2 წლის მანძილზე ნაპოვნი განსხვავება


დღეს მინდა მოგიყვეთ ერთი საინტერესო ისტორია, რომელიც გვიჩვენებს, რომ ერთ მცირე მომენტსაც კი ძალიან ბევრი რამის შეცვლა შეუძლია ადამიანის ცხოვრებაში.

ისტორია ეხება ჩემს მეგობარს.

ზუსტად 2 წლის წინ ამ ადამიანმა, ჩემი რეკომენდაციით დაიწყო მუშაობა ერთ-ერთ კომპანიაში. გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც მას შევხვდი, აღმოჩნდა, რომ ის ძალიან რთულ სიტუაციაში იყო. მას ძალიან მცირე ასაკში დიდი პასუხისმგებლობის აღება მოუწია საკუთარ თავზე. ნაქირავები ბინა, დედა და ძმა, რომელზეც მას უნდა ეზრუნა და ეს ყველაფერი სამსახურის ფონზე, სადაც არანაირი მოტივაცია და განვითარების შესაძლებლობა არ ჰქონდა, ხელმძღვანელები კი არც თუ ისე სამართლიანად ეპყრობოდნენ. მახსოვს ბოლო შეხვედრაზე მან ცრემლებიც კი ვერ შეიკავა, როცა მიყვებოდა ამდენი პრობლემის შესახებ და იმ ფონზე, რომ მამას საერთოდ არ აინტერესებდა მათი მდგომარეობა. თუმცა შევამჩნიე, რომ  ამ ადამიანს აქვს ძალიან მაგარი თვისება, მიუხედავად  გარკვეული ფსიქოლოგიური ჩავარდნებისა, ის მაინც იბრძვის და აღწევს საწადელს, ამიტომ იმედი მქონდა, რომ ის აუცილებლად შეძლებდა ამ პრობლემების მოგვარებას.

2 წლის შემდეგ, როცა მე მას შევხვდი და ვკითხე სიახლეების შესახებ, აღმოჩნდა, რომ სამსახურში არანაირი ცვლილება არც ხელფასის, არც პოზიციის თვალსაზრისით არ იყო. იგივე  სიტუაცია ჰქონდა ოჯახის მხრივაც, ისევ ქირით ცხოვრობდნენ და თავად უწევდა ოჯახის წევრებზე ზრუნვა. თუმცა მე დავინახე ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება. ეს იყო მისი ანთებული თვალები.

ძალიან დავინტერესდი ამ შემთხვევით. ფაქტი იყო, რომ ამ ადამიანის ცხოვრებაში არაფერი არ შეცვლილა. 2 წლის წინ და დღეს, ერთი და იგივე პრობლემები ჰქონდა, თუმცა დღეს წინა წლებთან შედარებით ის გაბრწყინებული და გახარებული იყო. როდესაც ვკითხე, თუ რა მოხდა ამ წლების განმავლობაში, მივიღე შემდეგი პასუხი - ეს იყო მიზანი. დიახ, ამ ადამიანს უკვე ჰქონდა მკაფიოდ განსაზღვრული მიზანი, ზუსტად იცოდა ის, თუ რა სურდა და როგორ უნდა გაეკეთებინა ის. იცოდა, რომ აპირებდა გარკვეული ბიზნესის დაწყებას, აღტაცებული იყო თავის იდეით, მასზე იყო ფოკუსირებული და ერთი სული ჰქონდა, ბოლომდე განეხორციელებინა ის.

მინდა გითხრათ, რომ ამ ადამიანმა მიაღწია თავის მიზანს, დღეს მას  უკვე აქვს საკუთარი ბიზნესი. ჩნდება შეკითხვა, რა მოხდა? მოხდა ის, რომ მან უბრალოდ ჩამოაყალიბა ცხოვრებისეული მიზანი. იცოდა, რა უნდოდა მთელი გულით, სულ ამაზე ფიქრობდა და შესაბამისი შედეგიც მიიღო. მე დარწმუნებული ვარ, რომ მას ძალიან წარმატებული ბიზნესი ექნება, რომელიც მალე გაფართოვდება და ყველა გაიგებს ამ ადამიანის შესახებ. გირჩევთ, რომ დაფიქრდეთ თქვენს ცხოვრებისეულ მიზნებზე, რადგან ცხოვრება ბევრად უფრო ლამაზი და კარგია მათთან ერთად, ვიდრე მათ გარეშე.

| გააზიარე
მოგწონთ?