თუ 30 წელს გადაცდით და პროფესიის შეცვლა გინდათ


დღეს მსურს განვიხილო ერთი შემთხვევა, რომელიც, სამწუხაროდ, ბევრი ადამიანის პრობლემაა და ბევრს აწუხებს ეს საკითხი. საქმე იმაშია, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებმაც აირჩიეს ერთი პროფესია, იმუშავეს ამ პროფესიით, გადასცდნენ უკვე 30 წელს, მაგრამ არაფერი არ შეცვლილა მათ ცხოვრებაში. მართალია, მათ შეიძლება აწუხებდეთ ეს ფაქტი, აღარ მოსწონდეთ თავიანთი სამსახური და უნდოდეთ ახალი გამოწვევები, თუმცა ამ დროს ერთი რამ ძალიან მნიშვნელოვანია. რადიკალური ცვლილებების განხორციელება პროფესიის კუთხით მოკლე დროში არ არის მარტივი. პირობითად, თუ ადამიანი ექიმია და სურს აღმოჩნდეს რომელიმე კომპანიის გაყიდვების დეპარტამენტში, საკმაოდ რთული გზის გავლა მოუწევს. მას სჭირდება გარკვეული გამოცდილება. მთავარი ისაა, რომ ეს არ არის შეუძლებელი, უბრალოდ სწორი მიდგომებია საჭირო.

 

თუ გვსურს, რომ შევიცვალოთ პროფესია, პირველ რიგში, უნდა მოვემზადოთ ამისთვის ფსიქოლოგიურად და გავითავისოთ, რომ ამას დრო დასჭირდება. შემდეგ უნდა დავიწყოთ მოქმედება, შევიძინოთ გარკვეული ცოდნა და  გამოვიმუშაოთ ახალი პროფესიისთვის საჭირო სპეციფიური უნარ-ჩვევები.

 

მსურს განსაკუთრებით გავუსვა ხაზი პიროვნული თვისებების მნიშვნელობას ნებისმიერ სფეროში წარმატების მისაღწევად. აქედან გამომდინარე, უნდა გააანალიზოთ საკუთარი თვისებები, გააკეთოთ სწორი დასკვნები და დაიწყოთ მათი გაუმჯობესება. ამისთვის შეგიძლიათ დაიხმაროთ სხვადასხვა წიგნი, დააკვირდეთ წარმატებულ ადამიანებს, აიღოთ მათგან ის განსაკუთრებული თვისებები, რომლებიც თვლით, რომ მათი წარმატების ერთ-ერთი განმაპირობებელ ფაქტორი გახდა. ასევე შეგიძლია მიიღოთ რჩევები მეგობრებისგან, კოლეგებისგან ან თუნდაც უფროსისგან. თავდაპირველად, შესაძლოა, არ მოგეწონოთ თქვენდამი წამოსული კრიტიკა, თუმცა დამიჯერეთ, ეს უკეთესია, რადგან სწორედ ასეთი ალალი რჩევებით შეძლებთ არსებული ნაკლის გამოსწორებას.

 

შესაბამისად, თუ თვლით, რომ დროა შეცვალოთ პროფესია და დაიწყოთ ახალი ცხოვრება, განსხვავებული, უკეთესი უნარებითა და თვისებებით, ნუ დააყოვნებთ. გახსოვდეთ, არ იქნება მარტივი, თუმცა აუცილებლად ეღირება ამად და როცა უკან გაიხედავთ, სიამაყით იტყვით, რომ სწორი ნაბიჯი გადადგით. გამოდით კომფორტის ზონიდან და დაიწყეთ ახალი გამოწვევების მიღება. არასდროს არის გვიან!

 


დავით კენჭაძე

| გააზიარე
მოგწონთ?