რატომ ვერ ვიღებთ ცხოვრებისგან უფრო მეტს?


ცხოვრებაში არსებობს ერთი ძალიან ცუდი ფენომენი, ეს არის რაღაცებზე შეგუება. ბევრ ადამიანს ვაკვირდები და, სამწუხაროდ, საკმაოდ ბევრი მათგანია ამ მდგომარეობაში. ისინი ირჩევენ ცხოვრებას, სადაც კმაყოფილდებიან არსებულით და უბრალოდ არ აქვთ მეტის მოთხოვნილება. მაგალითისთვის, შეიძლება არ ჰყავთ კარგი მანქანა და რეალურად, არც ადარდებთ, ეყოლებათ თუ არა. ერთის მხრივ, ეს თითქოს ერთგვარი ბედნიერებაა, ნაკლებ დაძაბულობასთან და ემოციურ დატვირთვასთან არის დაკავშირებული და არ მოითხოვს არანაირ ძალისხმევას, თუმცა საბოლოო ჯამში ვიღებთ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა სავსეა უამბიციო ადამიანებით, მათ არ აქვთ არანაირი სურვილი და რწმენა იმისა, რომ რაღაც შეიძლება შეიცვალოს უკეთესობისკენ.

 

მსგავსი სიტუაცია ძირითადად უფროსი ასაკის ადამიანებშია, რომლებსაც ან ხელი აქვთ ჩაქნეული ყველაფერზე, ან ელოდებიან როდის მოვა ახალი მთავრობა და სხვა როდის გაუკეთებთ, სინამდვილეში, თავიანთ გასაკეთებელს.

 

მსგავსი მიდგომა ძალიან სამწუხაროა, რადგან პირდაპირ რომ ვთქვათ, ასეთი დამოკიდებულებით ცხოვრება კარგავს თავის შთამბეჭდავობას, აღარ არის ისეთი ლამაზი და მშვენიერი.

 

რა ხდება სხვა ქვეყნებში, რა ხდება იმ ადამიანების გონებაში, რომლებიც აღწევენ წარმატებას? განსხვავება ძალიან მარტივია, ისინი უბრალოდ არ ეგუებიან თავიანთ მდგომარეობას, ბედს თუ რაიმე სხვას. მათ იციან, რომ მდგომარეობა, რომელშიც ახლა არიან, დროებითია და სჯერათ, რომ აუცილებლად შეცვლიან მომავალს კიდევ უფრო უკეთესობისკენ. იმის მიუხედავად, თუ რამდენად ცუდ მდგომარეობაში არიან ისინი, ყოველთვის ეძებენ გამოსავალს, არ ელოდებიან არავის და თავად იწყებენ მოქმედებას.

 

რა უნდა იცოდეთ იმისათვის, რომ თქვენც მებრძოლი ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნებოდეთ?

 

არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ცხოვრება ძალიან რთულია, მთავარია, არ შეეგუოთ არსებულ მდგომარეობას. იბრძოლეთ იმის შესაცვლელად, რაც არ მოგწონთ, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გაიმარჯვებთ და მიიღებთ ყველა იმ სიკეთეს, რასაც ცხოვრება გთავაზობთ და რაც აუცილებლად უნდა გქონოდათ.

 


დავით კენჭაძე

| გააზიარე
მოგწონთ?