ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლებისას დაშვებული შეცდომები


სამწუხაროდ, მენეჯერებს თავიანთი კარიერის განმავლობაში არაერთხელ უწევთ ძალიან მძიმე სამსახურეობრივი გადაწყვეტილების მიღება - ადამიანების გაშვება სამსახურიდან. დღეს მე მინდა მოგიყვეთ იმ მთავარი შეცდომების შესახებ, რომლებსაც უშვებენ ქართველი მენეჯერები, მათ შორის ბევრი ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტიც.

ზოგადად, ადამიანის სამსახურიდან გაშვების პროცესი რთულია როგორც იმ ადამიანისთვის, რომელსაც ათავისუფლებენ, ასევე იმისთვის, ვინც ამ გადაწყვეტილებას იღებს. რა თქმა უნდა, გარდა იმ განსაკუთრებული შემთხვევებისა, როცა დასაქმებული ნამდვილად იმსახურებს ამას. დღეს მე მსურს ვისაუბრო ამ შემთხვევისგან განსხვავებულ სიტუაციაზე.

როგორ უშვებენ დღესდღეობით ადამიანებს სამსახურიდან? სამწუხაროდ, კარიერის განმავლობაში მე მინახავს ძალიან ბევრი ასეთი შემთხვევა, მსურს მოგიყვეთ მათ შესახებ და გირჩიოთ, რომ თქვენს პირად მენეჯერულ კარიერაში, არასდროს არ გაიმეოროთ იმავე ტიპის შეცდომები.

პირველი შეცდომა ეს არის ადამიანის გაშვება პარასკევ დღეს ან წინა საახალწლოდ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომელსაც ყველა კარგად უნდა დააკვირდეს. პარასკევ დღეს გათავისუფლებით, თქვენ ძალიან ცუდ სიტუაციაში აყენებთ თანამშრომელს, რადგან მას ახალი სამსახურის პოვნის სურვილი უჩნდება, მოქმედება სურს და ამის გაკეთება არ შეუძლია, რადგან წინ ორი დასვენების დღეა.

ასევე არასდროს გაუშვათ ადამიანი სამსახურიდან ახალ წელს, დაფიქრდით, თუ რამდენად მძიმედ იგრძნობს თავს ის საახალწლო პერიოდში.  პირველი ის, რომ ეს პერიოდი სრულიად პარალიზებულია და არავინ აცხადებს ვაკანსიებს. მეორე შემთხვევაში კი ის ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება, რადგან ახალი წლის შემდეგ, მომავალი 3-4 კვირის განმავლობაში, თითქმის არც ერთი კომპანიისთვის არ არის პრიორიტეტული ეს საკითხი.

არ გაუშვათ ადამიანი მეილის მეშვეობით, არც ისე, რომ არაფერი უთხრათ და სამსახურში მოსულს, ყველაფერი სრულიად შეცვლილი დახვდეს ყოველგვარი საქმის კურსში ჩაყენების გარეშე.

დაფიქრდით, თუ რას გამოიწვევს თქვენი საქციელი და როგორ იგრძნობს თავს ის ადამიანი. სამსახურიდან გაშვების პროცესი ისედაც ძალიან მტკივნეულია და თქვენ მსგავსი ქმედებებით კიდევ უფრო დაამძიმებთ ამ პროცესს.

იფიქრეთ როგორც გათავისუფლებულ ადამიანებზე, ასევე იმაზეც, თუ რას იტყვიან ისინი შემდეგ თქვენზე. მოიქეცით პროფესიონალურად და არავის ათქმევინოთ, რომ თქვენ არ ხართ შესაბამისი დონის მენეჯერი. იზუნეთ თქვენს იმიჯზე, რომელსაც თითოეული თქვენი ნაბიჯით ქმნით და ერთი ასეთი შეცდომა შეიძლება, ამ ყველაფრის დასასრული გახდეს.

იყავით მენეჯერი, რომელიც ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი ახერხებს შეინარჩუნოს კარგი იმიჯი, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია მთელი კარიერის მანძილზე.

| გააზიარე
მოგწონთ?