როგორ შევწყვიტოთ მიზეზების ძიება და დავიწყოთ ლოგიკური მიზნების დასახვა?


ძალიან ხშირად მისვამენ შეკითხვებს შემოსავლის გაზრდასთან დაკავშირებით, ხშირად მაქვს საუბარი ამ თემაზე და ყოველთვის არის ერთი და იმავე პრობლემა. ადამიანებს სურთ შემოსავლების ზრდა, თუმცა არ აქვთ ეს ყველაფერი გამოსახული მიზნებში. მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც ამ საკითხს უკავშირდება არის ის, რომ როდესაც რაიმე არ გვაქვს მიზნებში გამოსახული, ეს რჩება როგორც მხოლოდ სურვილი, არ არის მასში განსაკუთრებული ძალისხმევა ჩადებული, არ არის შესაბამისი მოქმედება განხორციელებული და შედეგსაც ვერ ვიღებთ.

გვაქვს მეორე უკიდურესობაც, მაგალითად მქონია შემთხვევა, როდესაც ჩემს ერთ-ერთ სემინარზე მოსულა ადამიანი, რომელიც აპირებდა გამხდარიყო ერთ წელში მსხვილი კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რამაც ძალიან გამაკვირვა. ერთ წელში ასეთი რამ, არალოგიკური მიზანია, რადგან ამ პერიოდში ამის განხორციელება შეუძლებელია დამწყები მარკეტერისთვის. შესაბამისად ჩვენ უნდა დავისახოთ მკაფიო, თანმიმდევრული, შესაბამისი და რეალური მიზნები, რადგან როდესაც არალოგიკურ მიზნებს ვისახავთ, საბოლოო ჯამში ვერ ვაღწევთ მოცემულ მიზანს. ამის მიზეზი კი პირველ რიგში არის ის, რომ თეორიულად შეუძლებელია მისი მიღწევა და გაცილებით მეტი დრო სჭირდება ამ ყველაფერს.

მიზნის ვერ მიღწევა სხვადასხვა პრობლემებს იწვევს მომავალში, რადგან იწყება მიზეზების აღმოჩენა, თუ რატომ ვერ გამოვიდა ეს ყველაფერი, ჩნდება ეჭვები, მაგალითად, რომ ყველაფერი ჩაწყობით არის, ვაბრალებთ ქვეყანას, მთავრობას და ა.შ. თუმცა სინამდვილეში მთავარი პრობლემა სხვაგან უნდა ვეძებოთ.

რეალური პრობლემა მიზნების დასახვაშია. მაშინ, როდესაც იტყვით, რომ მიზანდასახული ხართ, უნდა შეეჩვიოთ ერთ რამეს. დასახული მიზანი აუცილებლად უნდა შესრულდეს. ამ ყველაფერს კი გამომუშავება სჭირდება.

თავდაპირველად შეგიძლიათ დაისახოთ პატარ-პატარა მიზნები, მიაღწიოთ მათ. მაგალითად ასეთი მიზანი შეიძლება იყოს, რომ გაზრდით შემოსავალს შემდეგი ერთი წლის განმავლობაში 10%-ით, რაც სრულიად ლოგიკურია, ან შემდეგი ერთი წლის მანძილზე დაიკლებთ 15 კილოს, რაც აგრეთვე რეალურად მიღწევადია. ეს მიზნები მაგალითია იმისა, რომ ადამიანს შეუძლია მიზნების დასახვა და მათი მიღწევა.

მნიშვნელოვანია, რომ გამოიმუშაოთ უნარი, რომლის მიხედვითაც დაისახავთ მიზნებს და მიაღწევთ მათ, რაც საკმაოდ ადვილია და პრაქტიკაში გამოყენება სჭირდება. შესაბამისად დაფიქრდით, რა მიზნები გაქვთ ახლა, ჩამოწერეთ მინიმუმ 20 მიზანი და შეასრულეთ, რაც მოგიმატებთ თვითრწმენას და დარწმუნდებით, რომ ყველაფერი შეგიძლიათ. ამის შემდეგ კი შეძლებთ, რომ დაისახოთ გაცილებით რთული მიზნები და მიაღწიოთ მათ.

 


დავით კენჭაძე

| გააზიარე
მოგწონთ?