როგორ უნდა გადაანაწილოს ხელმძღვანელმა პრიორიტეტები?


ხელმძღვანელები ხასიათდებიან იმით, რომ ხშირად ამაყობენ თავიანთი ცოდნით იმ კონკრეტული პროდუქტის ირგვლივ, რასაც აწარმოებს მათი კომპანია. მოდით შევხედოთ ამ საკითხს სხვადასხვა კუთხით. რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ხელმძღვანელი იყოს ჩართული დეტალებში  და იცნობდეს კარგად იმ საქმიანობას, რასაც მისი კომპანია ეწევა. ჩნდება შეკითხვა, ხომ არ სჯობს, რომ მას ჰყავდეს შესაბამისი დონის მენეჯერები, რომლებიც ამ ყველაფერს გააკეთებენ მაღალ დონეზე?

მე მქონია შეხება ბევრ კომპანიასთან, სადაც გენერალური დირექტორი ამაყობს, თუ რამდენად კარგად ფლობს ყველა დეტალს და ყველა საკითხი თანხმდება მასთან. ერთი შეხედვით ეს შეიძლება ცუდად არც მოგეჩვენოთ, რადგან დიახ, ის დერექტორია და ყველაფრის საქმის კურსში უნდა იყოს. თუმცა არსებობს ალტერნატიული მოსაზრებაც, თუ რატომ უნდა იცოდეს დირექტორმა ყველაფერი, იღებდეს ყველა გადაწყვეტილებას და უნდა იყოს ყველაფერზე პასუხისმგებელი?!

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, შევხედოთ საუკეთესო ლიდერებს, რომლებმაც უკვე დიდ წარმატებას მიაღწიეს. რეალურად, ასეთი ლიდერები არ აკვირდებიან ყველა დეტალს, მათთვის მთავარი საბოლოო შედეგია, ხოლო მის მისაღებად არ არის აუცილებელი ყველაფერში თავად ჩაერიოს. რითი ფასდება ლიდერი? ის ფასდება თავისი კომპანიის საბოლოო შედეგებით.  იმ რესურსის და ცოდნის, რომელიც მას აქვს, უფრო ეფექტურად, სხვა მიმართულებით გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება კომპანიამ უფრო მეტი შედეგი მიიღოს.

შესაბამისად, იყავით ფოკუსირებული არა თითოეულ წვრილმანზე, არამედ ძალიან მაგარი გუნდის შეკრებაზე, რადგან ასეთ გუნდს უფრო მაგარი შედეგების დადება შეუძლია. რაც უფრო მეტი ვარსკვლავი იქნება გუნდში, მით უფრო კარგად წავა კომპანიის საქმეები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული და შეიძლება ასეთი სუპერვარსკვლავები ერთმანეთს კარგად ვერ შეეწყონ, თუმცა ეს არგუმენტები არ არის საკმარისი, რომ მოცემულ იდეაზე უარი თქვათ.

მთავარია მიიღოთ გადაწყვეტილება, იმოქმედოთ და დააკომპლექტოთ ძლიერი გუნდი. სწორედ ძლიერ გუნდს მოუპოვებია ბევრი ისეთი გამარჯვება, რაც ცალკეული თანამშრომლებისთვის არ არის შესაძლებელი.

ჩემი კარიერის მანძილზე, მეც არასდროს დამიხარჯავს დროს პატარა დეტალებზე და ვიყავი ორიენტირებული მყოლოდა ძლიერი გუნდი. თქვენც გირჩევთ, რომ მსგავსად გადაანაწილოთ პრიორიტეტები, რადგან ასეთი მიდგომა გაცილებით უკეთესი შედეგების მომტანია კომპანიისთვის.

| გააზიარე
მოგწონთ?