იყავი N1!


გუშინ შემთხვევით შემხვდა ადამიანი, რომელმაც მითხრა რომ მიცნობს, აქტიურად ეცნობა ჩემს მოსაზრებებს, სტატიებს და უყურებს ჩემს ვიდეოებს. გამიკვირდა მისი დამოკიდებულება, როდესაც აღნიშნა, რომ ძალიან აინტერესებდა ის რჩევები, რომელსაც მე ვაძლევდი. თუმცა მისი აზრით ჩემი რჩევები ყველა შემთხვევაში არ მუშაობს.

ბუნებრივია იმდენად დამაინტრიგებელი იყო მისი სიტყვები ჩემთვის, რომ გადავწყვიტე დეტალებში გავრკვეულიყავი და გამეგო რატომ ფიქრობდა ასე. დავუსვი შეკითხვა - რის გამო იყო ის უკმაყოფილო. მან კი მიპასუხა, რომ ბოლომდე იხარჯება, აკეთებს ყველაფერს ძალიან კარგად, მაგრამ ზოგჯერ არ უმართლებს. მაგალითად: ყველა საქმის წარმატებით გაკეთების შემდეგ გადაწყვიტა დასვენება და სწორედ ამ დროს შეამოწმა უფროსმა. რა უნდა გააკეთოს ამ შემთხვევაში? როცა უბრალოდ არ უმართლებს?

რა თქმა უნდა, იღბალი არსებობს და შეიძლება ზოგჯერ არ გაგიმართლოთ, თუმცა მნიშვნელოვანია იცოდეთ რა არის თქვენი მიზანი, როდესაც მუშაობთ. თუ თქვენ კარიერაზე ორიენტირებული ხართ, გირჩევთ მიიღოთ გადაწყვეტილება, რომ გახდეთ საუკეთესო. თქვენ უნდა იყოთ ნომერი პირველი თქვენს ორგანიზაციაში და როდესაც რაიმე დასჭირდებათ, პირველ რიგში თქვენ უნდა დაგავალონ, რადგან საუკეთესო ხართ და საქმეს აკეთებთ ისე, როგორც ვერავინ სხვა. მიზანია შექმნათ ასეთი იმიჯი და რეპუტაცია. მაგრამ როდესაც თქვენ დაიწყებთ ამაზე ფიქრს, თუ რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ ამ შედეგამდე მიხვიდეთ ძალიან მნივნელოვანია სწორად გააანალიზოთ რა მოქმედებებია საჭირო. ყოველთვის იფიქრეთ ასეთი კუთხით - რას გააკეთებდა ჩემს ადგილზე კომპანიის საუკეთესო თანამშრომელი? პასუხი დაგემხარებათ, რადგან თქვენი შინაგანი მე გაგცემთ სწორ და უტყუარ პასუხს, რომელიც საუკეთესო გამოსავალი იქნება მოცემულ სიტუაციაში.

ამიტომ, როდესაც არ იცით როგორ მოიქცეთ და გადაწყვეტილებაში ეჭვი გეპარებათ, დაუსვით შეკითხვა საკუთარ თავს და შემდეგ დაიწყეთ მოქმედება. გახსოვდეთ თუ დაისახავთ მიზნად გახდეთ საუკეთესო კომპანიაში, ამას აუცილებლად მიაღწევთ.

ზოგიერთი თქვენგანი ალბათ იფიქრებს, რომ ამ მიზნის მიღწევა არაფერს შეცვლის, რადგან სამსახურში მაინც არ დაგიფასდებათ ეს ყველაფერი. დიახ, შეიძლება ასეც მოხდეს, მაგრამ არაუშავს. კომპანია, სადაც არ გაფასებენ, თვითონვე იზარალებს, როდესაც თქვენ უკეთეს პოზიციაზე სამუშაოდ სხვა კომპანიები მიგიწვევენ.

| გააზიარე
მოგწონთ?