კომპანიის ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი - თანამშრომლები


ქართულ კომპანიებთან ურთიერთობის დროს, სამწუხაროდ ხშირად მახსენდება ერთი ძალიან საინტერესო დიალოგი, როდესაც კომპანიის ფინანსური დირექტორი ეუბნება გენერალურ დირექტორს: ,,ჩვენ ვაპირებთ თანამშრომლების განვითარებას, თუმცა ისე რომ მოხდეს, ჩავდოთ ფული მათ განვითარებაში და მათ დატოვონ სამსახური?“ დირექტორი კი პასუხობს: ,,რომ არ ჩავდოთ ფული მათი კვალიფიკაციის ამაღლებაში და ასეთი თანამშრომლები დარჩნენ კომპანიაში, მაშინ რა გავაკეთოთ?“

ეს არის ძალიან საინტერესო დილემა ნებისმიერი კომპანიისთვის და სამწუხაროა, რომ ბევრი ქართული კომპანია არ ცდილობს თავიანთი თანამშრომლების განვითარებას. სინამდვილეში კი, თანამედროვე ბიზნესში, ადამიანური რესურსი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია, რომლის განვითარებაზე ბევრი რამ არის კომპანიაში დამოკიდებული.

რეალურად, არც ერთი ომი არ მოუგია მხოლოდ და მხოლოდ გენერალს, ომს ყოველთვის იგებს ჯარი. გარდა იმისა, რომ ჩვენ უნდა დავაკომპლექტოთ გუნდი კარგი თვისებების მქონე პროფესიონალებისაგან, დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ვიზრუნოთ მათ განვითარებაზე. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ გენერალი, გყავთ საუკეთესო ჯარისკაცები, რომლებიც არ ვარჯიშობენ, არ აქვთ წვრთნები, პერიოდული სროლები, მანევრი და ა.შ. ჩათვალეთ, რომ ამ დროს გყავთ ძალიან ცუდი ჯარი. სწორედ ასეთი რამ რომ არ მოხდეს თქვენს ბიზნესში, უნდა ჩადოთ გარკვეული თანხები თქვენი თანამშრომლების მუდმივად ფორმაში ყოფნისთვის.

როგორ შეიძლება გააკეთოთ ეს ყველაფერი? ძალიან კარგი მეთოდია შიდა სისტემებით კადრების განვითარება, თუმცა გარდა ამისა, შესაძლებელია გარე კომპანიების დახმარებით, გარკვეულ უნივერსიტეტებში თანამშრომელთა სწავლების დაფინანსებით და ა.შ.

რაც უფრო მეტ დროს დაუთმობთ თქვენი გუნდის წევრების აღზრდას, რაც უფრო სწორ ინვესტიციებს ჩადებთ თქვენს თანამშრომლებში, მით უფრო მარტივად შეძლებთ ამ ინვესტიციების ამოღებას. რაც ყველაზე საინტერესოა, თანამედროვე ბიზნესში, ძალიან კარგად შეგიძლიათ დაინახოთ ამ ინვესტიციებით მიღებული შედეგები. შესაბამისად, თქვენ მალევე მიხვდებით, თუ რამდენად კარგ უკუგებას მოგიტანთ თანამშრომლების განვითარებაში ჩადებული სწორი ინვესტიციები.

მაშასადამე, თქვენ შეგიძლიათ გათვალოთ, თუ რა თანხის ინვესტირება გიღირთ თქვენს თანამშრომლებში, თქვენი გუნდის განვითარებაში და შემდგომ უკვე შექმნათ სისტემები, დანერგოთ სხვადასხვა მეთოდები, მაგალითად წიგნის მოყვარულთა კლუბი, სადაც გაუცვლით ერთმანეთს ინფორმაციას და ა.შ.

მთავარია, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია და რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. ამიტომ უბრალოდ დაფიქრდით, რა შედეგს მიიღებს თქვენი კომპანია, როგორ გაიზრდება თქვენი მოგება, თუ თქვენ დახარჯავთ დროს, ენერგიასა და ფულად რესურსებს, თქვენი თანამშრომლების განვითარებაში.

| გააზიარე
მოგწონთ?