ბიზნეს დიეტა (ნაწილი #1)


თავიდანვე გეტყვით, რომ ეს სტატია იქნება ოდნავ განსხვავებული სხვა სტატიებისგან, იმიტომ რომ ძირითადად საუბარი გვექნება ცხოვრების ჯანსაღ წესზე

და სტატია არ იქნება პირდაპირ კავშირში ჩემს ძირითად მიმართულებებთან, თუმცა არაერთხელ მითქვამს, რომ ყველაფრის მიუხედავად ჯანმრთელი ცხოვრება უმნიშვნელოვანესია კარიერული წარმატების მისაღწევად. შესაბამისად ეს სტატია იქნება ძალიან გამორჩეული იმიტომ, რომ ბევრ პარალელს გავავლებ პერსონალურ ცხოვრებასა და ბიზნესს შორის.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოტივი თუ რატომ გადავწყვიტე დამეწერა რამდენიმე სტატია ამ თემაზე არის პირადად ჩემი შედეგი (ისევე, როგორც სხვა სტატიებში მე გაძლევთ იმ რჩევებს, რომლებიც ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი) ამ მიმართულებით. მას შემდეგ, რაც მივიღე გადაწყვეტილება მეცხოვრა ჯანმრთელი ცხოვრების წესით, დავიკელი 22 კილოგრამი. შედეგად ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც არ მყავდა ნანახი ამ პერიოდის განმავლობაში, შეხვედრისას მეკითხებოდა თუ როგორ მივაღწიე ამ შედეგს და ყველა მთხოვდა რჩევას. სამწუხაროდ, დროის უქონლობის გამო ვერ ვახერხებ ამ ადამიანებისათვის სრულყოფილი კონსულტაციის გაწევას, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ყველა ჯანმრთელი ცხოვრების წესთან დაკავშირებული საინტერესო რჩევა  ჩამომეყალიბებინა  რამდენიმე სტატიაში.  ბიზნეს დიეტა არ მოგცემთ საშუალებას, რომ შედეგის მიღწევის შემდეგ ისევ მოიმატოთ წონაში.  დაგაინტერესათ? მაშინ დავიწყოთ.

დიეტა არ არსებობს!!! ალბათ ბევრი თქვენთაგანისთვის ცოტა მოულოდნელი ნათქვამია, თუმცა ეს ასეა. მე ვიყენებ ტერმინს ჯანმრთელი ცხოვრების წესი. ალბათ გაგიჩნდათ შეკითხვა - რა განსხვავებაა ამ ორს შორის? პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ თავიდანვე გავიგოთ რისი მიღწევა გვსურს. თუ გინდათ  დაიკლოთ წონაში 2 თვეში, გაილამაზოთ სხეული 3-4 თვეში და ამისათვის აპირებთ დიეტის დაწყებას, მაშინ პირდაპირ გეტყვით, რომ ტყუილად წვალობთ, შეუძლებელია შედეგის მიღწევა მოკლე დროში.  რომ შევაჯეროთ, დიეტა არის მოკლევადიანი სტრატეგია, ხოლო ჯანმრთელი ცხოვრება ეს არის გრძელვადიანი, სწორი სვლა. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ბიზნესში საქმე სხვანაირადაა, ჩემი აზრით კი პირიქით, კომპანია იქნება წარმატებული თუ მას სწორი, გრძელვადიანი სტრატეგია ექნება, იგივე სიტუაციაა ამ შემთხვევაშიც. ამიტომ ჩემი რჩევაა, რომ თავიდანვე დასახოთ გრძელვადიანი მიზანი.

თითქოს დიეტაზე და ჯანმრთელ ცხოვრებაზე საუბარი სტანდარტულად უნდა დაგვეწყო იმის გარჩევით თუ რა უნდა ვჭამოთ და რა არა, უნდა გვესაუბრა ამა თუ იმ საკვების კალორიულობაზე და ასე შემდეგ, მაგრამ ჩემი რჩევების შემთხვევაში ეს მხოლოდ ტაქტიკური ნაწილია, მთავარია სწორი მიზნები და სტრატეგია (ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც ბიზნესში).

ბიზნეს დიეტა (ნაწილი 2)

| გააზიარე
მოგწონთ?