როგორ არ უნდა მოიქცეს ხელმძღვანელი კრიზისულ სიტუაციებში?


დღეს მე მინდა ვისაუბრო ერთ ძალიან საინტერესო საკითხზე და მივცე ხელმძღვანელებს რჩევები, თუ როგორ არ უნდა მოიქცნენ სამსახურში.

ზოგადად, არაერთი მაგალითი არსებობს, როგორ უნდა მართო სიტუაცია თანამშრომლებთან მიმართებაში, როცა საქმე ეხება კრიზისულ მდგომარეობას.

კრიზისები ყოველთვის ხდება და ცხოვრება სავსეა სხვადასხვა დაბრკოლებით, მათ შორის კომპანიას შეიძლება არაერთხელ დაუდგეს რთული ვითარება. ამ დროს, ზოგადად, ადამიანები, მათ შორის ხელმძღვანელები, იყოფიან ორ ჯგუფად. პირველ კატეგორიას მიეკუთვნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მაშინვე ჰყვებიან პანიკას და არის მეორე კატეგორია, რომლებმაც იციან, რომ ცხოვრებაში ყოველთვის არის კრიზისები და მათთან საჭიროა ბრძოლა.

იმ შემთხვევაში, თუ ხართ კომპანიის ხელმძღვანელი და არ იცით, როგორ მართოთ კომპანიაში კრიზისული სიტუაციები, მაგალითად ფინანსური კრიზისის დროს ამცირებთ ხელფასებს, უნდა იცოდეთ, რომ ეს არასწორია, რადგან ეს უკიდურესი ნაბიჯი უნდა იყოს ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ამ დროს, ყველანაირი ხარჯის შემცირება შეიძლება, გარდა თანამშრომლის ხელფასის შემცირებისა, რადგან ის კომპანიის ხერხემალია.

ზოგჯერ არსებობს კომპანიებში კრიზისები, როდესაც მაინც იძულებული ხართ შეეხოთ ხელფასების თემას, ამ დროს მნიშვნელოვანია რა ფორმით გააკეთებთ ამ ყველაფერს. ყოფილა შემთხვევები, როდესაც თანამშრომლისთვის მეილით შეუტყობინებიათ ეს ყველაფერი, ან მხოლოდ ტექსტური შეტყობინება მისვლიათ ხელფასის ჩარიცხვის თაობაზე, სადაც გაცილებით ნაკლები თანხა ჩარიცხულა იმაზე, ვიდრე შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ეკუთვნოდათ.

შესაბამისად, კარგად უნდა გვქონდეს გაცნობიერებული, რომ შეიძლება კრიზისი გვქონდეს კომპანიაში, მაგრამ ამ დროს კარგად უნდა დავფიქრდეთ და მოვიქცეთ გააზრებულად თანამშრომლებთან მიმართებაში. თუნდაც ხელფასის შემცირების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ისეთი ფორმით უნდა გავაცნოთ მათ, რომ გაგებით მოეკიდონ ამ ყველაფერს.  

თუ საუბარია გუნდზე, აუცილებელია, რომ ყველამ თანაბრად გაინაწილოს კომპანიის პრობლემები, იქნება ეს ფინანსური, თუ სხვა რამ. რაც მთავარია, ესაუბრეთ თანამშრომლებს და არ მოიქცეთ მათთან გულგრილად. პირიქით, მოუყევით კომპანიაში არსებული მდგომარეობის შესახებ და ერთად ჩაერთეთ მისი მოგვარების პროცესში, რადგან მათთვის ერთი ხელის მოსმით ხელფასების შემცირება, მხოლოდ უარყოფით შედეგებს მოგიტანთ.

შესაბამისად, შეინარჩუნეთ სიმშვიდე კრიზისების დროს, გათვალეთ ყველაფერი წინასწარ და არ შეამციროთ თანამშრომლების ხელფასები, თუ ეს გარდაუვალი არაა. ხოლო თუ მაინც მოგიწიათ ამის გაკეთება, აუცილებლად შეარჩიეთ სწორი ფორმა, რათა არ გამოიწვიოთ მათი დემოტივაცია და პირიქით, გააერთიანოთ ისინი ერთი მიზნის ქვეშ, რაც კომპანიის კრიზისიდან ერთობლივად გამოყვანას გულისხმობს.

| გააზიარე
მოგწონთ?