დროის მენეჯმენტი - წარმატების დასაწყისი


ყოველდღიურად იზრდება უკმაყოფილება იმის გამო, რომ ვერ ასწრებთ საჭირო საქმეების დასრულებას? გინდათ გააკეთოთ ყველაფერი, მაგრამ ვერ ახერხებთ და შექმნილი დისკომფორტი არ გაძლევთ დასვენების და განტვირთვის საშუალებას? ესეიგი თქვენ ვერ მართავთ თქვენს ყველაზე ძვირადღირებულ რესურს - თქვენს დროს. რა გიშლით ამაში ხელს? სამსახური, სოციალური ქსელი, პირადი ურთიერთობები, არაეფექტურად გადანაწილებული სამუშაო დღე. შედეგად უკმაყოფილება საკუთარი საქმისა და პიროვნების მიმართ, რაც შემდგომში ახალი შესაძლებლობის გამოჩენისას პესიმიზმის საფუძველი ხდება. „მაინც ვერ მოვასწრებ, ამის დრო არ მაქვს.“ სინამდვილეში კი საჭიროა გააცნობიეროთ, რომ არ არსებობს დრო ყველაფრის გასაკეთებლად, რაც გვსურს, მაგრამ არის საკმარისი დრო იმის გასაკეთებლად, რაც საჭიროა. თუ განსაზღვრული გაქვთ რისი მიღწევაც გინდათ ცხოვრებაში, გარკვეული ხართ თქვენს მიზნებში, მაშინ იწყებთ დროის ეფექტურ დაგეგმვას.

დროის მენეჯმენტი არის ცხოვრების მართვა. თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ მოვლენების თანმიმდევრობა, აკონტროლოთ თუ რა უნდა გააკეთოთ შემდეგ და თქვენ ყოველთვის თავისუფალი ხართ არჩევანში - რა გააკეთოთ. მთავარია განსაზღვროთ მნიშვნელოვანი და ნაკლებად მნიშვნელოვანი დავალებები, რაც წარმატების გასაღებია.

პასუხი, თუ რატომ ხდება ზოგიერთი ადამიანი უფრო წარმატებული ვიდრე სხვა, არის ის, რომ ისინი ზუსტად საზღვრავენ ცხოვრებისეულ მიზნებსა და პრიორიტეტებს, ეფექტურად მართავენ საკუთარ რესურსებს, მართავენ ეფექტურად დროს.

მაგრამ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს? უნდა შევიმუშაოთ საკუთარი თავის დისციპლინა. ვაიძულოთ საკუთარი თავი უარი ვთქვათ ნაკლებად მნიშვნელოვან საქმეებზე და მავნე ჩვევებზე. ნაკლები დრო დავუთმოთ სოციალურ ქსელებს, ჟურნალ-გაზეთებს, სატელევიზიო შოუებს, წინასწარ განვსაზღვროთ მომავალი დღეების აქტივობები, გამოვყოთ მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი და ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმეები და მოვახდინოთ მათი დახარისხება. დღის დასაწყისშივე დავიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი დავალებების შესრულება და არ გადავიდეთ ახალ დავალებაზე მანამ, სანამ არ დავასრულებთ პირველს. გამოვიყენოთ დროის მართვის ცნობილი მეთოდები, მაგალითად როგორიცაა ABCDE მეთოდი, პარეტოს მეთოდი. შედეგად გაზრდით, როგორც საკუთარ ეფექტურობას, ისე პატივისცემას საკუთარი თავის მიმართ. გახდებით უფრო ამაყები შესრულებული დავალებების გადახედვისას. ამის შემდეგ კი იზრდება თვითრწმენა და ხდებით უფრო თავდაჯერებულები და ოპტიმისტები. ახალ შემოთავაზებებში კი საფრთხეებისა და წინასწარი წარუმატებლობის გრძნობას კი არა, ახალ შესაძლებლობებს დაინახავთ.

დაიწყეთ დროის მართვა დღეიდან და თქვენ შეცვლით ცხოვრებას, იქნებით უფრო კმაყოფილი საკუთარი პიროვნებით, გატარებული დღითა და შესრულებული საქმეებით. გახდებით უფრო წარმატებულები პირად ცხოვრებაში და საქმიანობაში.

| გააზიარე
მოგწონთ?