ორი მნიშვნელოვანი მიზეზი, რომელიც აფერხებს ქართული ეკონომიკის განვითარებას


ქართველ ბიზნესმენებთან ურთიერთობამ დამაფიქრა ერთ მნიშვნელოვან საკითხზე, თუ რატომ არ არის საქართველოს ეკონომიკა მაღალ დონეზე და მსურს გაგიზიაროთ ჩემი აზრი, თუ რა არის ამის გამომწვევი მიზეზები.

ჩემი კარიერის მანძილზე მქონდა ბევრი მოლაპარაკება სხვადასხვა ადამიანთან და დავაკვირდი ორ მნიშვნელოვან საკითხს, რომელსაც მსურს გავუსვა ხაზი.

პირველი ეს არის დროის მართვის უქონლობა. ბიზნესში აცილებელია იმის აღქმა, რომ დროს ვერ იყენებ რაციონალურად, ვერ ასწრებ ბევრი რამის გაკეთებას და ყოველი დღის ბოლოს, არ აქვს მნიშვნელობა რა თანამდებობა გაქვს, უნდა გადაავლო თვალი განვლილ დღეს. მნიშვნელოვანია გააანალიზო, დაიხარჯე თუ არა ბოლომდე, რადგან ასე იქცევიან წარმატებული ადამიანები. ქვეყნის ეკონომიკისთვის კი გადამწყვეტია ასეთი წარმატებული ადამიანების მაღალი რიცხვი.

ამ საკითხზე ფიქრისას მივედი მეორე დასკვნამდე, რომ დროის მართვასთან ერთად, არ ვიცით დაკარგული შესაძლებლობების ანალიზი. ასევე შეიძლება გააანალიზო მიუღებელი შემოსავლები, რომლებიც შეგეძლო გქონოდა, მაგრამ ხელიდან გაუშვი ეს შანსი. ქართულ ბიზნესში სამწუხაროდ ძალიან ხშირად არის შემთხვევები, რომ გადაწყვეტილების მიღებისას მენეჯერებს სჭირდებათ დიდი დრო, არადა ზოგიერთი საკითხი საჭიროებს დროულად რეაგირებას და ის ფიქრში დაკარგული დრო აისახება გარკვეული თანხების მიუღებლობაზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგიერთი ბიზნესმენი დიდ დროს უთმობს გადაწყვეტილების მიღების პროცესს იმ მიზეზით, რომ სურს საუკეთესო ალტერნატივის არჩევა და უშეცდომო ნაბიჯის გადადგმა, თუმცა ეს მაინც არ არის გამართლებული თანამედროვე ბიზნესის ტემპების გამო.

ქართველი ხალხის შემთხვევაში არის როგორც დროის მენეჯმენტის, ასევე გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფის პრობლემა.

შესაბამისად ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ დაფიქრდით, რამდენად დებთ თქვენს მაქსიმუმს საქმეში, რამდენად კარგად გაქვთ დღე დაგეგმილი იმისათვის, რომ  დრო ეფექტურად მართოთ და მოასწროთ ყველა მნიშვნელოვანი ამოცანის შესრულება.

ასევე დაფიქრდით, როდესაც თქვენ წინაშე რაიმე მნიშვნელოვანი საკითხი დგას, როგორ მოქმედებთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, დიდხანს ყოყმანობთ, ბევრ ვარიანტს განიხილავთ და საკმაოდ დიდი დრო გჭირდებათ თუ პირიქით?

როდესაც ამ შეკითხვებზე გასცემთ პასუხს, დაფიქრდით თუ რისი გაკეთება მოგიწევთ იმისათვის, რომ შეცვალოთ თქვენი ჩვევები ამ ორ საკითხთან მიმართებაში, გაანალიზეთ, როგორ სჯობს თქვენი ბიზნესისთვის და შემდეგ დანერგეთ ახალი პრინციპები თქვენს ცხოვრებაში.

ერთი რამ კი ყველასთვის ნათელია, თანამედროვე ბიზნესში სისწრაფე ძალიან მნიშვნელოვანია და იმისათვის, რომ გვქონდეს მაღალი შედეგები ქვეყნის ეკონომიკის თვალსაზრისით, უნდა დავიწყოთ ინდივიდუალური ჩვევების გამოსწორებით და ახალი უნარების პრაქტიკაში დანერგვით.


დავით კენჭაძე

| გააზიარე
მოგწონთ?