წარმოება თუ ბრენდინგი?


დღეს მსურს მოგცეთ ერთი ძალიან საინტერესო რჩევა, რომელსაც შეუძლია როგორც თქვენი კომპანიის მოგების ზრდა, ასევე თქვენი შემოსავლების გაზრდაც იმ შემთხვევაში, თუ ამ ყველაფერს სწორი კუთხით შეხედავთ.

საუბარი ეხება ბრენდინგს და იმ ტენდენციებს, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით არსებობს.

საინტერესოა, რომ ყველა ცდილობს შექმნას ან აწარმოოს რაიმე, თუმცა უცნაურია, რომ ყველა ცდილობს აწარმოოს პროდუქტი და არა ბრენდი. უფრო სიღრმისეულად რომ გავიაზროთ, რაზე მაქვს საუბარი, შევხედოთ ამ საკითხს ასე. ძალიან ბევრი ჩვენი კლიენტი ან მეგობარი ცდილობს აწარმოოს პროდუქტი, დაახასიათოს ის როგორც ხარისხიანი, საიმედო, ხანგრძლივი მომხმარების, საჭირო, ხელმისაწვდომი და ა.შ. არის ბევრი საინტერესო ფაქტორი, რომლის გამოც მისი წარმოება სურთ და თვლიან, რომ ამ შემთხვევაში, დიდი მოგებაა გარანტირებული.

თუმცა აღსანიშნავია, რომ ბიზნესის ფასეულობათა ჯაჭვში წარმოებას არ უჭირავს მთავარი პოზიცია, გაცილებით დიდი წილი მოგებაში გაყიდვებსა და ბრენდინგზე მოდის.

საქმე იმაშია, რომ როდესაც ვქმნით პროდუქტს, თუ არ შევქმენით ბრენდი, ჩვენზე წინ ყოველთვის ის იქნება, ვინც ზრუნავს ბრენდის იმიჯზე. თუნდაც ავიღოთ IKEA-ს მაგალითი, რომელსაც არ აქვს საწარმო, იღებს შეკვეთებს, მუშაობს დიზაინზე და არის გამყიდველი. ის წყვეტს, როგორი ვიზუალის პროდუქციაა საჭირო, შემდეგ აცხადებს ტენდერებს და მწარმოებლები იბრძვიან გამარჯვებისთვის, რომ შექმნან ის კონკრეტული პროდუქტი.

ყველაზე საინტერესოა ის, ვინ არის ასეთი მიდგომით საბოლოოდ მოგებულ პოზიციაში? ფაქტია, რომ ეს აშკარად არ არის მწარმოებელი და ყოველთვის ბრენდი რჩება მოგებული. შესაბამისად, თუ გსურთ, რომ რაიმე გააკეთოთ ღირებული და გქონდეთ წარმატებული ბიზნესი, იზრუნეთ ბრენდის შექმნაზე.

სამწუხაროა, რომ ქართველი ბიზნესმენების უმრავლესობამ არ იცის ამ მიდგომის შესახებ და სწორედ ამიტომ ქართულ ბაზარზე დაულაგებელი  ბრენდები არის წარმოდგენილი. საინტერესოა ისიც, რომ სრულყოფილი ბრენდი, წარმატებული ხდება. სხვათაშორის ქართულ ბაზარზე არსებობს სრულყოფილი ბრენდები, რომლებიც შექმნილია წარმატებული ქართველი მარკეტერების მიერ, მაგრამ მათი რაოდენობა ძალიან მცირეა.

ყველაფრის გათვალისწინებით, მთავარი რჩევა მდგომარეობს იმაში, რომ თანამედროვე ბიზნესში, უარი უნდა თქვათ წარმოებაზე. ნაცვლად კი ორიენტირი აიღოთ ბრენდის შექმნაზე. შექმენით პროდუქციის იდეა და დიზაინი, ხოლო შემსრულებელს ყოველთვის იპოვით.

საქართველოშიც არის ძალიან ბევრი შესაძლებლობა აწარმოო სხვადასხვა პროდუქცია, თუმცა ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა. პრიორიტეტულია ბრენდის პლატფორმა, ფილოსოფია, კომუნიკაცია, რაზეც ცალკე, სხვა სტატიებშიც აუცილებლად გვექნება მომავალში საუბარი.

| გააზიარე
მოგწონთ?