სამსახური ქუჩა არ არის!


წლების განმავლობაში ვაკვირდებოდი სხვადასხვა კომპანიების ხელმძღვანელებს, გუნდის მენეჯერებს, ვსწავლობდი მათ ქცევას და ერთ ძალიან საინტერესო დასკვნამდე მივედი, რომელიც მინდა დღეს ამ სტატიის მეშვეობით გაგიზიაროთ. რეალურად, უფროსების უმრავლესობა უშვებს ერთსა და იმავე შეცდომას და სწორედ ამ შეცდომაზე გვექნება საუბარი.

საუბარი მაქვს დიქტატორის ტიპის მენეჯერებზე. დავფიქრდეთ, რა სურთ ამ ხელმძღვალენებს. მათ უნდათ, რომ ყველა ემონებოდეთ, ყველა მაშინვე ეთანხმებოდეს მათ იდეებს, მათ მოსაზრებებს. ასეთ ხელმძღვანელებს არ უყვართ, როდესაც ვინმე ეწინააღმდეგებათ. მათ სურთ, რომ ყველა მოწიწებით, თქვენობით ელაპარაკებოდეს და გუნდი უბრალოდ მიჰყვებოდეს, ისინი კი რეალური ლიდერები იყვნენ. ქუჩაში სიარულის დროსაც კი, მათ უხარიათ, როცა უკან თავისი გუნდის წევრები მიყვებიან, თვითონ კი შედარებით წინ მიდიან. ასეთ ხელმძღვანელებს ჩვევიათ დამამცირებელი ქმედებები, უტაქტო მიმართვები, ზოგიერთი მათგანი მანდილოსანსაც კი არ ერიდება, უხეშად ლაპარაკობენ და არის შემთხვევები, როდესაც გინებაზეც კი გადადიან. თუმცა ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ასეთ საუბარს ეს ადამიანები ყველას ვერ უბედავენ და იცით რატომ? იმიტომ, რომ უბრალოდ ეშინიათ.

როდესაც ვაკეთებდი ასეთი ადამიანების შედარებას, მივედი ძალიან საინტერესო დასკვნამდე, რომ მათი ქცევა ჰგავს ქუჩის კანონებს. მათ სურთ, რომ იყვნენ ჩვეულებრივი ქუჩის ლიდერები, რადგან ასეთი მიდგომები მიღებულია სწორედ იქ. ისინი დიდი ხანია გაცდნენ თინეიჯერობის ასაკს, მსგავსი რამ კი აღარ ხდება მათ ცხორებაში, ისინი აღარ არიან ქუჩაში და მუშაობენ სამსახურში მაგრამ იყენებენ ამ მეთოდებს.  ჩნდება შეკითხვა - რატომ იქცევიან ეს ზრდასრული ადამიანები ისე, როგორც იქცეოდნენ ბავშვობაში?

როდესაც მე შევისწავლე, რამდენიმე ასეთი ადამიანის ბიოგრაფია, მივედი ძალიან საინტერესო დასკვნამდე, რომ რეალურად ყველაფრის დასაწყისი სწორედ ბავშვობაა. ბავშვობაში მათ ქონდათ სურვილი, რომ ყოფილიყვნენ ასეთი ლიდერები თავიანთ მეგობრებთან, საახლობლო წრეში, იმ ასაკში კი მათ ამის შესაძლებლობა არ მიეცათ, რის გამოც გარკვეული ბოღმა და სიძულვილი დაუგროვდათ. ისინი ალბათ იჩაგრებოდნენ ბავშვობაში, რადგან ქუჩის კანონებიდან გამომდინარე, შედარებით ძლიერები სუსტებს ყოველთვის ჩაგრავენ. ასეთ ბავშვებს უგროვდებათ სიძულვილი და გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა მათ მიეცემათ ძალაუფლება თუნდაც სამსახურში, ისინი იწყებენ სამაგიეროს გადახდას და იყენებენ იგივე მეთოდებს, რასაც იყენებდნენ მათ წინააღმდეგ. უბრალოდ ჩნდება კითხვა - რა შუაში არიან მათი თანამშრომლები? . . .

ეს ის შემთხვევაა, როდესაც ამ სიტუაციას ანალიზი აღარ სჭირდება, რადგან ყველაფერი ისედაც ნათელია. უბრალოდ უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ მსგავსი ქმედება მიუღებელი და ყოვლად გაუმართლებელია, ამიტომ არასდროს არ უნდა მოვიქცეთ ასე მაშინ, როდესაც ჩვენ დაგვაწინაურებენ და ჩაგვაბარებენ გარკვეული ადამიანების გუნდს.

| გააზიარე
მოგწონთ?