ძალიან ხშირად ვმარცხდებით ყველაფერში, ჩვენ გვაკლია გამარჯვებულის მენტალიტეტი - დავით კენჭაძე


რადიო „კომერსნტის“ გადაცემა „კომერსანტის დილაში“  DK Capital-ის გენერალურმა დირექტორმა დავით კენჭაძემ, წარმატების ფორმულაზე,  პანდემიის პერიოდში მოტივაციის  შენარჩუნებაზე და სხვა  თემებზე ისაუბრა.

„რაც გვინდა დღეს იმის  სწავლა შეგვიძლია.  ჩვენ ვართ ყველაზე მაგარ პერიოდში, რა პერიოდშიც კი კაცობრიობას უარსებია, ჩვენ გვაქვს ინტერნეტი, რომელიც  სავსეა ძალიან ბევრი ინფორმაციით.

დღეს  შეგიძლია დაჯდე და იმეცადინო, იმისათვის რომ კონკრეტულ საკითხში გახდე ძლიერი, არ არის აუცილებელი, რომ წაიკითხო ასი წიგნი,  იმეცადინო და  სერთიფიკატები აიღო  უცხოეთში. ამის  გაკეთება დღეს  ძალიან მარტივია და შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად.

შესაბამისად, ადამიანები ირჩევენ იმ სფეროს, რომელიც მათ აინტერესებთ და სწორედ ამ  სფეროში აგრძელებენ განვითარებას. შესაძლებლობები უსაზღვროა და ადამიანებს შეუძლით ყველაფრის გაკეთება რასაც მოისურვებენ“ -  აღნიშნავს  დავით კენჭაძე.

კენჭაძის განმარტებით, ადამიანები სასწავლო პროცესის ონლაინ რეჟიმზე გადასვლას დადებითად აფასებენ  და უნივერსიტეტების სტუდენტების უმეტესობა ფიქრობს, რომ დისტანციური  სწავლება უფრო კომფორტულია ვიდრე ადგილზე სწავლება.

„მაგალითად ახალგაზრდა რომელიც სწავლობს თბილისში და ცხოვრობს ბათუმში, ახლა  ლექციებს ბათუმიდან ესწრება, აბარებს  გამოცდებს და ა.შ.

შეზღუდვებმა ბევრი კარგი რაღაც მოგვცა და ჩემი აზრით დისტანციური სწავლა არის ბევრად უფრო ეფექტური ვიდრე ფიზიკური  სწავლა.

100%-ით  ასე არ  უნდ ა იყოს,  რადგან გარკვეული სოციალიზაცია გვჭიდება, მაგრამ ალბათ  სანახევროდ  თუ  დარჩება  დისტაციური რეჟიმი,  ვფიქრობ, რომ ყველასთვის  ძალიან კარგი იქნება“ -  აღნიშნავს დავით  კენჭაძე.

კენჭაძემ გადაცემაში აღნიშნა, რომ კრიზისები ახალ  შესაძლებლობებს ყოველთვის აჩენს და  ადამიანებს დააფიქრებს იმაზე, თუ რამდენად კარგია ის, რასაც კრიზისამდე აკეთებდა, მისივე  განმარტებით კრიზისის  დროს  ადამიანები სხვა  თვალით  უყურებენ  შეცდომებსაც  და  შესაძლებლობებსაც.

„ძალიან ბევრმა  ადამიანმა დაინახა, რომ თურმე სოფლის მეურნეობის პროდუქციით დიდი შემოსავლის მიღებაა  შესაძლებელი, იგივეა გლობალურ  საკითხებში, როდესაც  ჩინეთისკენ  აღარ არის  აღებული ისეთი გეზი და ყველა  მიხვდა, რომ  ჩინეთზე დამოკიდებულება არ არის  კარგი და ეს  არა მარტო  ჩვენ  ქვეყანას  არამედ  თითოეულ  ჩვენგანსაც ეხება.

ჩვენს  ქვეყანასაც ეძლევა  შესაძლებლობა, რომ  სხვა ადგილი დაიკავოს მსოფლიოს დღის  წესრიგში.

მე მგონია, რომ ასეთი  შესაძლებლობები ყოველთვის არსებობს, უბრალოდ ვისაც უნდა ამ შესაძლებლობების დანახვა და ვინც მიდის და ამ მიმართულებით მუშაობს, ის  აუცილებლად აღწევს.

ადამიანების შესაძლებლობები მართლა  უსაზღვროა და ყველას შეუძლია იმის  მიღწევა, რასაც მართლა  გულით მოინდომებს , იმიტომ რომ სამწუხაროდ ყველა არ ინდომებს და ეძებს მიზეზებს, რომ თავი გაიმართლოს რატომ არ მიაღწია რამეს ცხოვრებაში“ - აღნიშნავს დავით კენჭაძე.

კენჭაძის განმარტებით,  მიზნების  გადახედვა შესაძლებელია, არ შეიძლება მასზე ჩაციკვლა და ახალი მიზნისკენ უნდა გააგრძელო სვლა.

„მე მაგალითად ბევრ ადამიანს ვიცნობ, რომელმაც ტურისტულ სფეროზე ხელი ჩაიქნია, რადგან ხედავენ რომ 2-3 წლის განმავლობაში ამ  სფეროს  პერსპექტივა არ აქვს.

ვფიქრობ რომ ასეთი მიდგომა  კარგი და  რაციონალურია. ამ პერიოდმა  საინტერესო  შესაძლებლობა მოგვცა, ადამიანებთან მე  ხშირი კომუნიკაცია მაქვს და ვიცი ისინი  რას ფიქრობენ.

ბევრს მობეზრდა მუშაობა იქ  სადაც  არიან,  ანუ  ერთ რუტინაში , მე  ვხედავ რომ ადამიანები  იძახიან, რომ მათ  სწავლა და განვითარება უნდათ.

მე მჯერა, რომ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ გამარჯვება, სამწუხაროდ ქართველები მივეჩვიეთ დამარცხებას, ძალიან  ხშირად ვმარცხდებით ყველაფერში, ჩვენ გვაკლია გამარჯვებულის მენტალიტეტი.

ეს არის  მთავარი გამოწვევა, რომელიც  ჩვენს  ქვეყანაში დგას, ეს  არის მენტალური ცვლილება, რომელიც გონებაში უნდა შეიცვალოს , რომ უბრალოდ უნდა  მივეჩვიოთ გამარჯვებას.  იქნება  ეს  სპორტი ეკონომიკა თუ  სხვა.

სამწუხაროდ, არაფერი არ  არის  ამ  ქვეყანაში ისეთი სადაც ვართ N1 , თუ მივეჩვევით გამარჯვებებს და გამარჯვების მენტალიტეტი გვექნება, მე  დარწმუნებული ვარ, რომ 2021 წელს  ამ  ქვეყნის მოქალაქეებს  ვერავინ შეგვაჩერებს“ -  აღნიშნავს  დავით კენჭაძე


თაკო კვაჭანტირაძე

 

 

| გააზიარე
მოგწონთ?