როგორ დავანგრიოთ გუნდი 2 თვეში


ჩემი კარიერის განმავლობაში მიმუშავია 100-ზე მეტ  კომპანიასთან, გამიკეთებია სხვადასხვა პროექტები, მივიღე მრავლამხრივი გამოცდილება, რომელიც  მინდა დღეს გაგიზიაროთ. თემა შეეხება ლიდერობას, დაკვირვების საგანს კი შემდეგი სათაურით წარმოგიდგეთ - როგორ გავანადგუროთ გუნდი 2 თვეში.

წარმოიდგინეთ სიტუაცია - თქვენ მიხვედით სამუშაოდ თქვენთვის ახალ კომპანიაში მენეჯერად, სადაც დაგხვდათ გუნდი, რომელიც შესაძლოა 100%-ით იდეალური არ არის, მაგრამ სხვებთან შედარებით გაცილებით კარგია, მართვის სტილი კი მოტივაციაზე ორინეტირებულია. ამასთანავე, ამ კომპანიის წარმატება სწორედ გუნდურობაზე და ურთიერთპატივისცემაზე იყო დამყარებული.

რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ დაანგრიოთ გუნდი 2 თვეში?

პირველ რიგში, უნდა გახდეთ დიქტატორი. თუ აქამდე დემოკრატიული პრინციპებით ხდებოდა გადაწყვეტილების მიღება, ახლა როგორც დიქტატორს შეეფერება ყველა გადაწყვეტილება ერთპიროვნულად უნდა მიიღოთ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიცნოთ თქვენი თანამშრომლები, ეს არ არის საჭირო. საკმარისია მხოლოდ მისალმება, ესეც უკეთეს შემთხვევაში.

აჩვენეთ თქვენს თანამშრომლებს ვინ არის უფროსი კომპანიაში. იჩხუბეთ, იყვირეთ, ისროლეთ საგნები. დაამტკიცეთ, რომ თქვენ ძლიერი, ერთადერთი და განუმეორებელი ხელმძღვანელი ხართ. შეედარეთ წინამორბედს. აჩვენეთ, რომ წინამორბედი არაფრის გამკეთებელი არ იყო, მიუხედავად იმისა თუ რა დონის შედეგებს მიაღწია მან. დაანახეთ სხვებს, რომ თქვენ კომპანიის გადასარჩენად მოვლენილი მესია  და ის ერთადერთი ადამიანი ხართ, რომელსაც ყველაფრის შეცვლა და გადარჩენა შეუძლია. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც პატივი უნდა გცენ.

გუნდის სწრაფი ნგრევისთვის აუცილებელი წესია მუქარა. ვერ აკეთებენ თანამშრომლები საქმეს? დაემუქრეთ, რომ გააგდებთ დღესვე. დათესეთ შიში. თუ ამ დრომდე თანამშრომლებს უხაროდათ სამსახურში მოსვლა, ეს უნდა შეცვალოთ. მათ უნდა ეშინოდეთ მოსვლა, თქვენი მართვის პრინციპების დამსახურებით, რაც თქვენ ერთადერთ და ნამდვილ მეფედ გაქცევთ ამ კომპანიაში.

აუცილებლად იამაყეთ საკუთარი მიღწევებით, ოღონდ არ დაგავიწყდეთ, რომ ეს მიღწევები, იმის მიუხედავად თუ რომელი თანამშრომლის დამსახურებაა, მიიწეროთ საკუთარ თავზე. არავითარ შეთვევაში არ აჩვენოთ თქვენს ზემდგომ ადამიანებს,  რომ თქვენს გარდა სხვასაც შეუძლია საქმის კეთება.

გამოიყენეთ ეს პრინციპები და თუ ძალიან მოინდომებთ, დარწმუნებული ვარ, 2 თვეზე ნაკლები დროც საკმარისი იქნება გუნდის დანგრევისა და განადგურებისთვის.

ჩემი რჩევაა - არასდროს, არავითარ შემთხვევაში არ გააკეთოთ ზემოთ აღწერილი ქმედებები. ეს დაანგრევს თქვენს იმიჯს, შეაჩერებს კომპანიის განვითარებას და კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს. წარმატების მიღწევა კი გარემოში, სადაც პატივისცემის ნაცვლად ადამიანები შიშით და აგრესიით მუშაობენ წარმოუდგენელი გახდება.

| გააზიარე
მოგწონთ?