არ მიყვარს საკუთარ თავზე ესეთ ფორმატში საუბარი აგრეთვე არ მინდა ვთქვა, რომ ეს თვისებები სხვა ადამიანებსაც არ აქვთ. თუმცა გეტყვით, რომ ჩემი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება არის მონდომება. ვგულისხმობ იმას, რომ ჯერ კიდევ სკოლიდან ძალიან მინდოდა რომ კარგი კარიერა გამეკეთებინა და შემძლებოდა ჩემი სურვილების ასრულება. მეორე თვისება, რომელიც ძალიან დამეხმარა არის ბრძოლის სურვილი, ყოველთვის ვცდილობდი მებრძოლა ბოლომდე, იმიტომ რომ თუ ვინმეს შეუძლია რამის მიღწევა, ესეიგი ამის გაკეთება შემიძლია მეც. ზოგადად წაგება არ მიყვარს და ამიტომ ბოლო მომენტამდე ვიბრძვი, თუმცა თუ ვიცი რომ ეს ბრძოლა წინასწარ წაგებულია ამ შემთხვევაში შეიძლება ომში არ ჩავება. მიზეზი მარტივია, აზრი არ აქვს ისეთ ომს, რომელშიც წინასწარ განწირული ხარ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვისება ეს არის პასუხისმგებლობის გრძნობა, რომელიც ძალიან ეხმარება ადამიანს გახდეს პროფესიონალი. რაც მეტს იღებ შენს თავზე და აკეთებ იმას, რასაც პირდები, მით მეტად პროფესიონალი ხდები და მით მეტად გენდობიან სხვა ადამიანები

როგორ ფიქრობთ რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც თქვენი კარიერის განმავლობაში მიგიღიათ და რა გავლენა მოახდინა მან თქვენს ცხოვრებაზე?

რომელიმე ერთი გადაწყვეტილების გამორჩევა მიჭირს, თუმცა შემიძლია ვთქვა რომ მთავარი იყო პრინციპი --- გამოიყენე ყველა შესაძლებლობა. თუ ცხოვრება გაძლევს შესაძლებლობას ის აუცილებლად უნდა გამოიყენო. მიუხედავად იმისა, რომ ახალ თანამდებობაზე გადასვლა შეიძლება არ იყოს ყველა მხრივ მომხიბვლელი, როგორც უკვე აღვნიშნე, მიჭირს ესეთი გადაწყვეტილებების გამორჩევა, თუმცა ხაზს გავუსვამ ერთ-ერთ მათგანს, კარიერის გარკვეულ ეტაპზე მივიღე გადაწყვეტილება მუდმივად გამეგრძელებინა სწავლა და საკუთარ თავზე მუშაობა. სწორედ ამ გადაწყვეტილებამ შეცვალა ჩემი ცხოვრება და განაპირობა სხვადასხვა მიღწევები კარიერაში.


არსებობს თუ არა ადამიანი, რომელიც მენეჯერის იდეალია თქვენთვის და რა თვისებები გიზიდავთ მასში?

მყავს დაახლოებით 10-მდე იდეალი, რომელსაც ვცდილობ რომ მივბაძო. ამ ადამიანებს აქვთ სხვადასხვა კარგი თვისებები და ვცდილობ სწორედ ეს თვისებები გამოვიმუშაო და განვავითარო ჩემში. ეს არიან ისეთი ადამიანები, რომელთაც პირადად ვიცნობ, მქონია ხშირი შეხება ან უბრალოდ გამიგია ამ ადამიანის წარმატებების შესახებ. აგრეთვე არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მსოფლიოში ცნობილი პროფესიონალები არიან. რაც შეეხება თვისებებს, ადამიანმა არასდროს არ უნდა თქვას საკუთარ თავზე რომ ესა თუ ის თვისება უკვე მაღალ დონეზე აქვს და მისი განვითარება საჭირო აღარ არის. სწორედ ამიტომ ვცდილობ მუდმივად ვიმუშავო ყველა იმ თვისების გაუმჯობესებაზე, რომელიც აუცილებელია წარმატების მისაღწევად.

ყოფილა თუ არა რაიმე მნიშვნელოვანი მარცხი თქვენს ცხოვრებაში და რა გაკვეთილი ისწავლეთ მისგან?

რა თქმა უნდა ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის მარცხი და არის წარუმატებლობები, მათ შორის მეც მქონდა მსგავსი შემთხვევები. ამის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია, მთავარია თუ როგორ აღიქვამს ადამიანი ასეთ შემთხვევებს. ყველა წარუმატებლობა და მარცხი მიღებული ცოდნა და გამოცდილებაა, სწორედ ესე უნდა შეაფასოს ყველამ ეს ცხოვრებისეული მოვლენა და ყოველთვის შეეცადოს, რომ მარცხშიც ნახოს დადებითი, აამაღლოს საკუთარი მოტივაცია და განეწყოს პოზიტიურად.

როგორც ვიცით პიროვნული განვითარებისთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ თვიგანათლებას, ხშირად კითხულობთ ლიტერატურას ბიზნესის, გაყიდვების, საბანკო საქმისა და მენეჯმენტის შესახებ. რომელ მათგანს ურჩევდით ჩვენს მკითხველს და რატომ?

ზოგადად რამდენიმე წიგნის წაკითხვა და სწრაფი შედეგების მოლოდინი არასწორია. იმისათვის, რომ მიიღო კარგი შედეგი, აუცილებელია საკუთარ თავზე მუშაობა გადაიქცეს ჩვევად. თუ ადამიანმა ეს მოახერხა, ის არასდროს გაჩერდება და საკუთარ თავზე მუშობა მისი ცხოვრების ნაწილი გახდება. ერთ-ერთმა პირველმა ბიზნეს წიგნმა, რომელიც მე წავიკითხე Brian Tracy-ის -- Goals, შეცვალა ჩემი აზროვნება, ჩემი ხედვა და მიდგომები. ამის მერე მუდმივად ვკითხულობ სხვადასხვა ლიტერატურას. დღეისთვის მაქვს წაკითხული 200-მდე სხვადასხვა ბიზნეს წიგნი. შესაბამისად თქვენი ჟურნალის მკითხველებსაც ვურჩევ, რომ დაიწყონ და წაიკითხონ პირველ რიგში ისეთი წიგნი, რომელიც აამაღლებს მათ მოტივაციას და გაუჩენს მეტის სწავლის სურვილს.

რჩევები, რომელთაც ყველა წარმატების მსურველ ადამიანს მისცემდით?

ალბათ ერთი კონკრეტული რჩევის დასახელება არასწორია, ამიტომ შევეცდები რამდენიმე მოკლე რჩევა მივცე თქვენი ჟურნალის მკითხველებს:

  • იყავით მონდომებული;
  • დაისახეთ მიზნები და გააკეთეთ ყველაფერი მათ მისაღწევად;
  • არ შეეგუოთ დამარცხებას, იბრძოლეთ ბოლომდე;
  • თუ სხვა ადამიანის შეუძლია რაიმეს გაკეთება, ეს შეგიძლიათ თქვენც;
  • გააგრძელეთ მუდმივად სწავლა და არ შეჩერდეთ მიღწეულზე;
  • იყავით ენთუზიაზმით აღსავსე, იყავით ოპტიმისტი;
  • შეარჩიეთ პროფესია სადაც თვლით, რომ შეგიძლიათ მიაღწიოთ სხვებზე უკეთეს შედეგებს;
  • ისწავლეთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება;
  • გააანალიზეთ მიღებული გამოცდილება;
  • შეარჩიეთ მისაბაძი ადამიანები და დანერგეთ თქვენ ცხოვრებაში მათი დადებითი თვისებები;
  • იყავით ორიენტირებული შედეგებზე;


ჟურნალი 4motivi-ის მასალები
http://www.4motivi.com/2012/11/tbc-pay.html#.UKStI-ROSSo

| გააზიარე
მოგწონთ?