იღბალი თუ მონდომება?


ჩემი მსმენელები ხშირად ამბობენ, რომ იღბალი თუ არ გაქვს ვერაფერს მიაღწევ ცხოვრებაში. ვფიქრობ ამ თემის განხილვა თქვენთვისაც იქნება საინტერესო.

ეს საკითხი ჩნდება ხოლმე მაშინ, როდესაც განვიხილავთ მენეჯერების პერსონალურ თვისებებს. ჩემი მსმენელების ნაწილი ამბობს, რომ მარტო პიროვნული თვისებები არ არის საკმარისი და ხშირად საჭიროა იღბალი იმისათვის, რომ მიაღწიო წარმატებას კარიერაში. ხშირად მოჰყავთ მაგალითები იმის თაობაზე თუ ვის როგორ გაუმართლა და სწორედ ამის გამო მიაღწია მან კარიერულ წინსვლას.

მაგრამ რეალურად რა არის უფრო მნიშვნელოვანი იღბალი თუ მონდომება? მე ფიქრობ, რომ ალბათ ორივე თუმცა შესაბამისი წინაპირობით. მონდომება და მიზანდასახულობა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ადამიანისთვის. ალბათ დამეთანხმებით, თუ ადამიანს არ აქვს მიზანი და ვერ ხედავს სად მიდის შესაბამისად ის იქ მისვლასაც ვერ შეძლებს. წარმატებული ადამიანები ისახავენ მიზნებს და აკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ დასახულ მიზნამდე მივიდნენ.

სამწუხაროდ, ვიცნობ ბევრ ისეთ ადამიანს, რომელიც ელოდება თუ როდის გაუმართლებს და არაფერს აკეთებს ამისათვის, არადა ადამიანი თავის ცხოვრებას და იღბალს თვითონ ქმნის. არსებობს მიზეზ-შედეგობრივი კანონი, რომლის მიხედვითაც ყველა ხდომილებას ადამიანის ცხოვრებაში აქვს თავისი გამომწვევი მიზეზი, არაფერი არ ხდება უმიზეზოდ. მათ შორის ადამიანებს არ უმართლებთ უმიზეზოდ, ადამიანი თვითონ ქმნის შედეგებს თავისი ქცევით. რა თქმა უნდა, არსებობს ისეთი შემთხვევები, როდესაც ადამიანებს უსაზღვროდ უმართლებთ, თუმცა ეს იშვიათობაა.

ადამიანი, რომელიც მიზანდასახულია და აკეთებს ყველაფერს მიზნის მისაღწევად თვითონ ქმნის მის იღბალს. განვიხილოთ მაგალითი: თქვენ გინდათ, რომ გახდეთ გაყიდვების განყოფილების უფროსი, ამჟამად კი ხართ გაყიდვების აგენტი. თუ თქვენ დაიწყებთ მომზადებას მომავალი თანამდებობისათვის, გაივლით ტრენინგებს, წაიკითხავთ ამ თემაზე უამრავ სხვადასხვა წიგნს, მოამზადებთ გაყიდვების მოდელებს, სქემებს და სცენარებს, შეცვლით თქვენს ქცევას და აზროვნებას, დამიჯერეთ, გაცილებით უფრო მალე გაგიმართლებთ. ეს ძალიან კარგი მაგალითია იმისათვის, რომ დავინახოთ განსხვავება იღბალს და მონდომებას შორის. ჩემი რჩევაა, დაისახეთ მიზანი და შემდეგ გააკეთეთ ყველაფერი მის მისაღწევად  და თუ ამას უბრალო იღბალიც დაემატება თქვენი წინსვლა ორჯერ უფრო წარმატებული იქნება.

| გააზიარე
მოგწონთ?