როგორ ვაიძულოთ დაქვემდებარებულ მენეჯერს წავიდეს კომპანიიდან


დღეს მინდა გაგიზიაროთ ერთი რეალური ისტორია ჩემი გამოცდილებიდან, რომელიც მოხდა წლების წინ და გაჩვენოთ თუ როგორ იქცევიან ტოპ მენეჯერები, როდესაც სურთ კომპანიიდან მნიშვნელოვანი ფიგურის გაშვება, თუმცა ამის გაკეთება მარტივად არ შეუძლიათ. 

არსებობს რამოდენიმე ხრიკი, რომელიც შეუძლია გამოიყენოს დამფუძნებელმა ან ტოპ მენეჯერმა თუ უნდა ერთ-ერთი მენეჯერის გაშვება სამსახურიდან. რა უნდა გააკეთოთ ასეთ შემთხვევაში?

პირველ რიგში უნდა შეპირდეთ ნათელ მომავალს და რა თქმა უნდა დანაპირები არ შეასრულოთ. მიახვედრეთ, რომ ატყუებთ მაგრამ კიდევ გააგრძელეთ დანაპირების მიცემა მანამ, სანამ მას სტრესსა და იმედგაცრუებაში არ ჩააგდებთ.

მეორე ნაბიჯია ნახოთ ვინ არიან მისი გუნდის წევრები, ვისთანაც მას კარგი ურთიერთობა აქვს და გაუშვათ ისინი სხვადახსვა მიზეზებით სამსახურიდან იმისათვის, რომ დააკნინოთ ეს ადამიანი.

ნუ შემოიფარგლებით მხოლოდ ამით და გააკეთეთ გამიზნული ქმედებებიც, მაგალითად: დააწინაურეთ ეს ადამიანი, რომ მისი თანამდებობის სახელი  უფრო თვალშისაცემი გახდეს, რეალურად კი მისი არსებული პოზიცია გადააბარეთ სხვას. დროთა განმავლობაში გააკეთეთ რესტრუქტურიზაცია, რომ ის საქმეები, რომლებიც ვითომ ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიისთვის ჩააბაროთ ამ ადამიანს. გარკვეული პერიოდის შემდეგ ის მიხვდება,  რომ ყველაფერი ტყუილია. თუმცა არც ამით გაჩერდეთ. არ ჩართოთ ეს ადამიანი თათბირებში იმ მიზეზით, რომ ის ძალიან დაკავებულია და არ გინდათ მოცდეს თავის საქმეს. შეაქეთ მისი მიღწევები (რომელსაც რეალურად დიდი ღირებულება არ აქვს კომპანიისთვის), მიუხედავად იმისა თუ რაოდენ უმნიშნელო შედეგი აქვს უთხარით, რომ მსგავსი გამარჯვება ამ დრომდე არ გინახავთ.

თუ ამ ყველაფერმაც არ გაჭრა და ის კვლავ აგრძელებს მუშაობას კომპანიაში, გამოიყენეთ “საიდუმლო იარაღი”: დაიწყეთ ჭორაობა დამფუძნებელთან ან საკუთარ ტოპ მენეჯერთან, რომ ეს ადამიანი არ არის მონდომებული, მას მეტი შეუძლია თუმცა ამ ყველაფერს არ აკეთებს იმიტომ, რომ ეზარება და ა.შ. გააგრძელეთ ასე მოქცევა მანამ, სანამ თავიდან მოსაშორებელი მენეჯერი არ მიხვდება, რომ მას  აშკარად რაღაცას უპირებთ.

აუცილებლად დააკვირდით, რომ თუ ამ ყველაფრის მიუხედავად ის კომპანიის ერთგული დარჩა, შემთხვევით არ წაიკითხოს ლი იაკოკას ბიოგრაფიული წიგნი, სადაც სწორედ ამ ხრიკებზეა საუბარი, რომელიც თავის დროზე მის წინააღმდეგ ჰენრი ფორდ მეორემ გამოიყენა.

არასდროს არ გამოიყენოთ ეს ხრიკები თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია იყოთ პატიოსანი ბიზნესში, ან უბრალოდ პატიოსანი ადამიანი. იყავით ყოველთვის პირდაპირი, თუ რაიმე არ მოგწონთ დაელაპარაკეთ პირდაპირ თქვენს თანამშრომელს, ირიბი თამაშები არ არის საჭირო. პირდაპირი საუბრით შესაძლებელია პრობლემების უფრო ეფექტურად მოგვარება და სასურველი შედეგების მიღება.

| გააზიარე
მოგწონთ?