როგორ ვიმუშავოთ ახალ ბიზნეს იდეებზე


ამ სტატიის დაწერა შთამაგონა ახალგაზრდების ჯგუფმა, რომელიც ჩემს გვერდით მაგიდაზე ახალ ბიზნეს გეგმებზე საუბრობდა და რომელთა განხილვის წესმაც  ჩემი ყურადღება მიიქცია. აღსანიშნავია ის, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა ჩემს პრაქტიკაში, როცა ამ წესით განიხილავდნენ ახალ  იდეებს.  სწორედ ამიტომ, მსურს, მოგაწოდოთ რამდენიმე რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ, არ დაუშვათ მსგავსი შეცდომები ახალი ბიზნეს იდეების განხილვისას და ეს ყველაფერი გაცილებით ეფექტურად გააკეთოთ.

პირველ რიგში, ნუ განიხილავთ ახალ ბიზნეს იდეებს სუფრასთან. ბიზნეს იდეები მსგავს სიტუაციაში მხოლოდ იმ შემთხვევაში არის საჭირო, როდესაც ჩამოსაყალიბებელია კონკრეტული ურთიერთობები და დასამყარებელია კონტაქტები პარტნიორებს შორის. მართალია, ეს საქართველოა და ბიზნეს-მოლაპარაკებების უმეტესი ნაწილი სუფრასთან იმართება, თუმცა ბიზნესის დაწყების და განვითარების ძირითადი იდეების მსგავს ადგილას განხილვა არაეფექტურია, რადგანაც თან არ გაქვს არანაირი ტექნიკური საშუალება უფრო სიღრმისეულად საკითხის გასაანალიზებლად.

ბიზნეს იდეების განხილვისთვის საჭიროა შევქმნათ შესაბამისი გარემო, სადაც კონკრეტული ჯგუფი სიწყნარეში, თუნდაც მცირე ალკოჰოლური სასმელების გარემოცვაში, აუცილებლად კომპიუტერის თანხლებით მიმართავს ბრეინსტორმინგს. კომპიუტერის და ინტერნეტის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის წყარო უამრავი ინფორმაციის, მსგავსი იდეების, სხვაგან ასრებული სიტუაციის და იმის გასაგებად, თუ რა არის სწორი და რა არასწორი.

ახალგაზრდების ამ ჯგუფის დამოკიდებულება ჩემთვის ყოვლად მიუღებელი აღმოჩნდა. ისინი თვლიდნენ, რომ აზრი არ ჰქონდა მათი იდეის განხორციელებას, რადგან მსგავსი რამ სხვას არ გამოუვიდა. რა თქმა უნდა, შესაძლებელია სხვა დროს “არ გაამართლა” ამ ბიზნესმა, თუმცა  ეს შეიძლება გამოწვეული იყო უამრავი დეტალის, თუნდაც მენეჯერული შეცდომის ან გაყიდვების არასწორი საბონუსე სისტემის გამო (რაც ძალიან ხშირად მცირე შემოსავლების საფუძველია). ამიტომ საჭიროა სხვისი გამოცდილების სიღრმისეული ანალიზი, უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ არ დაბლოკოთ თავდაპირველი იდეები, არამედ გაითვალისწინოთ, რომ ყველა იდეას აქვს არსებობის საშუალება და იფიქროთ, თუ რისი გაკეთება შეიძლება ამ იდეის რეალობად გადასაქცევად. შეიძლება არსებობდეს იდეები, რომლებიც თავიდანვე განწირულია კანონდმებლობის ცვლილების ან სხვა პარამეტრების გამო, თუმცა სხვა შემთხვევაში ვარგა თუ არა ბიზნეს იდეა, მხოლოდ მას შემდეგ  გეცოდინებათ, როდესაც მას  ციფრებში გადაიტანთ. დიახ, რადგან რეალურად ბიზნესი ყოველთვის დაკავშირებულია ციფრებთან.

გახსოვდეთ, რომ მიუხედავად იმისა, რამდენი მცდელობა გქონდათ ბიზნესის დაწყების და რამდენჯერ არ გამოგივიდათ, მაინც უნდა დაიწყოთ თავიდან. წარუმატებლობა ჩვეულებრივი მოვლენაა, რის შემდეგაც შესაძლებელია დიდი გამოცდილება მიიღოთ და მსგავსი შეცდომები აღარ გაიმეოროთ შემდეგ ეტაპზე.

მთავარია შევთანხმდეთ იმაზე, რომ ბიზნეს იდეებზე მსჯელობის დროს შექმნათ შესაბამისი გარემო, გამოიყენოთ კომპიუტერი და შესაბამისი ინფორმაცია, არავითარ შემთხვევაში არ დაბლოკოთ იდეები. ბიზნესის დაწყებამდე აუცილებლად დაწერეთ ბიზნეს გეგმა, რის შემდეგაც თქვენ გაარკვევთ გიღირთ თუ არა შესაბამისი ბიზნესის დაწყება. ასევე გაითვალისწინეთ ისიც, რომ ბიზნეს გეგმა გრძელვადიან პერიოდზე უნდა გათვალოთ და ნუ დაელოდებით, რომ ახალი ბიზნესი აუცილებლად 6 თვეში დაიწყებს თქვენთვის გარანტირებული ფულადი ნაკადების მოტანას.

| გააზიარე
მოგწონთ?