შეცდომა, რომელიც არ უნდა დაუშვათ ახალი თანამშრომლების აყვანისას


თანამშრომლების სწორად შერჩევა კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაშიც ყველა დამეთანხმება და ყველამ ვიცით, რომ კომპანიის მოგების ზრდაზე პირდაპირ აისახება, თუ რამდენად ძლიერი და კარგი გუნდი ჰყავს მას.

კომპანიები უშვებენ ერთ ძირითად შეცდომას, რომელზეც დღეს მე მსურს ვისაუბრო. ეს იდეა მე მოვისმინე ჩემი მეგობრისგან, თეონა ბაღათურიასგან, რომელიც გამოდიოდა HR-გილდიის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე სიტყვით და ეს იდეა დამამახსოვრდა იმის გათვალისწინებით, რომ საკმაოდ აქტუალურია ეს საკითხი დღევანდელ საქართველოში.

როდესაც თქვენ გსურთ თანამშრომლის აყვანა, თქვენ ეს პროცესი უნდა ჩააბაროთ ძლიერ HR-ს. ხოლო თუ თქვენი კომპანია არ არის ისეთი დონის, უნდა ჩააბაროთ შესაბამის პროფესიონალს. ჩნდება შეკითხვა, რატომ არის ეს ყველაფერი ასეთი მნიშვნელოვანი? საქმე იმაშია, რომ ძალიან ბევრი კომპანია გასაუბრებაზე უშვებს დამწყებ, არაპროფესიონალ HR-ს, რაც დიდი შეცდომაა, რომლის გამეორებაც დაუშვებელია.

მე მსმენია ძალიან ბევრი ადამიანისგან, რომ არიან უკმაყოფილო კადრების შერჩევის პროცესით, რაც არც არის გასაკვირი, რადგან ეს რეალობაა. ბევრი ყოფილა გაოცებული, თუ რამდენად არასწორად ხდებოდა კადრების შერჩევა ამ თუ იმ კომპანიის კონკრეტულ პოზიციაზე. ამ შეცდომას უშვებენ დირექტორები და ის ადამიანები, რომლებიც გასაუბრებებს ასეთ არაკვალიფიციურ კადრებს ანდობენ. შესაბამისად, სჯობს დაიქირაონ რეკრუტინგ სააგენტო, რომელიც ამ ყველაფერში დაეხმარებათ, ვიდრე გამოუცდელი HR.

მნიშვნელოვანი საკითხია, თუ როგორ ხდება ამოცანის დასმა კადრის აყვანასთან დაკავშირებით. დირექტორები ეუბნებიან HR-ებს, რომ მაგალითად სჭირდებათ ოფის მენეჯერი, შემდეგ კი მათ უნდა დაადგინონ ის ფუნქცია-მოვალეობები, რაც ამ პოზიციის კადრმა უნდა შეასრულოს. რეალურად ეს არასწორია, რადგან თანამედროვე ბიზნესში ყველა რგოლმა უნდა მიიღოს შესაბამისი დავალება მოწინავე რგოლისგან, HR კი არ არის ის რგოლი, რომელიც უნდა ,,დაიჩაგროს“ და მთელი საქმე თავად გააკეთოს. მნიშვნელოვანია მისთვის სწორი ამოცანის დასმა, რომ მან სწორი ნაბიჯების გადადგმა და სწორი კადრების შერჩევა შეძლოს.

შესაბამისად, მაქსიმალურად ეცადეთ, რომ არ ჩართოთ ახალი კადრების აყვანის პროცესში სტუდენტები, არაკვალიფიციური HR-ები, ყურადღებით შეარჩიოთ ის ადამიანი, ვინც უნდა უზრუნველყოს თქვენი კომპანიის ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსის - თანამშრომლების შერჩევა. პირველ რიგში ეს იქნება შეცდომა, რომელსაც დიდი პერიოდის განმავლობაში ინანებთ, რადგან კადრებთან დაკავშირებული შეცდომები ყოველთვის იწვევს გარკვეულ დანახარჯებს და თუ დანახარჯებს არა, მიუღებელ შემოსავლებს მაინც.

 


დავით კენჭაძე

| გააზიარე
მოგწონთ?