როგორ ავარჩიოთ კომპანიის მართვის სტილი?


თეორიასა და პრაქტიკაში არსებობს კომპანიების მართვის სხვადასხვა სტილი, დღევანდელ სტატიაში მინდა უფრო დეტალურად ვისაუბროთ მათ შესახებ და ვნახოთ, რა ვარიანტები არსებობს და მენეჯმენტის რომელი სტილი უნდა გამოვიყენოთ სხვადასხვა სიტუაციაში.

ზოგადად განასხვავებენ მართვის სამ სტილს: დიქტატორულს, დემოკრატიულსა და ლიბერალურს. ხშირ შემთხვევაში ამბობენ, რომ ლიბერალური ყველაზე რბილი მართვის სტილია, სადაც ქვედა დონეზე მიიღება გადაწყვეტილებები. დემოკრატიულში გადაწყვეტილებები მიიღება საშუალო რგოლის მიერ, ხოლო დიქტატორულის დროს გადაწყვეტილებებს მხოლოდ ერთი პირი იღებს.

ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს, განვითარების რომელ საფეხურზე იმყოფება კომპანია. ის შეიძლება იყოს კრიზისულ სიტუაციაში, ვითარდებოდეს ან საერთოდ ერთ დონეზე იყოს გაჩერებული. ამ შემთხვევაში საუბარია როგორც სახელმწიფო სტრუქტურებზე, ისე ბიზნეს-ერთეულებზე. საჭიროა, შესაბამის ეტაპზე შესაფერისი მართვის სტილი გამოიყენოს კომპანიამ.

მაშინ, როცა კომპანია აქტიურად იზრდება, დიქტატორული გადაწყვეტილებების მიღება არ არის ეფექტური, ისევე როგორც კრიზისულ სიტუაციაში ლიბერალური მართვის სტილის არჩევა. არის სიტუაციები, როდესაც არც დემოკრატიული მმართველობაა ეფექტური, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც კომპანია არ ვითარდება. აქედან გამომდინარე, არსებობს გარკვეული წესები, რომლებიც გვიჩვენებს, რომელ საფეხურზე რა მართვის სტილი უნდა გამოვიყენოთ.

 

●კრიზისული სიტუაციის დროს რეკომენდირებულია დიქტატორული მართვის სტილის გამოყენება, რადგან ამ დროს გადაწყვეტილებების სწრაფი მიღებაა საჭირო, თუნდაც ზოგიერთი მათგანი მტკივნეულიც იყოს.

●დემოკრატიული მმართველობა გამოიყენება მაშინ, როდესაც კომპანია ვითარდება სწრაფად, ამ შემთხვევაში ეფექტურია საშუალო რგოლების ჩართვა, რომელიც კომპანიის მთავარი ბირთვია.

●როდესაც კომპანია ერთ ადგილასაა გაჩერებული და არ ვითარდება აქტიურად, არ არის საჭირო გადაწყვეტილებების მიღების პროცესს აუცილებლად შუა რგოლის მენეჯერები ხელმძღვანელობდნენ, ამ დროს რეკომენდირებულია სისტემის აწყობა ისე, რომ გადაწყვეტილებების მიღება დელეგირებული იყოს ქვედა რგოლზე.

 

ეს არის  მართვის ის მეთოდები, რომელთა პრაქტიკაში სწორად გამოყენების შემთხვევაში შეძლებთ უფრო ეფექტური შედეგების მიღებას.

 

 

| გააზიარე
მოგწონთ?