ნუ იწუწუნებთ!


ეს ძალიან მრავლისმეტყველი და ამავდროულად ყველასთვის ახლო ტერმინი - წუწუნი, ხშირ შემთხვევაში არის ის, რაც ყველაზე მეტად გვიშლის ხელს შემოსავლების გაზრდაში, კარიერულ წინსვლაში თუ სხვადასხვა მიზნის მიღწევაში.

დღეს მსურს ვისაუბრო ამ საკითხზე და მინდა დავიწყო იმით, რომ ზოგადად ადამიანებს როდესაც რაღაც არ გამოსდით, იწყებენ ამ ყველაფრის სხვებისთვის გადაბრალებას. მათთვის ერთადერთი ვარიანტი წუწუნია, იწყებენ ნერვიულობას, რომ რაღაც არ ხდება ისე, როგორც მათ უნდათ, სხვები არ აკეთებენ რაღაცას ისე, როგორც მათთვის მნიშვნელოვანია და არის უამრავი მიზეზი ამ საკითხთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია ისიც, რომ წუწუნი ხშირ შემთხვევაში უკავშირდება როგორც პირად, ისე სამსახურეობრივ საკითხებს და ეს ორივე მხრივ მნიშვნელოვანი პრობლემაა, რადგან როდესაც აგრძელებთ წუწუნს, მცირდება თქვენი თავდაჯერებულობა. რეალურად კი თავდაჯერებულობა არის ის აუცილებელი თვისება, რომელიც აუცილებლად უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად.

რაც მეტს წუწუნებთ, მით მეტად მცირდება თვითდაჯერებულობა, ხოლო რაც უფრო მცირდება თვითდაჯერებულობა, მით უფრო გაგიჭირდებათ თქვენი დასახული მიზნების მიღწევა ცხოვრებაში. რაც ასევე საგულისხმოა, ეს ყველაფერი ცუდად ისახება თქვენს იმიჯზე, რადგან არავის მოსწონს ისეთი ადამიანები, რომლებიც უიმედოდ გამოიყურებიან და მოქმედების ნაცვლად წუწუნს იწყებენ.

თქვენ უნდა მოემზადოთ ფსიქოლოგიურად სრულიად განსხვავებულად. მაგალითად, როდესაც გაჩნდება რაიმე ფაქტორი, რომელზეც შეგიძლიათ დაიწყოთ წუწუნი, არსებობს ალტერნატიული და უფრო მომგებიანი ვარიანტი თუ რა უნდა გააკეთოთ ამ დროს. დაფიქრდით მიზეზზე და შემდეგ დაუსვით თქვენს თავს შეკითხვა, არის ეს ისეთი რამ, რასაც არ ეშველება? თუ ამ ყველაფერს არ ეშველება გამოდის, რომ წუწუნს აზრი არ ჰქონია, ხოლო თუ გამოსწორებადია, სჯობს დაიწყოთ მოქმედება. ამ დროს უნდა იფიქროთ თუ რისი გაკეთება შეგიძლიათ და მოეკიდოთ ამ ყველაფერს თვითრწმენით.

თვლით თქვენს თავს პროფესიონალად და პერსპექტიულ ადამიანად? თუ პასუხი დადებითია, გადადით მოქმედებაზე.

შესაბამისად, ჩემი რჩევა მარტივია, ყოველთვის შეხვდით თავდაჯერებული ნებისმიერ პრობლემას, დაფიქრდით რა არის მისი გამომწვევი მიზეზი, მოგვარებადია თუ არა ეს და ღირს თუ არა მასზე ენერგიის დახარჯვა, შემდეგ კი გადადით ქმედებაზე. გახსოვდეთ, რომ წუწუნით საქმეს არ ეშველება, მოქმედების დაწყება კი ნამდვილად გამოსავლის პოვნის გარანტია.

ასეთი მიდგომა დაგეხმარებათ შეამციროთ წუწუნი და გაზარდოთ მიღებული შედეგები, ეს უკანასკნელი კი პირდაპირპროპორციულად აისახება თქვენი შემოსავლების ზრდაზე.

 

| გააზიარე
მოგწონთ?