დილის მოტივაცია წარმატებული დღის საწინდარია


თანამშრომლების მოტივაცია ყველა თანამედროვე ლიდერისთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა. სხვადასხვა ხელმძღვანელები განსხვავებულად უდგებიან ამ საკითხს და დღეს მე მინდა მოგცეთ რჩევა, რომელსაც შეუძლია რადიკალურად შეცვალოს თქვენი თანამშრომლების ყოველდრიურობა. საკითხი ეხება დილით თანამშრომლების მოტივაციას.

საქართველოში ძალიან ცოტა კომპანიაა, სადაც ხელმძღვანელები ან სტრუქტურული ერთეულის მენეჯერები ამოტივირებენ დილიდან თანამშრომლებს. ძირითადად მოტივაციის საკითხი გაყიდვების განყოფილებაშია დანერგილი გარკვეულ დონეზე, სხვა შემთხვევაში კი თანამშრომლებთან ურთიერთობის ეს მნიშვნელოვანი მომენტი უბრალოდ არც ახსოვთ.

როგორ იწყება დილა, როცა არ არის შეძახილები, არ არის გამამხნევებელი სიტყვები, მუსიკა და ა.შ.? ამ დროს თანამშრომლები არიან მოდუნებულები, არ არიან კარგად გამოღვიძებული, არ აქვთ ის მუხტი, რომ მალევე მოვიდნენ ენერგიაზე და დაიწყონ შემართებით მუშაობა.

შეიძლება კი ამ ყველაფრის გამოსწორება? დიახ, ეს შესაძლებელია, თუ ხელმძღვანელი დანერგავს წესს, რომელიც გულისხმობს გუნდის წევრების დილიდან მოტივირებას და ეს შეეხება არა მხოლოდ გაყიდვების, არამედ სხვა მიმართულების თანამშრომლებს.

დილის მოტივაცია აუცილებლად უნდა იყოს დაკავშირებული გარკვეულ პოზიტივთან. მაგალითად, მე ვიცი ერთი კომპანია, სადაც დეპარტამენტის გუნდის წევრები დილას იწყებენ კარაოკეთი. მართალია ზოგიერთმა თქვენგანმა შეიძლება იფიქროს, რომ დილით რა დროს სიმღერაა, თუმცა სინამდვილეში ეს არის ძალიან კარგი მუხტის მომცემი, რაც თანამშრომლებს ენერგიულად მუშაობის განწყობას უქმნის.

მნიშვნელოვანი მომენტია ისიც, რომ არიან ხელმძღვანელებიც, რომლებიც არა მხოლოდ არ ზრუნავენ თანამშრომლების ამ კუთხით მოტივაციაზე, არამედ პირიქით, დილას მათი დემოტივაციით იწყებენ. ეს ძალიან არასწორი მიდგომაა, რადგან რეალურად, თანამშრომლის იმ დღის პროდუქტიულობა ზუსტად დაკავშირებულია იმასთან, თუ რამდენად დიდი მოტივაციით დაიწყო დილა.

შესაბამისად, დაფიქრდით, რამდენად კარგად შეიძლება იმოქმედოს დილით განსხვავებულმა, პოზიტიურმა მუხტმა თანამშრომლებზე, რომლებიც სულ სხვა დამოკიდებულებით გააგრძელებენ მუშაობას.

ეცადეთ, რომ მოიფიქროთ ისეთი ელემენტები, რომლითაც დაიწყებთ დილიდან მათ მოტივირებაზე ზრუნვას. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება შეძახილები, სიმღერა თუ სხვა რამ, მთავარია, რომ ეს ყველაფერი იყოს ბუნებრივი. ხოლო იმისათვის, რომ ბუნებრივი იყოს, საჭიროა თქვენ თავად იწრმუნოთ ამ ყველაფრის ძალის, მთელი გულით გააკეთოთ ეს ყველაფერი და არა ვინმეს დავალებით. მსგავსი შეხვედრები არ უნდა იქცეს რუტინად და უნდა იყოს სახალისო, სასიამოვნო და შთამაგონებელი.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დანერგავთ მოცემულ წესს, პირობას გაძლევთ, რომ თქვენი თანამშრომლების პროდუქტიულობა მინიმუმ 5-10%-ით გაიზრდება.

| გააზიარე
მოგწონთ?