სად უნდა ვიბრძოლოთ კლიენტის გულისთვის?


ბრენდის მართვა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ამისთვის ბევრ რამეს აკეთებენ კომპანიის მენეჯერები. თუმცა ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ როგორც პატარა, ასევე საკმაოდ დიდი კომპანიების ხელმძღვანელებიც კი ფიქრობენ მხოლოდ ლოგოს შექმნაზე, ფერებზე, ფონტზე და სხვადასხვა ვიზუალურ მახასიათებლებზე მაშინ, როცა მთავარი ამ დროს არის ბრენდის კონცეფცია, ის, თუ რა არის ბრენდი, რას სთავაზობს ის მომხმარებელს და რა დაპირებებს აძლევს მათ.

თანამედროვე ბიზნესში მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა კომპანიებს შორის მიმდინარეობს მომხმარებლის გონებაში და ის, თუ რამდენად მოწინავე პოზიციებს დაიკავებს თქვენი კომპანია იქ, საბოლოოდ აისახება თქვენს ფინანსურ მაჩვენებლებში.

როდესაც ჩვენ ვქმნით ბრენდს, მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულად ჩვენი პროდუქტის შესაბამისი კატეგორიის გახსენებისას, მომხმარებლებს გავახსენდეთ ჩვენ. აქ იგულისხმება ის, რომ როდესაც ადამიანს დაუსვამ შეკითხვას, თუ რომელ პროდუქციას ანიჭებს უპირატესობას ამა თუ იმ კატეგორიაში, ჩვენ აღმოვჩნდეთ ,,Top-of-mind-ში, ანუ ვიყოთ პირველები, ვინც მათ გავახსენდებით.

აღსანიშნავია ისიც, რომ მომხმარებლებს ყოველთვის აქვთ შერჩეული რამდენიმე კომპანია, რომლებსაც განიხილავენ პროდუქციის შეძენისთვის. მაგალითად, რომ კითხოთ ვინმეს, თუ სად აპირებს ტექნიკის შეძენას, ის ჩამოგითვლით შესაბამისი რიგითობით კომპანიებს და თუ თქვენ თავში არ იქნებით, ძალიან ნაკლები შანსი იქნება მისი თქვენთან წამოსვლის.

როგორ უნდა აკონტროლოს მენეჯერმა თავისი კომპანიის ადგილი მომხმარებლის გონებაში? თავიდან უნდა მოხდეს გაზომვა სხვადასხვა კვლევის საშუალებით, რაც ინდივიდუალურია ყველა კომპანიისთვის და ხდება არსებული ბიუჯეტის შესაბამისად.

როდესაც კომპანია გამოკითხავს მომხმარებლებს და გაიგებს მათ მოსაზრებას თავისი პროდუქტის მიმართებაში, საჭიროა რომ დაისახოს მიზანი, რათა გააუმჯობესოს თავისი პოზიცია პოტენციური მომხმარებლების გონებაში. შემდეგ კი გაწეროს სამოქმედო გეგმა და ბიუჯეტი ამ მიმართულებით, ნაბიჯ-ნაბიჯ და კონკრეტული პროექტებით.

მთავარია ის, რომ როდესაც კომპანია აკეთებს ასეთ მიზანმიმართულ კამპანიას, უფრო მარტივია ამ ყველაფრის ბოლომდე მიყვანა, რადგან  როდესაც არსებობს მიზანი, აღარ ჩნდება სხვადასხვა შეკითხვა, რატომ უნდა განხორციელდეს ესა თუ ის ქმედება.

ამ დროს არსებობს ერთი მნიშვნელოვანი ფილტრი კითხვის სახით, რომელსაც საკუთარ თავს დაუსვამთ: ,,დამეხმარება თუ არა ეს მე დასახული მიზნის მიღწევაში?“, ხოლო თუ ამ კითხვაზე იქნება დადებითი პასუხი, მაშინ ამ ყველაფერზე დიდი ფიქრი აღარ მოგიწევთ და დარწმუნებული იქნებით, რომ მოცემული ქმედება საბოლოოდ სასურველ შედეგს მოგიტანთ.

 

| გააზიარე
მოგწონთ?